Interview: Maia Kalandadze
- 22 hours ago
- 7 min read
✍️ ინტერვიუ / მაია კალანდაძე
❓ როგორ ხარ? როგორ განწყობაზე ხარ?
კითხვარი ისე იწყება რომ მომენტალურად კარგ განწყობაზე დამაყენა. ვერ ვიტყვი რომ კარგად ვარ, ან ცუდად ვარ. უფრო სწორი აღწერა იქნება, რომ ხან კარგად ვარ, ხან ცუდად. ზოგჯერ სევდიან და მელანქოლიურ განწყობაზე, ზოგჯერ სიხარულით სავსე. ცხოვრებაც ხომ ასეთია, აღმასვლებით და დაღმასვლებით, თავისი მრავალფეროვანი გამოვლინებებით... საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას რომ კარგად ვარ. მე ვფიქრობ რომ სანამ ადამიანებს სიცოცხლე გვწყურია, ჯანმრთელობა მოგვყვება და სიცოცხლის სიხარულის შეგრძნება შეგვიძლია, ე.ი. კარგად ვართ. განწყობაც კარგი მაქვს, დიდი ინტერესით და ცნობისმოყვარეობით ველოდებოდი ამ ინტერვიუს <3
❓ მითხარი შენი ცხოვრების ბოლო პერიოდში რა მნიშვნელოვანი გაცნობიერება გქონდა?
ცოტა ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, დამაფიქრა... საქმე იმაშია, რომ გაცნობიერებები სულ მაქვს, და ყველა ჯერზე, ყველა ახალი გაცნობიერება ფრიად მნიშვნელოვანი მგონია. ბოლო პერიოდში მთავარი გაცნობიერება ალბათ ის არის, რომ სიცოცხლე ყოველთვის, ცხოვრების ყველა ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული რამ არის, რომელიც ძალიან ლიმიტირებული დროით გვაქვს მოცემული და უნდა გავუფრთხილდეთ, არ გავფლანგოთ და ჭკვიანურად გამოვიყენოთ. კიდევ ალბათ ის რომ
☀️ წარსულზე ფიქრსა და მომავლის დევნაში, აწმყო გვავიწყდება ადამიანებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აწმყოში ვიცხოვროთ, მომენტის მშვენიერებით დავტკბეთ და ცხოვრება სამომავლოდ არ გადავდოთ, რადგან სინამდვილეში ადამიანებს მხოლოდ აწმყო გაგვაჩნია და ჩვენი ცხოვრებაც აწმყოში იქმნება...
❓ რისთვის ცხოვრობ, რა არის შენი მიზანი, მისწრაფება?
ჰმმ რისთვის ვცხოვრობ?... პირველ რიგში ვცხოვრობ ცხოვრებისთვის... გამოცდილებისთვის, სიცოცხლის შეგრძნებისთვის და შემეცნებისთვის... ჩემი მისწრაფება პირველ რიგში საკუთარი თავის შეცნობაა... საკუთარი თავის და სხვა ადამიანების შეცნობა.
საკუთარ თავს ვერ შეიცნობ სხვებთან ურთიერთქმედების გარეშე.
რაც შეეხება მიზანს, ჩემი მიზანია რომ ვიყო კარგი დედა... „კარგი დედა“ - ამ სიტყვების ყველაზე ჯანსაღი და ნამდვილი გაგებით. საერთოდ, ჯანსაღი ურთიერთობები არის ჩემი მთავარი მიზანიც და მისწრაფებაც, ყველაზე დიდი გამოწვევებიც სწორედ აქ მაქვს.
❓ როგორი შინაგანი მდგომარეობით გინდა რომ ცხოვრებდე, მიაღწიო?
ჩემი შინაგანი მდგომარეობა მინდა იყოს დამშვიდებული, ნდობით სავსე და შიშისგან თავისუფალი... შინაგანად მინდა მქონდეს უსაფრთხოების მყარი განცდა და გულში სიხარულის შეგრძნება, და ეს მდგომარება იყოს მუდმივი, ჩემგან განუყოფელი. სიყვარულის მდგომარეობაში ცხოვრება მინდა, ისე რომ გარე ფაქტორები ვერ ახდენდნენ ჩემზე გავლენას და არ მირღვევდეს შინაგან სიმშვიდეს. რაც ალბათ საკუთარი ჩრდილების სრულად გაცნობიერებით მიიღწევა.
❓ როგორ/რითი აფასებ ადამიანებს?
ადამიანებს ვაფასებ სიყვარულის უნარით, ინტელექტით, მიმღებლობის ხარისხით, თანასწორობის განცდით. ასევე ვაფასებ იმით თუ რამდენად სცემს პატივს სხვის ავტონომიურობას, სხვის საზღვრებს. ვაფასებ ემპათიურობის უნარის მიხედვით, სიღრმით. ასევე ინტერესებით, ჰობით, რა მოსწონს, რა უხარია... და ყველაზე მნიშვნელოვანი - რამდენად არის საკუთარი თავი... რამდენად ნაღდია... გულწრფელობით. ჰმმმ, მიყვარს ადამიანები, ვაფასებ ისეთ ადამიანებს ვისაც ლხინში თუ გასაჭირში გვერდით დგომა გულწრფელად შეუძლიათ და სანახაობას არ ეძებენ.
❓ უფრო ხშირად რას ხედავ ხოლმე ადამიანებში?
ადამიანებში ყველაფერს ვხედავ... უფრო ხშირად ვხედავ სიყვარულის უნარს, ინტელექტს და მიმღებლობის ხარისხს, ეს სამი განუყოფელი მგონია. ბევრჯერ დავრჩენილვარ გაოცებული რამხელა ინტელექტი, სიყვარულის უნარი, ან მიმღებლობა შეიძლება ჰქონდეს ერთი შეხედვით სრულიად უბრალო, არაფრით გამორჩეულ ადამიანს... ყველა ადამიანში არის დაფლული განძი, რაღაც ძალიან ღირებული რასაც შეიძლება მოეჭიდო.
ზოგ ადამიანში საკუთარი უცხოვრებელი ცხოვრების სევდას ვხედავ ხოლმე, რაც ძალიან მტკივნეულია...
❓ შენში რა გინდა რომ დაინახონ? თუ გაქვს რაღაც ისეთი, რასაც წესით უნდა ამჩნევდნენ და ვერ ამჩნევენ?
ჩემში მინდა დაინახონ ის, რაც შიგნით ხდება ხოლმე. ჩემში მინდა დაინახონ ცხოვრების ჩემეული აღქმა. ჩემი ლინზებით მინდა შეხედონ სამყაროს რომ ჩემნაირად დანახვაც შეძლონ. რთული კითხვაა ისევ. არ ვიცი რა მინდა ჩემში რომ დაინახონ. ალბათ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად მხედავს და ესეც თავისებურად საინტერესოა. არც ისეთი რამ მგონია მქონდეს, რასაც წესით უნდა ამჩნევდნენ და ვერ ამჩნევენ. შეიძლება მხოლოდ დასაწყისში, რადგან უფრო წყნარი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ და ურთიერთობებში ნელ-ნელა ვიხსნები.
❓ შენს შინაგან სამყაროს რას შეადარებდი? შეგიძლია აღწერო?
ავატარში არის ერთი სცენა, გოგო ავატარს ბიჭი ავატარი (დედამიწელი) მიჰყავს სიცოცხლის ხესთან, რომ თავისი სამყარო გააცნოს, აჩვენოს წყარო და ამ პლანეტის საიდუმლოს აზიაროს. ამ გზაზე უსაზღვრო, არაამქვეყნიური სილამაზე და უამრავი უცნაური ქმნილებაა, აუხსნელი და ამოუცნობი. ჰოდა აი ამ სცენას შევადარებდი ჩემს შინაგან სამყაროს. რომელიც ძალიან დიდია, ლამაზია და თან დაფარული და ბოლომდე შეუცნობელი. თუმცა ვფიქრობ რომ ყველა ადამიანის შინაგანი სამყარო განსხვავებულად და განსაკუთრებულად ლამაზია, ამოუწურავი და დაფარული... ეს სრულიად ბუნებრივი რამ მგონია, დიდებული მაგრამ ბუნებრივი...
❓ როგორ ფიქრობ, რითი ხარ გამორჩეული, რა არის შენში განსხვავებული და უნიკალური?
ჩვენ ადამიანები, საერთოდ ყველანი, უნიკალურები და განსხვავებულები ვართ ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ამიტომ ისეთი რამის დასახელება გამიჭირდება, რაც სხვებისგან გამომარჩევს, მაგრამ ალბათ ჩემში უფრო მეტად არის პატერნების აღმოჩენის უნარი. იმის გამო რომ ნებისმიერი ქცევის მიღმა შემიძლია დავინახო მიზეზი, ან მთავარი პატერნ(ები), რამ შვა ესა თუ ის ქცევა, შემიძლია ადამიანებს გავუგო განსჯის გარეშე. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს რომ არასოდეს განვსჯი, ან არ განვიკითხავ. არა რა თქმა უნდა, მაგრამ შემიძლია რომ ეს განსჯა მოვაშორო და მის მიღმა დავინახო ადამიანი თავისი ტკივილებით და სიხარულებით, თავისი პატერნებით, და გავიგო, გავუგო, ანუ ახსნადი გახდეს ჩემთვის ეს ქცევა.
❓ შენ თვითნ რა გიყვარს შენს თავში?
ცნობისმოყვარეობა. ცნობისმოყვარეობა და შემეცნების უნარი. ასევე შეგრძნების და გრძნობების განცდის უნარი. გარედან არ ვიცი როგორი ვჩანვარ, მაგრამ მე ძალიან ძლიერად ვგრძნობ შინაგანად, ჩემი განცდები, შეგრძნებები და ემოციები სხეულის ყველა უჯრედით ძალიან ძლიერად განიცდება. ეს წყალობაც არის და ტანჯვაც ერთდროულად.
❓ რა გიყვარს შენს ცხოვრებაში?
ჩემი ცხოვრება ძალიან მიყვარს ზოგადად... თავისი რთული და ლაღი დღეებით... ჩემი ცხოვრებაა და ლოგიკურია რომ მიყვარს. თავისუფლება მიყვარს ჩემს ცხოვრებაში, ახალი აღმოჩენები, რაც მუდმივად არის. ნუ ბავშვობაში უფრო მეტად, მაგრამ მაინც სულ არის. შეცნობის უნარი მიყვარს, შემეცნება. ერთი ჩვეულებრივი ზაფხულის დღე მიყვარს მდინარის პირას და ჩემი შვილის თვალებში აციმციმებული სიხარულის ნაპერწკლები მიყვარს. ან თუნდაც ზამთრის თოვლიანი დღე და თოვლის ბაბუს აშენება. მიყვარს ჩემი შვილის შემეცნების პროცესზე დაკვირვება, მისი აღფრთოვანება და სიხალისე. ჩემი ადამიანები მიყვარს ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ადამიანები, რომლებიც შეიძლება კვირების და თვეების განმავლობაში არ ვნახო, მაგრამ სულ მეგულებიან და არასოდეს უფერულდებიან.
❓ რა ცხოვრებისეული სიბრძნე შეიძინე? შენი გამოცდილებიდან
- ძალა და საყრდენი გარეთ არ არის, შიგნით არის.
- საკუთარი საზღვრები მკაცრად უნდა დაიცვა.
- კეთილგანწყობის გამო საზღვრების დარღვევის უფლებას როცა აძლევ სხვა ადამიანებს, ეს საკუთარი თავის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.
- სხვები იმდენად გცემენ პატივს, რამდენადაც შენ სცემ პატივს საკუთარ თავს.
- უმნიშვნელოვანესია აწმყოში ცხოვრება ვისწავლოთ.
- რამდენჯერაც არ უნდა დაეცე, ყოველთვის უნდა წამოდგე და ისევ გააგრძელო... უნდა შეძლო წამოდგომა სიყვარულით, შურისძიების გარეშე. ზოგჯერ სისუსტე მოდის და გვგონია რომ შურისძიება ტკბილი შეგრძნებაა, მაგრამ სინამდვილეში არა, საბოლოო ჯამში მერე გვანგრევს ეგ და რასაც ვებრძოდით და რაზეც შური ვიძიეთ გამოდის რომ ჩვენც იგივე ვხდებით და იგივეს ვემსგავსებით. ამიტომ უნდა წამოდგე და ცხოვრება გააგრძელო, სიყვარულით...
❓ ცხოვრებაში რაზე გიჩუყდება ხოლმე გული ყველაზე მეტად?
გული ყველაფერზე მიჩუყდება. მამაზე... ყველაფერ იმაზე რაც მასთან არის დაკავშირებული და რაც მის თავს მახსენებს. ადამიანების მიერ სიკეთის გამოვლინებაზე... მოკლედ გულის აჩუყება ჩემთვის უცხო არ არის.
❓ რა არის ის, რაც ძალიან გენატრება?
მამა მენატრება ძალიან. კიდევ ჩემი სახლი მენატრება. „სახლში ყოფნის“ შეგრძნება მენატრება და უსაფრთხოების მყარად განცდის შეგრძნება მენატრება. ჩემი ბავშვობაც მენატრება, ჩემი ლაღი მაიკო მენატრება, ხეებზე რომ დაცოცავდა. კიდევ ნედლი თხილი და ნიგოზი მენატრება, მათი ქვით დამტვრევის პროცესი (ამას გავიხსენებ ამ ზაფხულს)
❓ ოცნება გაქვს? სად ხედავ საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყოველთვის მიჭირდა. ჩემი ოცნებაა კიდევ მყავდეს შვილები, მქონდეს ლამაზი, დიდ ვიტრაჟებიანი და სიყვარულით სავსე სახლი, ულამაზესი ყვავილების ბაღით და ხეებით. ვაკეთებდე იმ საქმეს რაც მსიამოვნებს და ვმოგზაურობდე. 10 წლის შემდეგ სად ვხედავ ჩემს თავს? ალბათ ეს ყველაფერი მაქვს და კიდევ ძალიან წარმატებული ვარ (ნუ ეს საზოგადო გაგებით, თორემ „წარმატებული“ მაშინ ხარ, როცა გულში სიყვარული, სიხარული, მიმღებლობა და უსაფრთხოების განცდა გაქვს).
❓ ახლანდელ შენს თავს რას ეტყოდი?
მაიკო! გჯეროდეს საკუთარი თავის. იცხოვრე აწმყოში და აკეთე... როგორც ერთი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იტყოდა - „სამყარო ტაშს უკრავს ქმედებებს“.
❓ რას ეტყოდი შენ ტოლ (ასაკით) ადამიანებს?
☀️ ჩემს ტოლ ადამიანებს ვეტყოდი, რომ ნუ იქცევიან მანქანებად.
ცხოვრება გაცილებით დიდი და მშვენიერია - შეიგრძენით, გამოსცადეთ, განიცადეთ...
შეგონებასავით გამომივიდა ხომ? საბოლოო ჯამში, ყველამ თვითონ უკეთესად იცის რა სჭირდება და რა აბედნიერებს, მთავარია გავბედოთ ნამდვილობა და საკუთარ გულისხმას ვუსმინოთ.
ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ არის, მაგრამ საკმარისად მშვენიერია საიმისოდ, რომ საკუთარ თავად ყოფნა გავბედოთ და გამოვცადოთ...
კიდევ ვეტყოდი რომ არ დაავიწყდეთ საკუთარ თავში შინაგანი ბავშვის არსებობა, რომელსაც ისევ ისე უხარია და ისევ ისე სჭირდება მზრუნველობა როგორც 5 წლის ასაკში სჭირდებოდა, მოეფერეთ თქვენს შინაგან ბავშვს, აგრძნობინეთ რომ ჰყავხართ...
☀️ არ დაივიწყოთ საკუთარი ოცნებები...
❓ მე რას მეტყოდი?
შენ გეტყოდი რომ ძალიან მიხარია რომ გაგიცანი, და მადლობა... და შენც გეტყოდი რომ არ დაივიწყო შენში შენი შინაგანი ბავშვი, დაანახე მას რომ ამ პატარა სიფრიფანა გოგოს, სამყაროს უდიდესი სიბრძნის დატევა შეუძლია... გეტყოდი რომ შენში იმ სიღრმეს ვხედავ, რასაც წლების განმავლობაში ხშირად ვეძებდი ხოლმე ადამიანებში და იშვიათად ვპოულობდი.
❓ რას ფიქრობ ცხოვრებაზე? როგორ შეაფასებდი?
ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალია, ძალიან საინტერესოა და მრავალფეროვანი. ყველანაირია, მშვენიერი, ლამაზი, კეთილი, ფერადი... და ამავდროულად სასტიკი, დაუნდობელი, ფლიდი, უნდო... ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთ მხარეზე მოვექცეთ, სადაც თავს ბედნიერად, ან როგორც მინიმუმ მეტ-ნაკლებად კარგად ვიგრძნობთ. და თუ მაინც დავეცემით, წამოვდგეთ და იქამდე ვიაროთ სანამ ისევ სასურველ ადგილს არ მივაღწევთ, თუმცა არც მას შემდეგ არ უნდა გავჩერდეთ, რადგან ცხოვრება მუდმივ მოძრაობაშია და ჩვენც უნდა ვიმოძრაოთ. „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“. როგორ შევაფასებდი და საბოლოოდ ჩვენ
ყველანი იღბლიანები ვართ, რომ ეს სიცოცხლე მოგვეცა და ცხოვრების განცდის ბედნიერება გვხვდა წილად. ვფიქრობ ღირს რომ ჩვენი ცხოვრება ვიცხოვროთ.
❓ რა მიგაჩნია ცხოვრებაში გამარჯვებად? ასევე წარმატებად?
ცხოვრებაში გამარჯვებად მიმაჩნია, რომ სიყვარულის უნარი და მშვენიერების აღქმის უნარი შეინარჩუნო. წარმატებად მიმაჩნია, რომ შენი სულიერი და მატერიალური სამყარო ერთმანეთს ემთხვეოდეს. და წარმატებად მიმაჩნია რომ, შენი ყოველდღიური ცხოვრება, მატერიალურ სამყაროში ცხოვრება, სიხარულს განიჭებდეს და შენთვის სიხარულის და სიამოვნების მომგვრელი იყოს. სხვადასხვა ადამიანისთვის, სხვადასხვა სიხარულის და ბედნიერების წყარო არსებობს, ასე რომ სხვადასხვა ადამიანისთვის წარმატება სხვადასხვა რამ იქნება.
❓ რამე უკმაყოფილება გაქვს შენი თავის მიმართ? რომ გამიზიარო
ჩემი თავისთვის რამე უკმაყოფილება თუ მაქვს? კი, მინდა რომ უფრო მეტად ვიყო მოქმედებაში გადამტანი ადამიანი. კეთების ტიპი მინდა ვიყო უფრო მეტად. ანუ ეს გრძნობების და ფიქრების ტიპობა ძალიანაც მომწონს და ძალიანაც კარგია, ეს არსად არ მინდა რომ წავიდეს, ამას კი არ გადავცვლი, დავამატებდი ასევე უფრო დიდი დოზით კეთებას.
❓ როგორ ფიქრობ, რაშია ნუგეში, რაშია ხსნა?
სიყვარულში. ნუგეში და ხსნა არის მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულში. როცა სიყვარულია და როცა სიყვარულის განცდაა, ანუ სიყვარულის მდგომარეობაში ცხოვრობ, მერე ყველაფერი ძალიან მარტივდება, სხვა ადამიანების მიმღებლობაც თავისთავად მოდის და გარე მოვლენები შენზე ძალაუფლებას ვეღარ მოიპოვებენ. სიყვარულის მგომარეობაში ცხოვრებაში არის ხსნა, სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნა არის ხსნა. დილით რომ იღვიძებ და რომ გიყვარს... საკუთარი თავი, ის გარემო, რომელშიც იღვიძებ, დილის მზის სხივი რომ გიყვარს და ეს სიყვარულის განცდა მთელი დღე რომ მიგყვება, ცხოვრება მარტივდება და მშვენიერდება.
❓ გამიზიარე შენი საყვარელი სიტყვები, ფრაზა, რაც შთაგაგონებს ხოლმე
სხვადასხვა ფრაზები მოდის ხოლმე თავში მაგრამ... ახლა ამ წუთას არაფერი არ მახსენდება...
☀️ გიყვარდეთ ადამიანებო ერთმანეთი... კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა...
და რაც შთამაგონებს?... რადიარდ კიპლინგის ლექსი არის - „თუ“ - მურმან ლებანიძის თარგმანით. და ეს ლექსი შთამაგონებს ხოლმე.
Maia Kalandadze

.png)



Comments