top of page

Interview: Ani Antadze

  • 13 minutes ago
  • 9 min read

✍️ ინტერვიუ / ანი ანთაძე 


❓შეგიძლია გამეცნო, უცხო ადამიანთან როგორ ახდენ თვითპრეზენტაციას, როგორ წარმოადგენ ხოლმე საკუთარ თავს? ან ახლა როგორ ისურვებდი რომ გაგვეცნო


სალამი, მე ვარ ანი ანთაძე, სოციალურ სივრცეში მიცნობენ როგორც ლუნა. ვარ სისტემური განლაგების & მანიფესტაციის პროცესების ფასილიტატორი, ასევე ოშოს მედიტაციების ფასილიტატორი.


რა ასაკიდან დაიწყო შენი ტრანსფორმაცია? როგორ მიხვედი აქამდე


ჩემი შეგრძნებით, ჩემი ტრანსფორმაცია დაბადების დღიდან დაიწყო. 😊

თუ დავფიქრდები, მთელი ცხოვრება ამ გზაზე ვარ. უბრალოდ, ჩემთვის ტრანსფორმაცია მხოლოდ რთული პერიოდების გადალახვას არ ნიშნავს. ხშირად გვგონია, რომ ადამიანი მხოლოდ ტკივილის შემდეგ იცვლება, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ყველაზე მნიშვნელოვანი გარდაქმნები ზოგჯერ სიხარულის, სიყვარულის, ცნობისმოყვარეობისა და ბედნიერების ფონზეც ხდება.

ცხოვრებაში არაერთი ეტაპი მქონია, როცა თითქოს ძველი ვერსია ბუნებრივად დავტოვე უკან და ახალთან დავკავშირდი. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ტრანსფორმაცია კონკრეტულ ასაკში დაიწყო. ის ჩემთვის უწყვეტი პროცესია, რომელიც დღემდე გრძელდება.


რამ გიბიძგა ეგზისტენციალური ძიებისკენ, იყო ეს შენი პიროვნული ხასიათის ნაწილი თუ ცხოვრებისეულმა სირთულეებმა მოიტანა


თუ თვითშემეცნების გზას გულისხმობ, მგონია, რომ ის ბავშვობიდან მომყვება. ყოველთვის მიზიდავდა ყველაფერი, რაც ერთი შეხედვით თვალით არ ჩანს  ასტროლოგია, მინერალები, სიმბოლოები,  შინაგანი სამყარო. მაინტერესებდა,  რაც გარედან ხშირად აუხსნელია.

თუმცა, თუ იმ მომენტზე ვსაუბრობთ, როცა ეს ძიება უკვე ცხოვრების აუცილებლობად იქცა, მაშინ ეს დაახლოებით 25 წლის ასაკში დაიწყო. ეს იყო პერიოდი, როცა საკუთარ თავს თითქოს დავშორდი. ამ მდგომარეობამ ფიზიკურ დონეზეც იჩინა თავი, დამეწყო შიშები, სხვადასხვა ფსიქოსომატური სიმპტომები და ისეთი განცდა მქონდა, თითქოს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი დავკარგე. ფაქტობრივად, გადარჩენის რეჟიმში აღმოვჩნდი.

მახსოვს, მაშინ საკუთარ თავს  პირობა მივეცი,რომ ამ მდგომარეობიდან აუცილებლად გამოვიყვანდი. მას შემდეგ საკუთარ თავზე მუშაობა არც ერთი წუთით არ შემიწყვეტია. ვსწავლობდი, ვიკვლევდი, ვცდილობდი გამეგო, რა ხდებოდა ჩემს შიგნით და რატომ.

დღეს, ამ ყველაფერს რომ ვუყურებ, იმ პერიოდს უფრო გამოღვიძებას დავარქმევდი, ვიდრე კრიზისს. სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები. და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, იმ ეტაპის ძალიან მადლიერი ვარ. ალბათ, ის რომ არ ყოფილიყო, დღეს არც ამ ინტერვიუს რესპონდენტი ვიქნებოდი და დიდი ალბათობით, ბევრად უფრო მოსაწყენი ცხოვრებით ვიცხოვრებდი. 😊

 

 

თავად როდის გაიარე ყველაზე რთული პერიოდები? რაში მდგომარეობდა სირთულე?


35 წლის განმავლობაში არაერთი ემოციურად ინტენსიური და რთული პერიოდი გამივლია. ამიტომ მიჭირს რომელიმე ერთის გამოყოფა, თითქოს თითოეულს თავისი მნიშვნელობა და მისია ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში.

წლების განმავლობაში მივხვდი, რომ სირთულეები შემთხვევით არ მოდის. იმ მომენტში, რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფერი ძალიან მძიმე და უსამართლოც კი ჩანდეს, თუმცა დროის გასვლის შემდეგ, თითქმის ყოველთვის ვხედავ, რა მასწავლა ამ გამოცდილებამ და როგორ შემცვალა.

რაც ყველაზე მეტად მეხმარება, არის ის, რომ ჩემში ყოველთვის არსებობს იმედისა და რწმენის პატარა ნაპერწკალი.ვუმადლოდე იუპიტერის დალოცვას ჩემს რუკაშიJ) ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი არასდროს მეკარგება იმის განცდა, რომ ეს მდგომარეობაც დასრულდება. სწორედ ეს მაძლევს ძალას, არ გავჩერდე და ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარო ის, რაც გასავლელია.

დღეს გამოწვევებს უკვე სხვანაირად ვუყურებ. ვიცი, რომ ყველა რთულ ეტაპს აქვს დასასრული და, ძალიან ხშირად, სწორედ ის ხდება ახალი ცხოვრების, ახალი საკუთარი თავის ან ახალი შესაძლებლობის დასაწყისი.

 

როგორ გადალახე, როგორ უმკლავდები ხოლმე დღემდე?


დღემდე ასე ვუმკლავდები, ვცდილობ, არცერთი სიტუაცია მხოლოდ ერთი კუთხიდან არ დავინახო. როცა მოვლენას სხვადასხვა პერსპექტივიდან უყურებ, ხშირად ისეთ შესაძლებლობებს ამჩნევ, რომლებიც თავიდან საერთოდ არ უხილავი იყო. ეს მეხმარება, ვიპოვო გამოსავალი ან შევცვალო ის, რისი შეცვლაც რეალურად ჩემს ძალებშია.

მაგრამ წლების განმავლობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე, ყველაფრის შეცვლა ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის. თუ ვხვდები, რომ ჩემს ენერგიას უშედეგო ბრძოლაში ვხარჯავ, რომ რაღაც ჩემს კონტროლს მიღმაა და მისი გამოსწორება შეუძლებელია, ვცდილობ რეალობა ისეთი მივიღო, როგორიც არის.

ჩემთვის მიღება დანებებას არ ნიშნავს. პირიქით, ეს ნიშნავს, რომ ვწყვეტ წინააღმდეგობას იმასთან, რასაც ვერ ვცვლი, და ჩემს დროსა და ენერგიას იქ მივმართავ, სადაც რეალურად შემიძლია გავლენის მოხდენა. მგონია, სწორედ ამაშია შინაგანი სიმშვიდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გასაღები.

 

როგორც ვიცი აქტიურად ხარ მანიფესტაციების მიმართულებით, ეხმარები და ასწავლი სხვა ადამიანებსაც, თავად შენს ცხოვრებაში როდის აღმოაჩინე მანიფესტაციის ძალა როგორ დაეუფლე


ეს გზაც თავისით მოვიდა. ბავშვობიდან მიყვარდა სურვილების ჩაფიქრება, ფურცელზე მათი ჩამოწერა, სხვადასხვა პატარა რიტუალის გამოგონება. მაშინ ამას უბრალოდ თამაშად აღვიქვამდი. არც ვიცოდი, რომ ერთ დღეს ამას მანიფესტაციას დავარქმევდი.

მოგვიანებით, როცა საკუთარ თავზე მუშაობა აქტიურად დავიწყე, ამ თემის მიმართ უკვე კვლევითი ინტერესი გამიჩნდა. მინდოდა გამეგო, რეალურად რა მუშაობს და რა არა. დავიწყე მიზიდულობის კანონის, ფსიქოლოგიის, ნერვული სისტემის, ჩვევების, რწმენებისა და ადამიანის ქცევის შესწავლა. მაინტერესებდა, რატომ ახერხებს ერთი ადამიანი სასურველის მატერიალიზებას და მეორე კი ვერა.

სწორედ ამ პროცესში მივხვდი, რომ ჩემთვის მანიფესტაცია არ არის მხოლოდ სურვილების ჩაფიქრება. ეს არის პროცესი, როდესაც იცვლება შენი აზროვნება, მდგომარეობა, ქცევები და საბოლოოდ, ისიც, თუ როგორ რეაგირებ შესაძლებლობებზე, რომლებიც ცხოვრებაში ჩნდება.

წლების განმავლობაში ამ ყველაფერს საკუთარ თავზე ვტესტავდი, შემდეგ უკვე სხვებთან მუშაობაც დავიწყე. ასე, ბუნებრივად, პრაქტიკისა და გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, მანიფესტაციის პროცესების ფასილიტატორი გავხდი.

 

თუ მიაგენი რამე უნივერსალურ ფორმულას, რასაც შენს აღმოჩენად თვლი, თუნდაც ძალიან პატარა რამე იყოს, რასაც გაგვიზიარებდი.


თუ რამე უნივერსალურ ფორმულას გამოვყოფდი, ეს იქნებოდა: ნებისმიერი სურვილის უკან კონკრეტული შინაგანი მდგომარეობა დგას.

მაგალითად, ადამიანს შეიძლება უნდოდეს უფრო დიდი შემოსავალი, მაგრამ რეალურად ეძებდეს თავისუფლების განცდას. შეიძლება უნდოდეს ურთიერთობა, მაგრამ სინამდვილეში სიყვარულის, სიმშვიდის ან უსაფრთხოების განცდა სწყუროდეს.

ჩემი ბოლო წლების ყველაზე დიდი აღმოჩენა სწორედ ესა: თუ აღმოაჩენ, რა მდგომარეობას ეძებ და რა დგას შენი მიზნის უკან და ამ მდგომარეობაში დღესვე ისწავლი შესვლას და გაჩერებას, შენი გადაწყვეტილებები, ქცევა, ენერგია და საბოლოოდ რეალობაც ამ მიმართულებით იწყებს ფორმირებას.

ხშირად გვგონია, რომ ჯერ მიზანს უნდა მივაღწიოთ და მერე ვიგრძნოთ თავი მშვიდად, თავისუფლად ან ბედნიერად. ჩემი გამოცდილებით კი პროცესი პირიქით მუშაობს. ჯერ ამ შინაგან მდგომარეობას ვაშენებთ საკუთარ თავში, და შემდეგ გარესამყაროც ნელ-ნელა იწყებს მის შესაბამისობაში მოსვლას.

 

რა აგხდენია ყველაზე დიდი სურვილი და როგორ გამოიწვიე ეს? შეგიძლია გაარჩიო ხოლმე ახდენილ სურვილებში ის რაც ცხოვრებამ მოგიტანა კარმულად და ის რაც შენ მოიზიდე შენი „ძალისხმევით“?


ჩემი ყველაზე დიდი ახდენილი სურვილი ის რეალობაა, რომელშიც დღეს ვცხოვრობ.

არა იმიტომ, რომ ყველაფერი იდეალურია. პირიქით, ჩემს ცხოვრებაშიც არის გამოწვევები, გაურკვევლობები და პერიოდები, როცა რაღაც ისე არ მიდის, როგორც დავგეგმე. ახლა ვარ იმ რეალობაში, რომელზეც რამდენიმე წლის წინ & მათ შორის ბავშობაშიც ვმანიფესტირებდი J  ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს, ვმუშაობ ადამიანებთან, ვსწავლობ, ვქმნი და ყოველდღე მაქვს განცდა, რომ ჩემს გზაზე ვარ.

რაც შეეხება მეორე კითხვას, ძალიან მიჭირს ზუსტად გავმიჯნო, სად მთავრდება ცხოვრება და სად იწყება ჩემი ძალისხმევა. მგონია, ეს ორი მუდმივად თანამშრომლობს. ცხოვრება შესაძლებლობებს გვიგზავნის, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, რომ ისინი დავინახოთ და გამოვიყენოთ ჩვენთვის სასიკეთოდ

ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი მხოლოდ ბედისწერაა ან მხოლოდ ჩემი დამსახურება. ალბათ, ეს არის ორივეს შეხვედრის წერტილი, როცა შენ ყოველდღიურად იზრდები, იღებ გადაწყვეტილებებს, მოქმედებ და ამავე დროს სივრცესაც უტოვებ სამყაროს, რომ სასიამოვნოდ გაგაოცოს.

 

როგორც ვიცი ძალიან მნიშვნელოვანია სურვილის ახდენისას, ჩაიფიქრო და მერე გაუშვა, მიანდო ღმერთს, სამყაროს. ტექნიკურად რთულია გაშვება და მინდობა, არის ეს სურვილის ახდენაში ყველაზე რთული ნაწილი? რა გვეხმარება მინდობაში?


ჩემი აზრით, სურვილის ახდენაში ყველაზე მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სურვილის  გაშვება, არამედ მზაობაც.

ხშირად გვგონია, რომ მიზანი ზუსტად იმ გზით უნდა მოვიდეს, როგორც წარმოგვიდგენია. თითქოს მხოლოდ ერთ მიმართულებას ვუყურებთ და გვავიწყდება, რომ ცხოვრებას გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

სწორედ ამიტომ, როცა სურვილს ვუშვებთ, ჩემთვის მინდობა ნიშნავს არა პასიურ ლოდინს, არამედ რწმენას, რომ სასურველი შედეგი შეიძლება იმ ფორმითაც მოვიდეს, რომელსაც დღეს საერთოდ ვერ ვხედავთ. ჩვენი საქმეა, ვიყოთ ყურადღებიანები, ვიმოქმედოთ და ამავე დროს არ ჩავეჭიდოთ მხოლოდ ერთ სცენარს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც საკუთარი გამოცდილებით ვისწავლე, არის მზაობა. არაერთხელ ყოფილა, რომ რაღაც ძალიან მინდოდა, სურვილიც რეალობად იქცა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის მისაღებად შინაგანად მზად არ ვიყავი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ სურვილის მატერიალიზება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მის შენარჩუნებასაც შევძლებთ.

ამიტომ დღეს ვფიქრობ, რომ მანიფესტაცია მხოლოდ სურვილების ახდენა არ არის. ეს არის პროცესი, სადაც სურვილთან ერთად იზრდება ადამიანიც. როცა შინაგანადაც მზად ხარ, მიღებული ბევრად ბუნებრივად შემოდის შენს ცხოვრებაში და აღარ გჭირდება მისი მუდმივად კონტროლი ან შენარჩუნებისთვის ბრძოლა.

 

რა შემთხვევაში უნდა დავმალოთ საკუთარი ოცნება და რა შემთხვევაში სჯობს გამჟღავნება?


მე ძალიან მჯერა, რომ ყველა ახალ იდეას, სურვილსა თუ განზრახვას თავისი ენერგია აქვს და დასაწყისში ის ძალიან ნაზია. როგორც ახლად დათესილ თესლს სჭირდება მოვლა, ისე სჭირდება მოფრთხილება ახალ ოცნებასაც.

ამიტომ, როცა რაღაც მხოლოდ ახლა იბადება ჩემში, გარეთ იშვიათად ვსაუბრობ მასზე. მირჩევნია ჯერ თავად გავიარო მასთან გარკვეული გზა, დავრწმუნდე, რომ ეს ნამდვილად ჩემი სურვილია და არა უბრალოდ წამიერი ემოცია. სანამ შინაგანად არ ვიგრძნობ, რომ ამ იდეას უკვე მყარი საფუძველი აქვს, მას ჩემთვის ვინახავ.

რა თქმა უნდა, ეს უფრო ჩემი პირადი გამოცდილება და დამოკიდებულებაა. ზოგისთვის ოცნების გაზიარება დამატებითი მოტივაციაა, ჩემთვის კი  ზოგჯერ ზედმეტი ხმაური. ამიტომ ვცდილობ, ჩემი ჩანაფიქრები მაშინ გავაჟღერო, როცა ისინი უკვე იმდენად მყარია, რომ სხვისი აზრი ან ეჭვი ვეღარ შეარყევს.

ალბათ, მთავარი კითხვა ეს არ არის, უნდა გავამჟღავნოთ თუ არა ოცნება. მთავარი ის არის, რამდენად მყარად ვდგავართ თავად ამ სურვილში. როცა შიგნით უკვე სიმტკიცეა, გარედან მოსული ხმაურიც ნაკლებ გავლენას ახდენს.

 

ახლა შენი ცხოვრების რა ეტაპზე ხარ? როგორ ხარ?


ეს, ალბათ, ყველაზე რთული კითხვაა. 😄 სიმართლე რომ გითხრა, ჯერ ამ ფაზისთვის ბოლომდე სახელი არ დამირქმევია.

თუ მაინც უნდა აღვწერო, ალბათ ვიტყოდი, რომ ზრდასრულობაში შესვლის ეტაპზე ვარ. არა იმ გაგებით, რომ ასაკით გავიზარდე, არამედ, სულ უფრო მეტად ვხდები საკუთარი თავის მშობელი. ვსწავლობ, როგორ ავიღო პასუხისმგებლობა ჩემს არჩევანზე, ემოციებზე, სხეულზე, ურთიერთობებზე და იმ ცხოვრებაზე, რომელსაც ყოველდღე ვქმნი.

ადრე ხშირად მინდოდა, ვინმეს ლანგრით მოეტანა პასუხები. ახლა უფრო მაინტერესებს, როგორ ვიპოვო ისინი საკუთარ თავში. ეს პროცესი ზოგჯერ ძალიან მშვიდია, ზოგჯერ ქაოტურიც,  მოსაწყენი ნამდვილად არ არის. 😄

 

რა გსურს ყველაზე მეტად?


ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მინდა, ვისწავლო ბალანსი ქაოსსა და დისციპლინას შორის.

რომ მქონდეს დისციპლინა, მაგრამ არ დავკარგო თამაში. მქონდეს გეგმა, მაგრამ არ შემეშინდეს გზად მისი შეცვლის.  ვქმნიდე ჩემს ცხოვრებას, მაგრამ ამავე დროს ადგილიც დავუტოვო სივრცეს სპონტანურობისთვის

მგონია, სწორედ ამ ბალანსის სწავლა არის ჩემი ამჟამინდელი ცხოვრების ყველაზე საინტერესო  გამოწვევა

 

რისგან შედგება შენი ცხოვრება, რითია სავსე?


ჩემი ცხოვრება სავსეა შეგრძნებებით, იდეებით, ცნობისმოყვარეობით, შემოქმედებით და მადლიერებით.

ძალიან მარტივად ვპოულობ შთაგონებას, ზოგჯერ ერთი წინადადებაც საკმარისია, რომ ახალი იდეა გამიჩნდეს, თუმცა ბოლო პერიოდში სტრუქტურის ნაკლებობიდან გამომდინარე, თაროზე მყავს შემოწყობილი ბევრი მათგანი.

 

რა მოგყვა ბუნებით ავთენტურად და რა დაამატე ახალი საკუთარ თავს და ცხოვრებას?


მგონია, ბუნებით ყოველთვის ცნობისმოყვარეობა მომყვება. არასდროს მაკმაყოფილებდა მხოლოდ ზედაპირული პასუხები, ყოველთვის მაინტერესებდა, რა დგას მოვლენების, ადამიანებისა და ჩვენი სისტემის უკან.

ასევე, შემოქმედებითობა. მიყვარს რაღაცების შექმნა, იდეების ერთმანეთთან დაკავშირება და  ახალი პერსპექტივიდან დანახვა. ალბათ, ეს ის ნაწილია, რომელიც ბავშვობიდან ჩემთან ერთად მოდის.

რაც შემდეგ დავამატე, არის მოთმინება, თანმიმდევრულობა და პასუხისმგებლობა. ადრე მეგონა, რომ მხოლოდ შთაგონება იყო საკმარისი. დღეს ვიცი, რომ ყველაზე ლამაზი იდეაც ვერ იცოცხლებს, თუ ყოველდღიური მოქმედება არ მოჰყვა.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე,  საკუთარ თავთან უფრო ნატიფი, მზრუნველი ურთიერთობა. ადრე სულ მინდოდა, უფრო სწრაფად, უფრო კარგად, უფრო მეტი. ახლა უკვე ვცდილობ, ჩემს სხეულს მოვუსმინო & მის ტემპს ავყვე. მართალია, ჩემი შინაგანი პერფექციონისტი ამ გადაწყვეტილებას დღემდე  აპროტესტებს, თუმცა  ორივე ვსწავლობთ ერთად თანაცხოვრებას. 😄

 

ბედნიერი ხარ?


კი, ბედნიერი ვარ. თუმცა არა იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურადაა.

ბედნიერება ჩემთვის მუდმივი ემოცია არ არის. უფრო შინაგანი განცდაა, რომ ჩემს გზაზე ვარ.  ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს, ვზრდი საკუთარ თავს, მიყვარს ადამიანები ჩემს გარშემო და მაქვს უნარი, სილამაზე ყველაზე ჩვეულებრივ დღეებშიც დავინახო.

რა თქმა უნდა, მეც მაქვს რთული პერიოდები, შიშები და ეჭვები. უბრალოდ, დღეს მათ უკვე აღარ ვაძლევ უფლებას, მთელი ჩემი ცხოვრება განსაზღვრონ და გადაფარონ.

 

მეგობრობაზე რას ფიქრობ? თავად თუ გყავს და რა არის შენთვის მნიშვნელოვანი პრინციპები ამ საკითხში?


მგონია, მეგობრობა ერთნაირი არასდროს არის. არსებობს ბავშვობის მეგობრობა, მოზარდობის, საქმიანი, კოლეგიალური, საერთო ინტერესებით გაჩენილი თუ უბრალოდ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეხვედრილი ადამიანები. თითოეულ ამ ურთიერთობას თავისი ფერი და მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ, ყველას თავისი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში.

ბოლო წლებში კი კიდევ ერთი რამ გავაცნობიერე,  ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა საკუთარ თავთან მაქვს. მივხვდი, რომ ჩემი თავის საუკეთესო მეგობარი მე ვარ. ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარ თავს მოუსმინოს, მხარი დაუჭიროს, გაამხნევოს და საჭირო დროს გულწრფელადაც უთხრას სიმართლე.

და ყველაზე მნიშვნელოვანი: მეგობრობა არ იზომება იმით, რამდენ დროს ატარებთ ერთად ან ყოველდღე რამდენჯერ წერთ ერთმანეთს. ჩემთვის მეგობრობა უფრო ის განცდაა, რომ დროისა და დისტანციის მიუხედავად, ურთიერთობა ისევ იქიდან გრძელდება, სადაც შეჩერდა. რომ ერთმანეთის წარმატება გულწრფელად გიხარია, რთულ დროს კი იცი, ვისთან შეგიძლია მიხვიდე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

 

ზოგადად რას აფასებ ადამიანებში, როგორ ხდება შენი გულის მოგება, რა გხიბლავს ხოლმე


ალბათ, ყველაზე მეტად ის ადამიანები მხიბლავენ, ვინც ისეთად გიღებს, როგორიც ხარ. ჩემთვის გულწრფელობა, ურთიერთპატივისცემა და ცოტა იუმორიც ნებისმიერ ურთიერთობას ბევრად უფრო ღირებულს ხდის.

 

რამის დეფიციტი თუ გაქვს ცხოვრებაში, რაზეც ახლა მუშაობ? რა გაკლია


აქაც უნდა გავმეორდე ქაოსის  და  დისციპლინის დაბალანსება.


არის რამე რისიც ძალიან გეშინია?


ამ კითხვაზე რაღაც უფრო ღრმა პასუხის გაცემა მინდოდა... 😄

მაგრამ მერე დავფიქრდი და ყველაზე გულწრფელი პასუხი მაინც ეს არის - ფრენის.

ალბათ, სამყარომ განზრახ დამიტოვა ეს ერთი შიში, რომ გამახსენოს: საკუთარ თავზე მუშაობა არ ნიშნავს, ერთ დღეს გაიღვიძო შიშების გარეშე 

ახლა უფრო ვსწავლობ, როგორ ვიცხოვრო ამ შიშთან ერთად. როგორ არ გადავდო ცხოვრება იმის მოლოდინში, რომ ერთ დილას შიში უბრალოდ გაქრება. მგონია, ზოგჯერ სიმამაცე სწორედ ის არის, როცა შიშის არსებობის მიუხედავად, მაინც აგრძელებ გზას, ხოდა მეც მანდ ვარ


შენი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, რას მიხვდი მნიშვნელოოვანს, რაც შენში აღიბეჭდა სამუდამოდ?


თუ ერთი რამ უნდა გამოვყო, ეს არის პროცესით სიამოვნების მიღების სწავლა.

ადრე სულ მეგონა, ბედნიერება სადღაც წინ მელოდა,  როცა ამ მიზანს მივაღწევდი, იმ სურვილს ავისრულებდი ან რაღაც კონკრეტული შეიცვლებოდა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ თუ გზაზე სიამოვნებას ვერ იღებ, ფინიშის ხაზიც დიდხანს ვერ გაგაბედნიერებს.

დღეს ვცდილობ, უფრო მეტად შევამჩნიო თავად გზა. ვისწავლო, ვისიამოვნო შექმნის პროცესით, ადამიანებთან შეხვედრებით, პატარა წარმატებებით, შეცდომებითაც კი. საბოლოოდ, სწორედ ეს ყოველდღიური მომენტებია, რისგანაც ჩვენი ცხოვრება შედგება.

მიზნები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ცხოვრება მათ შორის ხდება.

 

გამიზიარე შენი შინაგანი სიბრძნე, რაც შეიძინე


რაც უფრო მეტს ვსწავლობ & ვაპრაქტიკებ, მით უფრო ვხვდები, რამდენი რამ არ ვიცი. 😄

ალბათ, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი შინაგანი სიბრძნეც, აღარ მეჩქარება ყველაფერზე პასუხის პოვნა. უფრო მაინტერესებს, როგორ დავრჩე ცნობისმოყვარე, ღია და მზად იმისთვის, რასაც ცხოვრება მასწავლის.

 

რას ეტყოდი ადამიანებს?


იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით.

ნუ შეეცდებით, სხვისი გზის გამეორებას ან სხვისი მოლოდინების გამართლებას. საკუთარ ცხოვრებას უფრო ხშირად უთხარით "კი"  ახალ შესაძლებლობებს, სიყვარულს, შეცდომებს, გამოცდილებებს, ცვლილებებს.

საბოლოოდ, სწორედ ის ცხოვრება, რომლისთვისაც "კი" თქვი, გახდება შენი ისტორია.

 

თავად რა შთაგაგონებს ხოლმე, ან რას შთაუგონებიხარ?


ჩემთვის შთაგონება ძალიან სხეულებრივია.

ყველაზე ხშირად ის მოძრაობაში,  ცეკვისას, მოგზაურობისას, შემოქმედებით პროცესში ან მაშინ მოდის, როცა უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც მართლა მსიამოვნებს. ალბათ, ამიტომაც იშვიათად ვცდილობ იდეების ძალით მოფიქრებას. პრაქტიკამ მასწავლა, რომ საუკეთესო იდეები ხშირად მაშინ მოდიან, როცა მათთვის ადგილს ვტოვებ.

 

რა გაძლევს საწვავს რაც ცხოვრებაში და ქმედებებში გეხმარება, მოტივაციაში, როგორ გამოიმუშავებ მას


აქაც ცოტა უნდა გავმეორდე

მოტივაციას იშვიათად ველოდები. უფრო იმაზე ვზრუნავ, რომ ჩემი ენერგია სწორად იყოს მიმართული.

ამაში ყველაზე მეტად სხეულებრივი მოძრაობა მეხმარება  ცეკვა, ვარჯიში, სეირნობა. როცა სხეული მოძრაობს, მეც უფრო ცოცხლად ვგრძნობ თავს.

და კიდევ, ვცდილობ ჩემი დრო და ენერგია იმ საქმეში ჩავდო, რაც მართლა გულით მსიამოვნებს და სადაც საკუთარი თავის ბუნებრივად გამოხატვა შემიძლია. როცა ამას ვაკეთებ, ყველაფერი ბევრად უფრო ფლოუში მიდის და მოტივაციის ძებნაც ნაკლებად მჭირდება.

 

რა გიყვარს ცხოვრებაში? სიცოცხლეში? შენს ცხოვრებაში უშუალოდ?


ერთი კონკრეტული მიზეზი არ მაქვს.

უბრალოდ, მიხარია, რომ აქ ვარ. 😊

 

მითხარი შენი საყვარელი ფრაზა


☀️ შენ სასურველ ცხოვრებას უთხარი „კი“

 


ANI ANTADZE

 

Comments


 

 

Copyright © 2019 Interview

- (2).png
bottom of page