Interview: Ekaterine Burkadze
- 2 hours ago
- 3 min read
✍️ ინტერვიუ / ეკატერინე ბურკაძე
❓როგორ ხარ ახლა პირველ რიგში ეს რომ მითხრა?
როდესაც მეკითხებიან - როგორ ხარ? ამ ბოლო დროს ვპასუხობ - ყოჩაღად. ვერ ვამბობ, რომ კარგად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში შეიძლება მართლაც კარგად ვიყო, ფიზიკურად და განწყობითაც, თუმცა ზოგადი ფონი ისეთია, მუხრან მაჭავარიანის სიტყვები მახსენდება - ,,კარგადა ვარო" - კაცი რომ გეტყვის,გადაუჭირო უნდა მათრახი! კაცი რომ ეხლა კარგად იქნება, ან სულელია, ან და ჩათლახი!"
❓ ცხოვრების რა ეტაპს გადიხარ ეხლა, რას დაარქმევდი.
მომწიფებული. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, შემდგარი, თვითრეალიზებული, თავდაჯერებული ადამიანი ვარ ამ ეტაპზე.
❓ როგორ ეცნობი ხოლმე ადამიანებს? ვინ ხარ...
ეკატერინე ბურკაძე, ძირითადად პროფესიით ვპოზიციონირებ - სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ორი შვილის დედა, ლექტორი. თუმცა, უბრალოდ ეკატერინე ბურკაძე, კომუნიკაბელური ადამიანი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში და თემაზე მზად არის კომუნიკაციისთვის.
❓ როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს?
მეგობრები ტაიფუნს მეძახიან - ენერგიული, ხმაურიანი, აქტიური, არასოდეს ვტოვებ ჩემს მიმართ ადამიანს ნეიტრალურს, ან მოსწონთ ჩემი ხმაურიანობა ან აღიზიანებთ.
❓ რა არის შენი ძლიერი თვისებები და ხასიათის ნაწილი, რასაც აფასებ, მოგწონს, გეხმარება.
შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება, დისციპლინა, მუდმივად სიახლის ძებნის სურვილი.
❓ საკუთარ თავში, ყველაზე მეტად რას ეყრდნობი ხოლმე, რა გეიმედება?
განათლება, გამოცდილება, ოჯახისშვილობა.
❓ დიდი გარდატეხა გქონია ცხოვრებაში? პიროვნული ტრანსფორმაცია
კი, უმნიშვნელოვანესი იყო მომენტი, როდესაც შევწყვიტე წუწუნი, საკუთარი თავის შეცოდება, სხვების დადანაშაულება და მივხვდი, რომ ყველაფერი ჩემს ხელშია.
❓ ცხოვრებამ და გამოცდილებამ რა შეგძინა?
თავდაჯერებულობა, რწმენა, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია, რაც მეტს მოსთხოვს საკუთარ თავს, მეტს აკეთებს.
❓ რაში ხარ ყველაზე მეტად თავდაჯერებული? თავდაჯერებაზე რას მეტყვი ზოგადად?
თავდაჯერებული ვარ საკუთარ პროფესიაში, დიახ ადამიანმა, იმ სფეროში, რომელშიც საქმიანობს, მუდმივად უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, ისწავლოს, განვითარდეს, გამოცდილება შეიძინოს, წინ იყუროს და იყოს თავდაჯერებული. ეს ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი თვისებაა, რათა სხვაც დააჯერო, მაგალითი იყო და მეტი შეძლო.
❓ სხვა ადამიანებს რას ვერ პატიობ?
უპასუხისმგებლობას, სხვისი დროის არ მოფრთხილებას, ანუ არაპუნქტუალობას, გაუნათლებლობას, სიბეჩავეს, საკუთარი თავის შეცოდებას. ზოგადად, სიტყვა „ვერ“ არის მიუღებელი. არ მესმის, როგორ შეიძლება რამე „ვერ“ თუ ძალიან გინდა?!
❓ რა არის ცხოვრებაში შენთვის მიუღებელი?
ხამობა, ღირებულებების არ ქონა, არაკეთილსინდისიერება, უპასუხისმგებლობა.
❓ რას აკეთებ დიდი სიყვარულით, რა გიყვარს შენს ცხოვრებაში?
ლექტორობა, 27 წელია ლექტორი ვარ და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნებაა.
❓ როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
😊)))) ჩვეულებრივი დღეები თითქმის არ მაქვს — ჩემი ყოველი დღე არაჩვეულებრივია. დღე დილის 6 საათზე იწყება და დღის განმავლობაში უამრავ საქმეს ვაკეთებ. ხშირად დღეში რამდენჯერმე მიწევს ტანსაცმლის გამოცვლაც, რადგან ოფისიდან შეიძლება რომელიმე ღონისძიებაზე, წვეულებაზე ან თეატრში წავიდე. ასევე, არც ისე იშვიათად, ერთ დღეში ნახევარ საქართველოსაც მოვივლი ხოლმე. ყოველ საღამოს პროტესტი კი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია — საკუთარი პოზიციის გამოხატვა და თანამოაზრეებთან ერთად საერთო ღირებულებების დაცვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
❓ შენთვის რა არის ყველაზე რთული ცხოვრებაში?
უსამართლობა, და შეგრძნება, როდესაც უსამართლობას აწყდები და ვერ ცვლი.
❓ რისი ამოხსნა გიჭირს და გაინტერესებს?
ძალიან მიჭირს გავიგო, რატომ არ რჩებიან ადამიანები საკუთარი პრინციპების და ღირებულებების ერთგულები, რატომ ავიწყდებათ, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, რატომ არ ესმით, რომ აქ მხოლოდ სახელს დატოვებენ და თან ვერაფერს წაიღებენ.
❓ რას ფიქრობ უპირობო სიყვარულზე? თუ განიცდი რამის ან ვინმეს მიმართ?
შვილები, მიყვარს უპირობოდ.
❓ რას აფასებ ადამიანებში?
კეთილსინდისიერებას, შრომისმოყვარეობას, განათლებას, სამშობლოს სიყვარულს, ერთგულებას.
❓ რა თვისებები და უნარები სჭირდება ადამიანს წინსვლისთვის, წარმატებისთვის?
სწავლა, შრომა, დისციპლინა, პასუხისმგებლობა, განვითარების მუდმივი სურვილი.
❓ როგორ ფიქრობ, რა ქმნის ადამიანში შინაგან ღერძს?
აღზრდა, განათლება, სიყვარული.
❓ ცხოვრებაში თუ გაქვს რაიმე დიდი მიზანი ან ოცნება რისკენაც მიდიხარ?
ასაკთან ერთად ოცნებების სტატუსი ცოტა რამეს აქვს, უფრო მიზნები, რომლებსაც ვისახავ, გეგმაზომიერად მივისწრაფვი და ვასრულებ. ურუგვაის ვესტუმრები აუცილებლად 😊
❓ რა გასწავლა ცხოვრებამ, ადამიანებმა?
თუ ადამიანს რაღაც ძალიან უნდა, ამისთვის ყველაფერს აკეთებს აუცილებლად გამოუვა. აქ და ახლა არსებობა მასწავლა ცხოვრებამ.
ადამიანი საოცრებაა, მრავალნაირია, საინტერესოა, შეუძლია უზარმაზარი სიყვარულიც და ზიზღიც, შეუძლია უზარმაზარი სიკეთეც და ბოროტებაც, ყველა ძალიან განსხვავებული და თან, ძალიან ერთნაირია.
❓ რამის შეცვლა თუ გინდა საკუთარ თავში ან გაუმჯობესება?
მეტი მიმღებლობა მინდა რომ შემეძლოს, მოთმინების უნარი მქონდეს, შემეძლოს მოსმენა.
❓ რას ეტყოდი პატარა ეკას? რას გეტყოდა დიდი ეკა?
- ყველაფერი კარგად იქნება.
- ყოჩაღ გოგონი, შენ ეს შეძელი.
❓ შენი ცხოვრების ამ ეტაპზე, რას მიხვდი?
ყველაფერი ჩემს ხელშია.
❓ გამიზიარე შენი საყვარელი ფრაზა, რამაც ოდესღაც ძალიან შთაგაგონა
ქარწაღებულები, სკარლეტ ოჰარა
☀ მე ამაზე ვიფიქრებ ხვალ! მე აღარასოდეს ვიშიმშილებ!
Interview / Ekaterine Burkadze

.png)



Comments