✍️ ინტერვიუ / ალექსანდრე ვარვარიძე
❓ გვიამბე შენ შესახებ, როდის დაიწყე ხატვა და ზოგადად, რას ნიშნავს შენთვის ხელოვნების ეს სფერო?
ძირითადად ვმუშაობ ფერწერაში, ვიყენებ როგორც ზეთის საღებავს, ასევე სხვა დამატებით მასალასაც. ვხატავ ბავშვობიდან და ხელოვნების ეს დარგი ჩემთვის იყო ყოველთვის ინტერესის მთავარი სფეროც და პროფესიაც.
❓ ხომ არ იქონია გავლენა პროფესიის არჩევაში შენმა ოჯახმა?
ბავშვობიდან იმდენად ამ სფეროში ვტრიალებ, რომ არც გამჩენია კითხვა, რომ შეიძლება სხვა სფერო ამერჩია, თუმცა ცხოვრების გარკვეულ პერიოდში სხვა საქმიანობებითაც ვიყავი დაკავებული. ოჯახს რაც შეეხება, ძმა, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ბიძაშვილებიც.. ყველა ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს ან მოღვაწეობდა.
❓ რა არის შენი შთაგონების წყარო?
ვერ ვიტყოდი რომ გარკვეული ობიექტი ან სიტუაცია შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო. შთაგონება და მუზა, ჩემ შემთხვევაში, პირდაპირ პროპორციულია იმასთან, თუ რამდენად ვარ კონცენტრირებული მუშაობაზე და რამდენ შრომას ვდებ. როდესაც გადაბმულად ვმუშაობ, მუზა აუცილებლად მოდის, ხოლო როდესაც ვარ სხვა საქმეებით დაკავებული, მუზაც ქრება და ჭირდება ისევ შრომა, რომ ისევ შევიქმნა განწყობა.
❓ სტილი, რომელშიც ხატავ?
დღეს უკვე იმდენად არეულია ეს ყველაფერი, რომ ძნელია კონკრეტულად რაიმე სტილს ან განხრას მივანიჭო ჩემი შემოქმედება, ამიტომ დღესდღეობით იხმარება უფრო ფართო ცნება „თანამედროვე ხელოვნება“.
❓ როგორ ფიქრობ რა არის მთავარი მხატვრობაში? ფერი თუ კომპოზიცია? და რომელი მათგანი დომინირებს შენს შემოქმედბაში?
პირადად ჩემს შემთხვევაში, ამას ვყოფ ოთხ ნაწილად, ეს არის: კომპოზიცია, ფერი, ფაქტურა და კონცეფცია. თუ რომელიმეში მოვიკოჭლებ, მაშინ ვთვლი, რომ ბოლომდე კარგად არ გამომივიდა რაც მქონდა ჩაფიქრებული.
❓ რამდენად რთულია თანამედროვე მხატვრობაში თავის დამკვიდრება და როგორ ფიქრობ, ზოგადად, რა მოსწონს დღევანდელ დამთვალიერებელს?
თუ მხატვარი მიმართულია განვითარებაზე, ახლის სწავლაზე, ხვეწს თავის გემოვნებას და შესრულების ტექნიკას, მაშინ მას ისედაც შეამჩნევს საზოგადოება ადრე თუ გვიან.
❓ რამდენად იგებს დამთვალიერებელი შენს ნახატებში არსებულ გზავნილებს?
მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დამთვალიერებელი უფრო კარგად ხედავს გარკვეულ გზავნილებს, ვიდრე მე თვითონ. ხშირად ისინი ამჩნევენ ისეთ რაღაცებს, რაც მე საერთოდ არ შემიმჩნევია და მერე რომ ვაანალიზებ, ვხვდები, რომ შესაძლოა ეს ქვეცნობიერიდან მოდიოდა.
❓ თუ გყავს რჩეული მხატვარი, ვინც იქონია შენს შემოქმედებაზე გავლენა?
გავლენა არ ვიცი რომელმა მხატვარმა იქონია, თუმცა რჩეული მხატვარი ბევრი მყავს, სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მხატვრები მომწონდა, ერთის გამოყოფა გამიჭირდება.
❓ რომ არა მხატვრობა, რა პროფესიაში მოიაზრებედი საკუთარ თავს?
მხატვრობის გარდა, ცხოვრების გარკვეულ პერიოდში, სხვადასხვა დარგით ვიყავი დაინტერესებული, სპორტიდან დაწყებული ბიზნესით დამთავრებული, მაგრამ კონკრეტულად რომელს ავირჩევდი, მიჭირს ამის თქმა.
❓ რამდენად თავისუფალია შენი მხატვრობა? არსებობს თუ არა ჩარჩოები, დოგმები, რომელსაც არასდროს გასცდები?
ჩარჩოები ყოველთვის არსებობს, და პირადად ჩემთვის, ყოველთვის ამ დოგმების და სტერეოტიპების მოცილება იყო ერთ-ერთი მიზანი. ჩემი ტვინი ყოველთვის ცდილობს, ის, რაღაც ლოგიკას შეუსაბამოს, რაღაც ფორმულაში ჩასვას, რაც აფერხებს ჩემს შემოქმედებას, და ჩემ თავს თავისუფლებას არ აძლევს. ბევრი ძალისხმევა და ჩემს თავზე მუშაობა დამჭირდა რომ ამისგან განვთავისუფლებულიყავი.
❓ როგორ ფიქრობ თანამედროვე მხატვრობაში საკუთარი სიტყვა თქვი?
დღევანდელ დღეს უკვე იმდენი ითქვა, რომ ეჭვი მეპარება, კიდევ ვინმემ მოახერხოს და რაღაც განსაკუთრებით ახალი რამე თქვას ხელოვნების სფეროში, რაც უკვე აქამდე არ თქმულა. თუმცა მხატვრების უმეტესობას გააჩნია თავისი უნიკალური სტილი და ალბათ მეც, მათ შორის. ეს უფრო ხელოვნებათმცოდნეების და კრიტიკოსების შესაფასებელია.
❓ დაახასიათე შენი მხატვრობა ერთ სიტყვაში?
შთაბეჭდილება.
❓ რით განსხვავდება უცხოელი დამთვალიერებელი და შემფასებელი ქართველისგან?
გამოკვეთილად გამიჭირდება თქმა, თუმცა, რა ტენდენციაც შემიმჩნევია, საქართველოში მხატვრების გამოფენებზე ისევ მხატვრები დადიან. ეს ფაქტი კურატორებისგანაც და გალერისტებისგანაც ხშირად მსმენია.
❓ რამდენად მარტივად ელევი საკუთარ ნახატებს?
მარტივად ვერ ველევი. როდესაც ამხელა შრომას დებ ნამუშევრებში, ისინი თითქოს შენი შვილები არიან. საბოლოოდ ფსიქოლოგი დამჭირდა, რომ ეს თვისება ნაწილობრივ მაინც განეიტრალებულიყო.
❓ შესაძლებელია თუ არა, მხატვარმა დღეს საქართველოში იარსებოს მხოლოდ თავისი პროფესიით?
პირადად მე, მხოლოდ ნამუშევრების გაყიდვიდან მაქვს შემოსავალი და ვიცი სხვებიც, ვინც ასევე გაყიდვებით ცხოვრობს, თუმცა არის ბევრი ძალიან კარგი მხატვარი, რომელიც ამას ვერ ახერხებს და სამწუხაროდ სხვა საქმით არის უკვე დაკავებული.
❓ ვფიქრობ ძალიან კარგია, როცა საკუთარი ნიჭი ნაპოვნი გაქვს და საშუალება მოგეცა განგევითარებინა, რას ურჩევდი იმ ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს საკუთარი თავის ძიებას, რა არის მთავარი, რომ შემდეგ ნაკლები გულისწყვეტა იყოს?
ზოგადად, არ არის აუცილებელი ადამიანმა ის აკეთოს რაშიც ნიჭიერია. ნიჭი არის წინა ცხოვრებებში დაგროვებული გამოცდილება და უკვე ამ ცხოვრებაში, მას შესაძლოა სულაც არ სურდეს ისევ იგივე გამოცდილების მიღება, და რათქმაუნდა შეიძლება პირიქით, მას სურდეს კიდევ უფრო გააღრმავოს თავისი - ადრე მიღებული ცოდნა, მაგრამ მთვარი ფაქტორი უნდა იყოს ის, რომ ადამიანმა უნდა ეცადოს აკეთოს ის, რაც მას მძაფრ დადებით ემოციებს მიანიჭებს, და უკვე თავისი შრომით განავითაროს თავისი ცოდნები ამ სფეროში. თუნდაც ნიჭიერი სულაც არ იყოს ან არ იყოს ეს მისი მთავარი პროფესია. ჩემი აზრით შრომა და მონდომება არის მთავარი. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორ წარმართავს ადამიანი განვითარების პროცესს ამ სფეროში.
❓ რა მიგაჩნია დაკარგულ დროდ?
ჩემი გადმოსახედიდან დაკარგული დრო თითქმის არ არის, ყველაფერში რაღაცას სწავლობ, დღესდღეობით მიწევს ბევრი საყოფაცხოვრებო რუტინული საქმის კეთება, იქედან გამომდინარე, რომ მარტო ვცხოვრობ, თუმცა ამაში ვსწავლობ მოთმინებას რაც, როგორც აღმოჩნდა, ძალიან მაკლია :დ
❓ როგორ ურთიერთობ საკუთარ თავთან?
სულ კონფლიქტი მაქვს, არაფერს არ მიჯერებს :დ
❓ რა ეხმარება ადამიანის, თავისი სრული პოტენციალის გამოვლენაში?
სტიმული, პასუხისმგებლობა, იდეალები, განვითარების სურვილი.
❓ როცა სიკვდილზე იწყებ ფიქრს, რა არ კარგავს ამ დროს მნიშვნელობას?
გამოცდილება და ის „ცოდნა“ რაც აქედან მიგაქვს. თუმცა არაფერი არ კარგავს მნიშვნელობას, შინაგანად ყველაფერი იგივე დარჩება, მხოლოდ გარემო შეიცვლება.
❓ ხომ არ გეგმავ უახლოეს მომავალში პერსონალურ გამოფენას?
კი, ვგეგმავ გამოფენებს საქართველოში და უცხოეთიდანაც მაქვს შემოთავაზებები.
❓ რა პროფესიულ რჩევას მისცემდი დამწყებ მხატვრებს?
❄️ ჩემი აზრით, თუ ამ პროფესიას ირჩევს ადამიანი, მაშინ მხოლოდ ამ საქმიანობაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. თუ მხატვარი კიდევ სხვა რამით არის დაკავებული მხატვრობის პარალელურად, მაშინ ამას შედეგი არ მოყვება და აზრსაც კარგავს. ეს ყველაფერი ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი.
ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი
ალექსანდრე ვარვარიძე - მხატვარი
Comments