top of page

Interview: Andro Dgebuadze

Updated: Jun 4, 2021

✍️ ინტერვიუ: ანდრო დგებუაძე

როგორ ვიყოთ ორივეგან ჰარმონიულად, რომ არ გაგვიწყდეს ბეწვის ხიდი? (შიდა და გარე სამყაროზე მაქვს საუბარი),


ორი ცხოვრებით უნდა იცხოვრო. ტექნოკრატის და ჰუმანიტარის. მეოცნების და ჯარისკაცის, ავთანდალიც უნდა იყო და ტარიელიც, და როცა რაიმე ამოცანას გამოიყვან მერე უნდა დაუკრა, იმღერო ან ლექსი დაწერო. სრულყოფილება მხარე არასდროსაა. სრულყოფილებაა როცა ორივე ერთია და ის შენ ხარ.


სად უნდა გავჩერდეთ? როგორ დაახასიათებდი სავალ გზას


სინდისს ვეღარ გადაამოწმებ. გადაამოწმე აზრები, მაგრამ აზროვნებას ვერ გადაამოწმებ, ის ხარ.


ძალიან მაინტერესებს, რისი გეშინია შენ, პირადად ანდროს? და რისი, ფიქრობ, რომ უნდა გეშინოდეს?

  • თაგვის, ღამურის, მიწისძვრის, ლარის ინფლაციის და ა.შ. სია დიდია :-)

  • უნდა გეშინოდეს იმის რომ იცხოვრო ისე რომ ვერ დააგროვო გამოცდილება.

რა აკლია ხოლმე ადამიანს ყველაზე მეტად, სინამდვილეში?


შინაგანი სიმართლის დასტური გარედან.


რას გავურბივართ ადამიანები ყველაფრის მიუხედავად?


სარკეში ყურებას. იმიტომ რომ ვერ ვცნობთ იმას რასაც იქ ვხედავთ.


შენ რისგან გაქცეულხარ?


ბევრი რამისგან, მაგრამ მერე ჩემი ფეხით მივდივარ, ფეხაკრებით.


რა გაეჭვებს მუდმივად?


გარედან მოსული მორალური ცნებები.


თუ ჩაგიქნევია ოდესმე ხელი რომ „ამას მაინც ვერ გავიგებ მგონი აზრი არ აქვს“?


არა. მე საბოლოოდ ყველაფერს გავიგებ იმიტომ რომ ჩემი არსი - თავად გაგებაა.


რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სტიმული? რამ აგანთო?


როცა მივხვდი რომ ობიექტურობა გულწრფელი სუბიექტურობაა.


სიცოცხლე გიყვარს?


ეგ იგივეა რომ მკითხო ამოსუნთქვა გიყვარს? გეტყვი კი, თუ მას ჩასუთქვაც მოყვება.


არის ამქვეყნად რამე რაზეც გული გწყდება?


კი. სითბოს ვერ გამოვხატავ ბოლომდე.


შენთვის, ეს სამყარო ჯადოსნური უფროა თუ კარცერ-ლუქსი?


ჩემი ჯადოსნური ცხოვრება და კარცერ ლუქსიც ისაა, რომ ვგრძნობ რასაც ვფიქრობ. ვამბობ რასაც ვგრძნობ, სხვაც გრძნობს რასაც ვამბობ და მიგებს და ამ გაგების გამო ეღიმება.


როგორ განასხვავებდი ბედნიერებას და კმაყოფილებას? ასევე, ბედნიერებას და სიამოვნებას?

  • ბედნიერებაა, როცა შენი სინდისი მიაღწევს ნებელობას.

  • კმაყოფილებაა, როცა შენი ეგო მიაღწევს ნებელობას.

ერთხელ რაღაც ვთქვი და მეორე დღეს მივხვდი რომ ვიცრუე, გავიდა 5 წელი და მივხვდი რომ სიმართლე მითქვამს, რა შეიცვალა? სად იყო სიმართლე.

  • მიხვდი.

  • სიმართლე არავინ იცის რა არის. ჩვენ მხოლოდ გულწრფელი სუბიექტურობა შეგვიძლია.

ასეთი ნათქვამი არსებობს, მწყურვალმა თავად იცის წყალმა მოუკლა თუ არა წყურვილიო. ეს ფრაზა როგორ გესმის?


სულიერი გამოცდილების გადაცემა შეუძლებელია.


ფიქრობ რომ რასაც "მივხვდით", ძალიან ინტიმური და საიდუმლო ხდება?


კი. მე ვარ ის, რასაც ვაცნობიერებ - და ჩემი არსი ინტიმურიცაა და საიდუმლოც. მას მხოლოდ ის გაიგებს ვინც საკუთარი თავი გაიგო.


რა მდგომარეობაა სიჩუმე?


ეს არის მცდელობა, მოუსმინო იმას, რაც ლაპარაკობს ჩემში სიტყვების გარეშე.


არსებობს დანიშნულების წერტილი?


კი. ის ხარ შენ! შენი სინდისი / ატმა / შენი უტყუარი არსი

რა არის იმედის მომცემი ამ ქვეყნად?


ის რომ შემეცნებისთვის Bad news is anyway a good news.


რა არის ის მთავარი რაც ადამიანმა უნდა გაბედოს?


აზროვნება.


❓ არის რამე რაშიც გენანება დროის დაკარგვა?


ჭორაობა.


❓ რას ფიქრობ გამოთქმაზე რომ „შემთხვევით არაფერი ხდება“

  • ვეთანხმები.

  • ჩვენ მოგვდის ის, რაც უნდა მოგვივიდეს, არა იმიტომ, რომ ვიღაც ამას გვიწყობს, არამედ იმის გამო, რომ სამყარო ასეა გამრუდებული.

თუ სინდისის ამოძახილიდან აღმოვაჩენთ, რომ ამით ერთნი ვართ, ამ ობიექტურ ჭეშმარიტებაში, და სინდისის გარდა თუ ყველაფერი მოწებებულია, რა არის ჩვენში უნიკალური და ნამდვილი? ისეთი რაც საერთო არაა და არც მოწებებული?


შენი უნიკალურობა იმაშია, რომ რა კუთხითაც გინდა, იმ კუთხით მიუახლოვდე სინდისს და რა სიტყვებითაც გინდა, ისე გადმოსცე.


არსებობს იმანენტური სინდისი? შენდება თუ თანდაყოლილია? თუ შენდება რა აშენებს, ან თუ დაყვება როდის გახდა იმანენტური?


სინდისი ის ერთადერთი წერტილია რაც ერთდოულად იმანენტურიცაა და ტრანსცენდენტალურიც.


შენი სიტყვებია: „თუ ღმერთი ჩემი სინდისის მიღმაა მაშინ ის უსინდისოა“

თუ ღმერთი ჩემი სინდისის მიღმაა, მაშინ მე ვარ უსინდისო, მე რომ სინდისი მქონდეს ღმერთს არ გავუშვებდი მიღმა, არამედ მოვიპატიჟებდი. განიხილავ რომ სინდისი და ღმერთი სხვადასხვა?


რითაც უნდა მივხვდე ღმერთის ღმერთობა - ეს ჩემივე სინდისია. თუ ღმერთი ჩემ სინდისს არ ჰგავს, მაშინ ვერასროს ვიცნობ და ის იქნება ვიღაც მორალისტი ჩემთვის.



...............................................................


✨ შეკითხვა თამაში: - შენ რომ ამ ცნობიერებით, ცოდნით და გამოცდილებით უცებ ბავშვობაში დაბრუნდე, ბავშვი გახდე, რითი დაკავდებოდი? თუნდაც თანატოლებთან(ასაკით) ერთად რას გააკეთებდი?


ყველაფერ იგივეს გავაკეთებდი, უბრალოდ ძილის წინ უფრო დეტალურად ვიფიქრებდი.


✨ შეკითხვა თამაში: - აღმიწერე შენი შემდეგი ცხოვრება, როგორი ხარ, როგორ გამოიყურები, რას საქმიანობ, როგორ ცხოვრობ. შენი აზრით, შემდეგი რა იქნებოდა შენი სახით, შენი ერთი ჩვეულებრივი დღე შემდეგ ცხოვრებაში, აღწერე.

  • მე ვზივარ და ვიღაც კეთილ ადამიანებს ვუხსნი რომ სინდისი ღმერთია (ატმა = ბრაჰმა).

  • მე ვზივარ და ვცდილობ დავუკრა ისე, რომ ჩემი დაკრული მგავდეს მე.

  • მე ვუზივარ ძველ წმინდა წერილებს და ვიძახი რომ არასწორად გესმით რაღაცეები და ჩემ კომენტარებს ვწერ.

  • და ისე, ბოლო 3 ცხოვრება ამის მეტს არაფერს ვაკეთებ...



.............................................

დაასრულე ფრაზა:


✨ ერთ მშვენიერ დღეს...


გამიგეს.

მარადიული ის არის მხოლოდ...

  • ვინც გაიგო ვინ არის თავად

  • ვინც მიხვდა რომ არა მარტო ცნობიერება ხდება დროში, არამედ დრო ხდება ცნობიერებაში.



ანდრო დგებუაძე / ჯერ ვერ დაადგინა ვინ არის


1,085 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page