Interview: Giorgi Tserodze
- 10 minutes ago
- 9 min read
✍️ ინტერვიუ / მამა გიორგი წეროძე
„ადამიანი ვერ იარსებებს მარტო როგორც ინდივიდი — ის პიროვნება ხდება მხოლოდ ურთიერთობაში.“ ☀️
❓ შეგიძლია გამეცნო შენ შესახებ, მომიყვე?
დავიბადე სოხუმში, 1972 წელს.ჩემს ბავშვობას დღეს უფრო ფოტოებით ვუბრუნდები. განსაკუთრებით მიყვარს ჩემი ჩვილობის ან 3-5 წლის ასაკის ფოტოების ყურება — თითქოს მინდა გავიხსენო ის ბავშვი არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც, იმდროინდელი განცდებით, სამყაროს აღქმით, სისუფთავით.
მერე იყო სკოლა, ოჯახი, დედ-მამა, თავისი სირთულეებითა და სითბოთი. საბჭოთა პერიოდის ბავშვობა თავისი პარადოქსებით — ერთდროულად ორგანიზებული და მაინც ცოცხალი. მახსოვს მოგზაურობები, პიონერთა საერთაშორისო ბანაკები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ადგილებში — არტეკი, ორლიონოკი, დუბნა. ეს ყველაფერი ბავშვის ცნობიერებას აფართოებდა, მაძლევდა დიდი სამყაროს განცდას.
შემდეგ მოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მძიმე 90-იანები — ქაოსი, სიღარიბე, გაურკვევლობა, მაგრამ ამავე დროს დიდი შინაგანი ძიებებიც. მერე იყო ევროპაში ხანმოკლე მოგზაურობა, რომელმაც სხვანაირი სამყაროს დანახვის შესაძლებლობა მომცა.
ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი შემოტრიალება მოხდა — სარწმუნოებრივი გზა. სემინარია, მკაცრი რელიგიურობა, რიგორიზმი, ბევრი ლოცვა, მარხვა, წიგნები, მუდმივი მცდელობა, რომ ყველაფერს აბსოლუტურად სერიოზულად მივდგომოდი.
მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ მხოლოდ სიმკაცრე საკმარისი არ არის. ადამიანი მხოლოდ წესებით ვერ ცოცხლობს. დაიწყო უფრო ღრმა შინაგანი პროცესი — თავისუფლების, ადამიანურობის, სიყვარულის, პიროვნულობის ძიება.
ამ გზაზე გაჩნდა მეუღლე, შვილები, ოჯახი — და უკვე სხვა ტიპის სირთულეები, პასუხისმგებლობები, სიხარულები, ტკივილები. ოჯახი ადამიანს ძალიან ბევრს ასწავლის საკუთარ თავზე.
და ეს ძიება დღემდე გრძელდება.ახლა ცხოვრება ჩემთვის აღარ ჰგავს ციცაბო აღმართს ან ქაოსურ ბრძოლას. უფრო ჰგავს მწვანე, ყვავილებით სავსე შემაღლებას — მინდვრის ყვავილებიან სივრცეს, რომელსაც მშვიდად მიუყვები.
არ ნიშნავს, რომ კითხვები დასრულდა. უბრალოდ ადამიანი ნელ-ნელა სწავლობს, რომ ცხოვრებასთან ბრძოლაზე უფრო მნიშვნელოვანია მასთან თანხმობაში შესვლა, მადლიერება და ცოცხალი გულის შენარჩუნება.
❓ როგორი ცხოვრება გაიარე, როგორ მოხვედი აქამდე, რა ასაკი იყო ყველაზე რთული?
ალბათ უფრო შიშებით სავსე ცხოვრება. უბრალოდ სხვადასხვა ასაკში ამ შიშებს სხვადასხვა სახე ჰქონდა. ყველაზე მძაფრად მახსოვს ყმაწვილობის პერიოდი — საკუთარი ადგილის დამკვიდრებასთან, ჩხუბთან, თავის დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებული შიშები. იმ ასაკში ბიჭისთვის ეს ყველაფერი ძალიან რეალურია. დღემდე სასიამოვნოდ მახსენდება ის მომენტები, როცა ამ შიშს ვძლიე, ხოლო სადაც ვერ დავძლიე — გარკვეული სინანულის განცდაც დამრჩა.
ვფიქრობ, აქამდე ყველაზე მეტად დედის სიყვარულმა მომიყვანა. მან თავად რთული გზა გაიარა, მაგრამ მთავარი, რაც მისგან დამრჩა, იყო თავისუფლების სიყვარული და ადამიანის მიმართ ნდობა. მამის როლიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სინდისიერი და სიყვარულით სავსე ადამიანისა, ასევე ბებიის მოგვიანებით, როცა ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე ერთსაც და მეორესაც რაღაც ფორმით ვუღალატე — თავისუფლებასაც და ადამიანურ ნდობასაც — ამან ჩემში დიდი შინაგანი ტკივილი გამოიწვია. და მგონია, რომ სარწმუნოებაც სწორედ ამ ტკივილზე პასუხად მივიღე, როგორც საჩუქარი.
ყველაზე რთული ასაკი ჩემთვის ალბათ 13-16 წელი იყო. მერე — სადღაც 30-ის მიდამოები. ახლა უკვე სხვანაირი შიშები მოდის — სიბერის, უძლურების, დამოკიდებულების.
მაგრამ უცნაურია — მიუხედავად ამ ყველაფრისა, მგონია, რომ ახლა ყველაზე კარგი ასაკი მაქვს 50+ ახალგაზრდობაში ადამიანს ხშირად უნდა რაღაც დაამტკიცოს — საკუთარ თავთანაც და სხვებთანაც. მერე ნელ-ნელა იწყებ მიღებას. ხვდები, რომ ცხოვრება იდეალური არასოდეს იქნება, მაგრამ შეიძლება მაინც იყოს ღრმა, ცოცხალი და მადლით სავსე.
❓ ნუგეში როგორ ან როდის იპოვე?
ნუგეში მაშინ იწყება, როცა ადამიანი ხვდება, რომ ღმერთი იდეა ან კონტროლის მექანიზმი კი არა, არამედ სრულიად კონკრეტული ვინმეა, ვინც შენს არსებობას იღებს. ბევრს ჰგონია, რომ ნუგეში პრობლემების გაქრობაა, მაგრამ სინამდვილეში ნუგეში ხშირად ურთიერთობის განცდაა — როცა ტკივილშიც მარტო აღარ ხარ.
ჩემთვის რწმენა არ დაწყებულა პასუხებით.
უფრო იმით დაიწყო, რომ ყველაზე ბნელ მომენტებშიც არსებობის სურვილი ბოლომდე არ ქრებოდა. ქრისტიანობა ჩემთვის სწორედ ეს გახდა — სიცოცხლის არჩევა სიკვდილის შუაგულშიც.
❓ ღმერთთან მისასვლელ გზამდე რა დაგეხმარა?
პირველ რიგში — ადამიანები. ვფიქრობ, ღმერთამდე ადამიანი მარტო იდეებით იშვიათად მიდის. უფრო ხშირად — სიყვარულით, მიღებით, ტკივილით. ზოგჯერ ერთი თავისუფალი და ცოცხალი ადამიანი უფრო მეტს გეუბნება ღმერთზე, ვიდრე ასი სწორი ფორმულა. მერე იყო სახარება, ლიტურგია, ეკლესიის სიღრმე — მაგრამ არა როგორც წესების სისტემა, არამედ როგორც სიცოცხლის სხვა გამოცდილება, სადაც ადამიანი უბრალოდ „ფუნქცია“ აღარ არის. მე ღმერთისკენ უფრო თავისუფლებამ მიმიყვანა, ვიდრე შიშმა.
❓ თუ შეხვედრიხარ ცხოვრებაში სიკვდილს, ახლობელი ადამიანის დაკარგვას?
დიახ. და ასეთ დროს ხვდები, რომ სიკვდილი მხოლოდ ბიოლოგიური მოვლენა არ არის. სიკვდილი მთლიანად არღვევს იმ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობდი. ადამიანთან ერთად მისი ხმა, დრო, ჩვევები, მომავალი, საერთო მეხსიერებაც თითქოს ირღვევა. ამ დროს განსაკუთრებით გრძნობ, რამდენად ვართ ადამიანები ერთმანეთზე მიბმული. სიკვდილის ტრაგედია სწორედ ესაა: ურთიერთობის გაწყვეტა აღარ გვინდა, მაგრამ ბიოლოგიური ბუნება ამას თავს გვახვევს როგორც ტრაგიკულ აუცილებლობას.
❓ რა პროცესები გამოიწვია შენში სიკვდილმა?
პირველად — დუმილი. მერე უსუსურობის განცდა. ადამიანი უცებ ხედავს, რომ ბევრი რამ, რასაც ჰგონია რომ აკონტროლებს, სინამდვილეში საერთოდ არ ექვემდებარება მის ძალას. სიკვდილი ძალიან ამხელს ჩვენს მარტოობასაც და შიშსაც. მაგრამ ამავე დროს, თუ ბოლომდე არ გაიქეცი ამ ტკივილისგან, შეიძლება უფრო ღრმა ადამიანადაც გაქციოს. ხშირად ტკივილი ან საკუთარ თავში გვკეტავს ან გვაღრმავებს. მე ვფიქრობ, ქრისტიანობის ცენტრში სწორედ ეს დგას — შესაძლებელია თუ არა სიყვარული სიკვდილზე ძლიერი იყოს.
❓ ასეთ დროს ერთდოულად რამდენ რამეს გადის ადამიანი?
ძალიან ბევრს. ადამიანი ერთდროულად გლოვობს, ბრაზობს, ეშინია, იხსენებს, ნანობს, ცარიელდება, იმედსაც ეჭიდება და ღმერთზეც შეიძლება გაბრაზდეს. და ეს ნორმალურია. ზოგჯერ ადამიანი გარედან მშვიდი ჩანს, მაგრამ შინაგანად მთელი მისი სამყარო ინგრევა. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად „სწორი სიტყვები“ კი არ არის, არამედ ვიღაცის გვერდით ყოფნა, რადგან საბოლოოდ ადამიანს იდეები კი არა, ურთიერთობა აცოცხლებს.
❓ რატომ არის სიცოცხლე-სიკვდილი ასეთი საიდუმლო, რომ ბოლომდე ვერ აცნობიერებს ამ ფაქტებს ადამიანი?
რადგან ადამიანი მხოლოდ ბიოლოგიური არსება არ არის. ჩვენში არის რაღაც, რაც სიკვდილს ბოლომდე არ ეგუება. შეიძლება გონებით ვიცოდეთ, რომ ყველაფერი წარმავალია, მაგრამ როცა საყვარელი ადამიანი მიდის, მთელი ჩვენი არსება ყვირის, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. ქრისტიანობა სწორედ ამ გამოცდილებას ძალიან სერიოზულად იღებს. სიკვდილი „ბუნებრივი“ კი არა, ტრაგიკული მოვლენაა, რადგან ადამიანი შექმნილია ურთიერთობისთვის, სიცოცხლისთვის, მარადიული ზიარებისთვის. ამიტომ ვერ ვეგუებით ბოლომდე სიკვდილს — ჩვენს პიროვნებაში მარადიულობის წყურვილია.
❓ რა შემთხვევაში ვერ ლახავს ადამიანი სირთულეებს და რა უშლის ხელს ამაში?
როცა მარტო რჩება საკუთარ თავთან. ადამიანი ძალიან იშვიათად ინგრევა მხოლოდ ტკივილის გამო — უფრო ხშირად უიმედობის გამო ინგრევა. როცა აღარ სჯერა, რომ ვიღაცას მისი არსებობა სჭირდება. თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია სწორედ ესაა — ადამიანები ერთმანეთისთვის ხშირად ფუნქციებად იქცნენ. იქ კი, სადაც ურთიერთობა ქრება, ადამიანი შინაგან ძალასაც კარგავს. ხანდახან სირთულეს არა თვითონ ტკივილი, არამედ სირცხვილი, ჩაკეტილობა და სიყვარულის მიუღებლობა აძლიერებს.
ადამიანს გადარჩენაში ყველაზე მეტად ხშირად სხვა ადამიანის თავისუფალი თანყოფნა ეხმარება.
❓ რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც ძალიან ახლო და ძვირფასი ადამიანი დაკარგა? რა არის ასეთ დროს ნუგეში?
ვეტყოდი, რომ საკუთარ ტკივილთან ბრძოლა არ დაიწყონ ისე, თითქოს სწრაფად უნდა „გამოჯანმრთელდნენ“. სიყვარული რომ რეალური იყო, ამიტომაც ტკივა ასე ძლიერ. და ვინც გვიყვარდა, მისი გაქრობა მხოლოდ ბიოლოგიური არყოფნა არ არის — ის ჩვენში აგრძელებს არსებობას როგორც ურთიერთობა, როგორც მეხსიერება, როგორც კვალი. ქრისტიანობის იმედი მხოლოდ ფსიქოლოგიური დამშვიდება არ არის. მისი გული არის აღდგომა — რწმენა, რომ სიყვარული საბოლოოდ სიკვდილზე ძლიერია.
ზოგჯერ ნუგეში პასუხებში კი არა, იმაში მოდის, რომ ადამიანი ბოლომდე არ მიატოვო თავის ტკივილში.
❓ დღევანდელობას როგორ შეაფასებდი — დაშორდა ადამიანი ღმერთს? რაზეა უფრო ორიენტირებული?
ვფიქრობ, თანამედროვე ადამიანი ღმერთს იმდენად არ დაშორებია, რამდენადაც საკუთარ თავს და სხვას დაშორდა. დღეს ძალიან ბევრია ინფორმაცია, მაგრამ ნაკლებია სიღრმე. ბევრია კონტაქტი, მაგრამ ცოტაა ნამდვილი ურთიერთობა. ადამიანი სულ უფრო მეტად ფასდება პროდუქტიულობით, წარმატებით, ეფექტურობით. ამის ფონზე კი ავიწყდება, რომ მისი ღირებულება უბრალოდ არსებობაშიც არის. ღმერთთან დაშორება ხშირად სწორედ აქ იწყება — როცა ადამიანი საკუთარ თავს მხოლოდ ფუნქციად ხედავს და აღარ იცის როგორ იყოს თავისუფლად, სიყვარულში, მადლიერებაში.
❓ რატომ გახდა ცხოვრება ასეთი სწრაფი, მარკეტინგული და მექანიკური?
რადგან თანამედროვე კულტურა ადამიანს სულ უფრო მეტად მომხმარებლად და ფუნქციად აღიქვამს. ყველაფერი უნდა იყოს სწრაფი, ეფექტური, გაყიდვადი, თვალშისაცემი. ამის გამო ადამიანი ნელ-ნელა კარგავს დუმილის, სიღრმის და ჭეშმარიტი შეხვედრის უნარს. ჩვენ მუდმივად რაღაცას ვაწარმოებთ — კონტენტს, იმიჯს, შედეგს — მაგრამ ხშირად აღარ ვიცით უბრალოდ ყოფნა. ეკლესიის ენით რომ ვთქვათ, ადამიანი ლიტურგიული არსებიდან ტექნიკურ არსებად გადაიქცა. ხოლო როცა ცხოვრება მხოლოდ მექანიკად იქცევა, შინაგანად სიცარიელე იზრდება. ამიტომ თანამედროვე ადამიანს ასე ძლიერ სწყურია ნამდვილი სითბო, მიღება და ცოცხალი ურთიერთობა.
❓ ადამიანი ერთხელ ცხოვრობს — არ გჯერა რეინკარნაციის?
ქრისტიანობაში ადამიანი უნიკალური და განუმეორებელი პიროვნებაა. ჩვენ არ ვართ უბრალოდ „სულები“, რომლებიც სხვადასხვა სხეულში გადადიან. ადამიანი ღმერთისთვის ერთჯერადი მოვლენაა — თავისი სახელით, სახით, ურთიერთობებით, სიყვარულით. ამიტომ ქრისტიანობის იმედი რეინკარნაცია კი არა, აღდგომაა.ანუ არა სხვა ცხოვრებაში გაქცევა, არამედ ამ პიროვნების გადარჩენა და გარდაქმნა ღმერთთან ურთიერთობაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს — ღმერთი ადამიანს არ აუქმებს, არ შლის, არ ანაცვლებს. სიყვარული ყოველთვის კონკრეტულ პიროვნებას ეძებს.
❓ რა არის ჩვენი არჩევანი, რამდენად ძლიერია ჩვენი თავისუფალი ნება?
თავისუფლება ქრისტიანობაში უბრალოდ „რისი გაკეთებაც მინდა იმის გაკეთება“ არ არის. ნამდვილი თავისუფლება სიყვარულის უნარია. შესაძლებლობა, რომ გახვიდე საკუთარი ეგოს საზღვრებიდან და სხვა მიიღო. ადამიანი ბევრ რამეს ვერ აკონტროლებს ცხოვრებაში — დაბადებას, სიკვდილს, შემთხვევებს, ტკივილს — მაგრამ ყოველთვის რჩება სივრცე, როგორ უპასუხებს ამ ყველაფერს. პიროვნება სწორედ ამ თავისუფლებით იბადება: როცა ადამიანი მხოლოდ ბიოლოგიური ინსტინქტებით აღარ ცხოვრობს. შეიძლება გარედან შეზღუდული იყო, მაგრამ შინაგანად მაინც თავისუფალი დარჩე სიყვარულისთვის.
❓ რას იტყვი ბედისწერაზე და გარდაუვალ მოვლენებზე, როცა დრო გადის და ხვდები, რომ ყველაფერი საათის სისწორით აეწყო?
ვფიქრობ, ღმერთი ადამიანის ცხოვრებას მექანიკურად არ წერს. ქრისტიანობა ფატალიზმი არ არის. მაგრამ როცა ადამიანი უკან იყურება, ხშირად ხედავს, რომ ტკივილსაც, შემთხვევებსაც და შეხვედრებსაც რაღაც სიღრმისკენ მიჰყავდა. არის მოვლენები, რომლებიც მაშინ ქაოსად გვეჩვენება, მაგრამ მერე სხვანაირად იკითხება. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წინასწარ იყო „დაპროგრამებული“. უფრო იმას ნიშნავს, რომ
ღმერთს შეუძლია ადამიანის გატეხილი ისტორიაც სიცოცხლის სივრცედ აქციოს.
სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო სწორედ ესაა — შეუძლია ტრაგედიაშიც კი ახალი აზრი დაბადოს.
❓ რას უნდა ეძებდეს ადამიანი — ბედნიერებას, კმაყოფილებას, სიმშვიდეს, ღმერთს თუ რას?
ვფიქრობ, საბოლოოდ ადამიანი ურთიერთობას ეძებს. შეიძლება ამას ბედნიერება დავარქვათ, სიმშვიდე, სიყვარული თუ ღმერთი — მაგრამ სიღრმეში ადამიანს უნდა, რომ ვიღაცისთვის შეუცვლელი იყოს და თვითონაც შეძლოს სიყვარული. ბევრი რამ დროებით გვავსებს, მაგრამ ვერ გვაკმაყოფილებს ბოლომდე. რადგან ადამიანი უსასრულოს წყურვილით არის შექმნილი. ქრისტიანობაში ღმერთი კონკურენტი არ არის ადამიანის ბედნიერების — პირიქით, ღმერთი ის სივრცეა, სადაც ადამიანი ბოლოს და ბოლოს ხდება ის, ვინც არის. სიყვარულის გარეშე კი ყველაზე დიდი წარმატებაც ცარიელი შეიძლება დარჩეს.
❓ როგორ ფიქრობ, დღეს რა სჭირდება ადამიანს ყველაზე მეტად? რა მოუტანს სულიერ სიმშვიდეს?
ვფიქრობ, დღეს ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება განცდა, რომ მისი არსებობა უაზრო არ არის. თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს წარმატება, ინფორმაცია, შესაძლებლობები — მაგრამ შინაგანად მაინც მარტო არიან. სულიერი სიმშვიდე მხოლოდ სტრესის არქონა არ არის. სიმშვიდე მაშინ იბადება, როცა ადამიანი საკუთარ არსებობას იღებს, სხვას ენდობა და სიყვარულის მიღებაც შეუძლია. ხშირად ადამიანი ყველაზე მეტად სწორედ მიღების შიმშილით იტანჯება. ამიტომ მგონია, რომ დღეს ყველაზე დიდი წამალი ცოცხალი ურთიერთობაა — სადაც არ გიწევს ნიღბებით არსებობა.
❓ რას მიხვდი ცხოვრებაში მთავარს, რომ გამიზიარო?
ალბათ იმას, რომ ადამიანი მარტო საკუთარ თავში ვერ გადარჩება. შეიძლება ყველაფერი გქონდეს გარედან, მაგრამ თუ სიყვარული, ურთიერთობა და შინაგანი სიცოცხლე არ არის, რაღაც მაინც ცარიელი რჩება. ასევე მივხვდი, რომ
სისუსტე ყოველთვის მარცხი არ არის. ზოგჯერ სწორედ გატეხილ ადგილებში იწყებს ადამიანი უფრო ნამდვილ ცხოვრებას.
და კიდევ — ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ბოლომდე არ გადაიქცეს რაღაც როლად.არ დაკარგოს ცოცხალი გული, გაოცების უნარი, თანაგრძნობა. მე მგონია, ღმერთი ადამიანს სრულყოფილი იმიჯისთვის ან რეპუტაციისთვის კი არა, ცოცხალი ურთიერთობისთვის ეძებს.
❓ თავად რისი გეშინია ყველაზე მეტად?
ყველაზე მეტად ალბათ იმის, რომ ადამიანი შეიძლება შინაგანად გაქვავდეს. როცა აღარ შეუძლია სიყვარული, აღარაფერი ეხება. ფიზიკური სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ შინაგანი სიკვდილი უფრო მძიმეა.
❓ თავს როგორ გრძნობ ახლა?
როგორც ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ გზაშია. ვფიქრობ, ადამიანი ბოლომდე არასოდეს „ასრულებს“ საკუთარ თავს. არის პერიოდები სიმშვიდის, მადლიერების, სიხარულის — და არის პერიოდები დაღლის, კითხვების, სიჩუმის. მაგრამ ასაკთან ერთად უფრო ნაკლებად გინდა ყველაფერი აკონტროლო. უფრო სწავლობ ნდობას, მიღებას, მადლიერებას უბრალო რაღაცების მიმართ. და ხვდები, რომ სიცოცხლე ბევრად უფრო საფრთხილოა და ამავე დროს ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე ახალგაზრდობაში გვგონია.
❓ ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო რა არის შენთვის?
ალბათ ყველაზე ცოცხალი მომენტები, სადაც ადამიანი ნამდვილ ურთიერთობას განიცდის. როცა არ გჭირდება როლის თამაში. როცა სიყვარული, სითბო, სიჩუმე ან უბრალო ერთად ყოფნაც საკმარისია. ზოგჯერ ძალიან პატარა რაღაცებიც — საუბარი, ლიტურგია, მეგობრობა, ბუნება, ბავშვის მზერა, — ბევრად უფრო ღრმა სიხარულს იძლევა, ვიდრე დიდი წარმატებები. მე მგონია, ადამიანი ყველაზე მეტად მაშინ ცოცხლობს, როცა სიყვარულშია.
❓ სანუკვარი ოცნება ან დიდი მიზანი თუ გაქვს?
ალბათ ყველაზე მეტად მინდა, რომ ადამიანმა საკუთარი ღირებულება დაინახოს და ღმერთი შიშის გარეშე აღმოაჩინოს. ჩვენს სამყაროში ძალიან ბევრია შიში, კონტროლი, სულიერი დაღლა. და მგონია, ქრისტიანობის გული თავისუფლება და სიცოცხლეა. თუ რამე მიზანი არსებობს ჩემთვის, ალბათ ესაა — რომ სიტყვამ, ურთიერთობამ ან უბრალო ერთმანეთთან ყოფნამ ადამიანს არსებობის იმედი დაუბრუნოს. დანარჩენი — წარმატება, აღიარება, ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოოდ მეორეხარისხოვანი ხდება, თუ ადამიანი შინაგანად ცარიელია.
❓ რა არის შენი სულის მისია, თუ გჯერა ასეთი რამის და თუ გაქვს მიგნებული?
ვფიქრობ, ადამიანის მისია ყოველთვის დაკავშირებულია სხვასთან. ადამიანი საკუთარ თავს მხოლოდ მაშინ პოულობს, როცა სიყვარულის, ურთიერთობის და გაზიარების სივრცეში შედის. თუ ჩემს ცხოვრებას შევხედავ, ალბათ ყველაზე მეტად მინდა, რომ ადამიანს არსებობის სიღრმე შევახსენო. რომ ის შემთხვევითი, უსარგებლო ან მხოლოდ რაღაც ფუნქცია არ არის. მე არ მჯერა „მისიის“ როგორც ეგოს განსაკუთრებულობის. უფრო მჯერა მოწოდების — იყო ცოცხალი, თავისუფალი და სხვასაც სიცოცხლის სივრცე გაუხსნა.
❓ რას მეტყოდი მე?
ალბათ იმას, რომ შენში ძალიან ძლიერი სიცოცხლის წყურვილი იგრძნობა. ადამიანი, რომელიც ასე სვამს კითხვებს, სინამდვილეში მხოლოდ ინფორმაციას არ ეძებს — ეძებს ნამდვილობას. და ვფიქრობ, შენ უკვე მიხვდი ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს: ადამიანს გარედან ყველაფერი შეიძლება ჰქონდეს და მაინც შინაგანად ცარიელი იყოს. შენს ტკივილსაც და ძიებასაც ნუ შეხედავ მხოლოდ როგორც ტრაგედიას. ზოგჯერ სწორედ ყველაზე რთული გამოცდილებები გვაშორებს ზედაპირულ ცხოვრებას და უფრო ნამდვილს გვხდის. მთავარია, გულში ცინიზმი არ დასახლდეს და სიყვარულის უნარი არ დაკარგო.
❓ რა მიგაჩნია ადამიანში უმაღლეს ღირებულებად?
თავისუფლება და სიყვარული. როცა ადამიანი სხვას არა შიშით, სარგებლით ან იძულებით, არამედ თავისუფლად იღებს. ჩემთვის პიროვნება სწორედ აქ იბადება. არა ძალაში, წარმატებაში ან სრულყოფილებაში, არამედ უნარში, რომ სხვა ადამიანის არსებობა გაგიხარდეს. ამიტომ ქრისტიანობის ცენტრში წესები კი არა, ურთიერთობა დგას. ადამიანი ყველაზე მეტად მაშინ ემსგავსება ღმერთს, როცა სიყვარული შეუძლია.
❓ რას ეტყოდი ახალგაზრდებს?
არ დაკარგონ საკუთარი სიღრმე. დღეს ძალიან ადვილია ადამიანი გადაიქცეს მხოლოდ იმიჯად, პროფილად, ეფექტად. მაგრამ შინაგანად ცარიელი ცხოვრება ადრე თუ გვიან მაინც ინგრევა. არ შეგეშინდეთ კითხვების, კრიზისების, ძიების. რწმენა ცოცხალი პროცესია და არა მზა ფორმულების დაზეპირება. და კიდევ — ნუ შეგრცხვებათ მგრძნობელობის. სამყარო ხშირად გასწავლის, რომ ცივი უნდა გახდე გადასარჩენად, მაგრამ ადამიანი სიყვარულის გარეშე ვერ ცოცხლობს.
❓ რა არის შენი საყვარელი ფრაზა?
☀️ ალბათ ეს: „ადამიანი ვერ იარსებებს მარტო როგორც ინდივიდი — ის პიროვნება ხდება მხოლოდ ურთიერთობაში.“
ვფიქრობ, ამაში თითქმის ყველაფერი ითქვა — ღმერთზეც, სიყვარულზეც, ეკლესიაზეც და ადამიანზეც.
ინტერვიუ / გიორგი წეროძე

.png)



Comments