Interview: Nino Maisashvili
- 2 days ago
- 6 min read
✍️ ინტერვიუ / ნინო მაისაშვილი
❓ მომიყევი ცოტა რამ შენ შესახებ, შენი საქმიანობის და პიროვნების შესახებ.
პირველ რიგში სურვილი მაქვს მივესალმო ყველას და მათ შორის საკუთარ „მეს“. რადგან ამ ინტერვიუს განსხვავებული ფორმატი აქვს, მეც თავს უფლებას მივცემ და წარმოვიდგენ, რომ ეს არის ჩემი დღიური. რაც თავი მახსოვს ყოველთვის მიყვარდა დღიურში ჩემი ემოციების და გამოცდილებების ჩანაწერების გაკეთება, თუმცა იმ დღიდან როცა პირველად გავიგე, რომ ორსულად ვიყავი 17 წლის წინ, დავიწყე ჩემი სამივე შვილისთვის დღიურის წარმოება და სრულიად გაუცნობიერებლად შევწყვიტე ჩემი პირადი დღიურის შევსება.
საინტერესოა როგორ დაემთხვა ჩვენი ინტერვიუ, მაგრამ დაახლოებით 3 თვის წინ ისევ აღვადგინე ჩემი საკუთარი დღიურის წარმოება და აღმოვაჩინე, რომ ძალიან მომნატრებია საკუთარ მესთან საუბარი. ჩემი განვლილი ცხოვრებაც საოცარ სათავგადასავალო წიგნს გავს, რომელიც ჯერ არ დამისრულებია. მე ვარ ნინო მაისაშვილი 37 წლის 3 შვილის დედა, ადამიანი, რომელსაც ყოველთვის უყვარდა ოცნება და ამ ოცნებების მისაღწევად ვაკეთებდი ჩემს მაქსიმუმს. ვგეგმამ პატარ-პატარა მიზნებს, ერთ-ერთი ასეთი ოცნება ჩემი საკუთარი საბავშვო ბაღის დაარსება იყო, ჯერ კიდევ იმ დროს როცა არ არსებობდა სტანდარტებზე დაფუძნებული კერძო ბაღების არსებობის საჭიროება, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ მე ჩემს ცხოვრებას აუცილებლად პატარებს დავუკავშირებდი.
სწავლა დავამთავრე ინგლისში, რის საფუძველზეც უფლება მქონდა ინგლსში გამეხსნა ჩემი კერძო საბავშვო ბაღი, თუმცა გული ყოველთვის საქართველოში, ჩემებთან მომიწევდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩემს მეუღლეს და ოჯახის წევრებს ამ მხარდაჭერისთვის.
❓ როგორი ხასიათის და ბუნების ადამიანი ხარ?
ამ კითხვაზე გამიხარდებოდა პასუხი სხვებს რომ გაეცათ, მაგრამ ვისარგებლებ შემთხვევით და საკუთარ მეს მადლობას გადავუხდი, იმ ხასიათისთვის და თვისებებისთვის, რამაც გამზარდა და გამაძლიერა. ბავშვობიდან მიყვარს დისციპლინა, ფიზიკური შრომა, საკუთარ თავზე დაკვირვება და ადამიანები. შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ სრულიად უცხო ადამიანიც, ჩემთვის შეიძლლება რამოდენიმე წუთში ჩემიანი გახდეს. თამამად გამოვხატავ ჩემს გრძნობებს, სიყვარულს, სევდას, მადლიერებას და იმედგაცრუებას. ბევრს ამის გამო სუსტი ადამიანი ვგონივარ, თუმცა მე მათ ვერ დავეთანხმები.
❓ რა არის შენს ხასიათში ისეთი, რაც ბავშვობიდან მოგყვება და მერე შეძენილი ან მერე დაკარგული არაა?
ვთვლი, რომ ყოველთვის ვიყავი მიზანდასახული და ეს თვისება დღემდე მომყვება. ყოველთვის ვაფასებდი სხვის შრომას და დღესაც ვუფრთხილდები სხვის იდენტობას.
❓ ცხოვრებაში პიროვნული რადიკალური ცვლილება თუ გქონია?
ჩემს ცხოვრებაში ეტაპებად მაქვს ტრანსპორმაციის საფეხურები ჩაშლილი, რომელიც ჩემი ღირებულებების ჩამოყალიბებასთან არის კავშირში. თუმცა ერთი და იგივე გამოცდილებამ შეიძლება ადამიანებში რადიკალურად სხვადასხვა კვალი დატოვოს.
❓ რა ასაკში იყო და რამ განაპირობა?
ყველას გვახსოვს, როგორი რთული დრო იყო უმრავლესობისთვის ჩვენი ბავშვობის პერიოდში, ასევე გეტყვით, რომ შვიდნი ვართ დედმამიშვილები და საკმაოდ გაჭირვებული გზა გამოვიარეთ, თუმცა მე თავი ყველაზე მდიდარი მეგონა, მხოლოდ იმიტომ, რომ მყავდა ოჯახი, სადაც შეიძლება სხვებისთვის არაფრისგან, მაგრამ ჩემთვის იქმნებოდა სიყვარული და ტკბილი მოგონებები. მინდა გაგიზიაროთ პირველი სურათი, რაც მახსენდება - ბავშვობაში, როცა მამაჩემი სამსახურში მიდიოდა, დედა კარში ჩაეხუტებოდა და ხელის აფარებით ისე, რომ ჩვენ არ დაგვენახა ჩუმად აკოცებდა ხოლმე. ერთხელ აგარაკზე, რომ მივდიოდით უკან ვისხედით ბავშვები და მანქანას პატარა ფანჯარა ჰქონდა, რომლითაც ხედავდი იმ ორ ადამიანს ვინც წინ იჯდა. მახსოვს დედა მამაჩემს როგორ შემოხვევდა ხელს მხრებზე და მიუხედავად ყველა პრობლემისა მაინც ტკბებოდნენ იმ მოცემულობით, რაშიც ვიყავით. მაშინ ვხვდებოდი, რომ ცხოვრებას რა რაკურსიდანაც შეხედავ ზუსტად იმ სურათის დანახვა ხდება შესაძლებელი.
პირველად 13 წლის ასაკში როცა გავყევი ჩემს ნათესავებს ზაფხულის პერიოდში საფრანგეთში, მაშინ მივიღე პირველი შოკი. თურმე რამხელა ყოფილა სამყარო და როგორი მრავალფეროვანია ის. შემდეგ წელს ინგლისში გავყევი და ასე დაიწყო ჩემი გამოცდილებებით აღსავსე ცხოვრება. ამ ადამიანებმა უდიდესი როლი ითამაშეს ჩემს ფორმირებაში და დღემდე მათი მადლიერი ვარ.
❓ დიდი სრთულეები გქონია ცხოვრებაში? რა იყო ყველაზე დიდი რისი გადალახვაც მოგიწია?
დღეს უკვე ვხვ,დები თუმცა წლების განმავლობაში ამის გაცნობიერება და აღიარება მიჭირდა. ყველაზე მძიმედ, ადამიანების დაკარგვას, მათ გარდაცვალებას განვიცდი. პირველი დედა იყო, 15 წლის ასაკში და მერე რამოდენიმე ისეთი ადამიანი, რომლებმაც უდიდესი კვალი დატოვეს ჩემს გარდასახვაში. როცა გრძნობ, რომ სიკვდილი ესე ახლოს არის შენთან, ხვდები, რომ დასაკარგი დრო არ არის.
❓ რა დაგეხმარა ამაში, როგორ იპოვე ძალები და როგორ შეგცვალა ამან?
ვერ ვიტყვი რომ „ძალამ“ გადამალახინა, მე რწმენამ მიშველა. მწამს, რომ ამით არ სრულდება ჩვენი ცხოვრება. დავრწმუნდი, რომ ადამიანები ბუნებით ეგოისტები ვართ. წელს, როდესაც მამა დავკარგე, ზუსტად მაშინ დასრულდა ჩემი ბავშვობა. მივხვდი, რომ საკუთარ თავს დავტიროდი, ჩემი თავი მეცოდებოდა მის გარეშე, მისი ხმა, მისი ჩახუტება, მისი ლოცვა მე დამაკლდებოდა. სხვა ყველა ცხოვრებისეულ სირთულეს გამოწვევას ვეძახი და თუ როგორ გადავლახავთ ამ გამოწვევებს ეს ჩვენზეა დამოკიდებული.
❓ შენი ცხოვრება რა ასაკიდან დაიწყო?
15 წლიადან როცა მომიწია მომენტალურად გაზრდა და 32 წლის ასაკში როცა ყველაზე დიდი პიროვნული ზრდა დავიწყე ჩემი მეგობრის მეშვეობით, რომელიც დღემდე გრძელდება და იმედი მაქვს, რომ არასდროს არ დასრულდება. ამ ეტაპზე ვცდილობ აღმოვაჩინო რაც შეიძლება მეტი საკუთარ თავზე.
❓ საკუთარ განვლილ გზაში რა გიყვარს ყველაზე მეტად?
წლები მეგონა, რომ მიყვარდა ის შედეგი, რასაც ვდებდი ყოველდღიურად, თუმცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი ასეთი გეგმის ზედმიწევნით შესრულება, გაუცნობიერებელი პერფორმანსი იყო სამყაროს მიმართ, რომ მე დღის ბოლოს ცოცხალი ვარ. ამიტომ
გადავწყვიტე მიყვარდეს არა შედეგი, არამედ ის გასავლელი გზა, რომელიც ამ შედეგამდე მიმიყვანს, მარტივად რომ ვთქვათ ყოველი გათენებული დღე.
❓ რითი ამაყობ საკუთარ თავში ან ცხოვრებაში?
ყოველთვის ვცდილობ ვიმუშაო საკუთარ თავზე და დაშვებულ შეცდომებზე. ამავდროულად ვამაყობ, რომ ვარ თავდაჯერებული და მაქვს საკუთარი თავის იმედი. არ მეშინია ცხოვრების ნოლიდან დაწყება. ვიცი, თუ მხოლოდ იღბალზე დაყრდნობით არ მიაღწიე შედეგს და ამ შედეგის მისაღწევად შენც ბევრი იშრომე, ცხოვრებაში თუ დაგჭირდა, ამ გზავს ისევ გაივლი.
❓ რა არის შენი შინაგანი მთავარი ღირებულებები რითიც ცხოვრობ?
ვიყო სამართლიანი, ვინც არ უნდა იყოს განურჩევლად სტატუსისა - შვილი, მეგობარი, ნათესავი იქნება თუ მეზობელი, არ აქვს მნიშვნელობა. ბავშვობიდან მომყვება ის დარიგება, რასაც სახლში გვაძლევდნენ -
არასდროს არ გაუკეთო სხვას ის, რაც არ მოგეწონება თავად შენ.
❓ რამ ჩამოგიყალიბა ეს შინაგანი ღერძი? ოჯახიდან მოგყვა და გარემოდან თუ თავად ააშენე?
რა თქმა უნდა პირველ რიგში ოჯახმა, რწმენამ და წლების მერე დანახულმა შედეგმა. როცა ადამიანი ხედავ, რომ შენს მეთოდს სულიერი სიმშვიდე და ჰარმონია მოაქვს, ესეგი სწორ გზაზე დგახარ.
❓ ბედნიერი ადამიანი ხარ? მიაღწიე და მოიპოვე ეს თავად თუ ბუნებით სულ ასეთი იყავი? მაინტერესებს რა გზა გაიარე ამასთან დაკავშირებით.
ბედნიერება წლებთან ერთად იცვლება, თუმცა ერთმა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა თქვა: - ჩვენ ამ ცხოვრებაში ყველანი ვართ მსახიობები, რომლებიც ამოფარებულები ვართ ამა თუ იმ როლს, მაგალითად წარმატებული ექიმი, დედა, იურისტი, მხატვარი და ასე შემდეგ. რომ დავუფიქრდეთ, ეს ხომ უბრალოდ სტატუსია, როგორ შეიძლება სრულფასოვანი ბედნიერება მოვიპოვოთ იმით, რომ მხოლოდ კარგი დედები ვართ, ან კარიერაში წარმატებას მივაღწიეთ. ეს უბრალოდ ჩვენი ცხოვრების „ფიზიკურად“ გასავლელი გზაა, ნამდვილად ბედნიერია ის ადამიანი, ვინც იმ საქმეს აკეთებს, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას ახერხებს. თუმცა ბევრად
უფრო დიდი ბედნიერების მომტანია საკუთარი თავის შეცნობა, პიროვნული ზრდა, ოქროს შუალედის დაჭერა ყველაფერში.
❓ როგორც ვიგრძენი მიზანდასახული ადამიანი ხარ, გამაცანი შენი სტილი, როგორ ისახავ მიზანს, როგორ აღწევ, რა მეთოდები გაქვს, როგორ ურთიერთობ სამყაროსთან.
პირველ რიგში დისციპლინა საკუთარ თავთან. არ ვკიდებ ბევრ საქმეს ხელს ერთდროულად. ვცდილობ დავისახო ისეთი მიზნები, რომელიც ჩემს შესაძლებლობებს არ აღემატება. თუმცა მიზანი და ოცნება განსხვავდება, ოცნებას საზღვრები არ აქვს. ვწუხვარ რომ ბევრმა დაკარგა ოცნების უნარი. თუ საქმეში გინდათ, რომ მიაღწიოთ შედეგს, გახსოვდეთ, რომ ამ საქმეს თქვენთან ერთად სხვებიც იზიარებენ, არ დაუკარგოთ ადამიანებს თავიანთი ძლიერი მხარეები. სამყაროს მადლიერი ვარ და ამ ბოლო დროს, დილას როცა ვდგები, სამყაროს/ღმერთს კონკრეტულ საქმეში დახმარებას აღარ ვთხოვ, ჩემი თხოვნაა, რომ სამყარომ თავად გამოიყენოს ჩემი რესურსი იქ, სადაც ყელაზე მეტად ვჭირდები. ბევრჯერ გსმენიათ, უნდა იბრძოლო საკუთარი მიზნის მისაღწევად, მე ამას არ ვეთანხმები, ბრძოლაში ყოველთვის არის მოგებული და წაგებული მხარე, ასევე ნუ იბრძვით ურთიერთობებში, რადგან არავის არ უნდა უხაროდეს გამარჯვებული დედის ან გამარჯვებული ცოლის სტატუსით სარგებლობა. მიზნების ასახდენად საჭიროა შრომა და დისციპლინა. ურთიერთობებშიც იგივე გზა გვაქვს გასავლელი.
❓ რაშია შენი ძალა, როგორ ფიქრობ?
ვიღებ იმ ცოდნას და გამოცდილებას, რასაც სხვადასხვა საქმის სპეციალისტები, ადამიანები და მეგობრები მიზიარებენ და მაქსიმალურად ვცდილობ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და მინდა გითხრათ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ასევე ბევრი სხვადასხვა ტექნიკის მეშვეობით მათ შორის ციფრული ფსიქოლოგიით მივხვდი, რომ ადამიანები ძალიან განვსხვავდებით და ეს არის ზუსტად ჩვენი ინდივიდუალიზმი.
❓ რისი გჯერა მუდმივად საკუთარ თავში?
რაც არ გკლავს ის გაძლიერებს.
❓ შენი ცხოვრების მიზანი ახლა რა არის? რაზე ოცნებობ და როგორ მიდიხარ ამისკენ?
ნაბიჯ-ნაბიჯ და ამ პროცესში ვცდილობ მივიღო სიამოვნება. ოცნება მაქვს, რომ კონკრეტულ ასაკამდე ისე დავალაგო ჩემი ცხოვრება, რომ შემდგომ მეტი დრო დავუთმო საყვარელ ადამიანებს საყვარელ ჰობის. არ მეშინია სიბერის, პირიქით, სამყაროს ვთხოვ, რომ ეს საოცარი ასაკიც მომასწროს.
❓ რას ეტყოდი ახალგაზრდებს ამ გადმოსახედიდან, ვინც გზის ძიებაშია, ვინც დაკარგულია?
დაფიქრდით, თვალები დახუჭეთ, დარჩით საკუთარ თავთან და დაუსვით კითხვა სად ხართ ეხლა და სად გინდათ, რომ იყოთ. არჩევანი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ ჩვენ გავურბივართ იმ პასუხისმგებლობას, იმ არასასურველ შედეგს, რაც ამ არჩევანს მოყვება. ყოველთვის გვინდა საუკეთესო შედეგზე გასვლა, თუმცა არავინ არ იცის წარუმატებლობის შემთხვევაში გავლილი გზით შეძენილი გამოცდილება და ცოდნა ხვალ/ზეგ როგორ გამოგადგება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად. სამწუხაროა, რომ ციფრულმა სამყარომ საოცრად დიდი დრო წაგვართვა და რეალურად საკუთარ თავთან დარჩენის დრო აღარ გვრჩება.
❓ რას მეტყოდი მე?
მადლობა, რომ შექმენი ასეთი საინტერესო რესურსი, შენი ბარათები ბევრ ადამიანს დააფიქრებს იმაზე, თუ რამდენად ჰარმონიაშია საკუთარ თავთან, იცნობს თუ არა საკუთარ შინაგან სამყაროს, გისურვებ წინსვლას და წარმატებას. წინსვლას სულიერად და წარმატებას მატერიალურ ცხოვრებაში.
❓ მითხარი შენი საყვარელი ფრაზა
☀️ გვიყვარდეს ერთმანეთი.
ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია. სამყარო ყოველთვის გაძლევს არჩევანის გაკეთების საშუალებას. არ არის აუცილებელი იყო ხელგაშლილი, დამთმობი და ასე შემდეგ. უბრალოდ, თუ ვერ ახერხებ სიკეთის კვალის დატოვებას შენს მერე, ბოროტებას მაინც ნუ შეუწყობ ხელს. არ აიწყო საკუთარი ბედნიერება სხვისი უბედურების ხარჯზე.
Nino Maisashvili

.png)



Comments