✍️ ინტერვიუ / ანტონ ბალანჩივაძე
❓ ეს ცხოვრება არის...
წინა ცხოვრებასა და მომავალ ცხოვრებას შორის
❓ რას ხედავ მთებში? ბალახებში? ცაში?
მოძრაობას.
❓ ცხოველებიდან რომ შეგეძლოს ვის ხმას გაიგონებდი?
მესმის ყოველ საღამოს ზოოპარკიდან ლომის ღრიალი. ალბათ 2013 წლიდან მოყოლებული... ყოველ საღამოს ისმის ეს საზარელი ხმა შუაგულ თბილისში, ვაკეში და ვერაზე, მზიურში. ვისურვებდი, რომ გამეგო არა მისი, არამედ იმ ადამიანის ხმა, რომელიც ცხოველს ბევრად უფრო თავისუფალ, ფართო ვოლიერში გადაიყვანდა, სადღაც ახალ ზოოპარკში. მე კი ზოოპარკში სიარულისგან თავის შეკავებას ვურჩევდი ყველას, ვინც თვლის რომ უყვარს ცხოველები.
❓ ადამიანებს, ვინმეს, რა უთქვამს შენთვის ყველაზე საინტერესო? რა დაგამახსოვრდა, რამ დატოვა კვალი?
ის რაც ყველაზე ძვირფასია, ასეთ საჯარო კითხვა-პასუხის ფორმატისთვის არ მემეტება, მაგრამ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები არსებობს, რომლებიც სწორედ ასეთ ფორმატს უხდება, თან რომლებიც საჯაროდ თქმულა აქამდე, მაგალითად გოეთეს სიტყვები: ვაკეთოთ ნაბიჯები, რომლებიც ოდესმე კი არ მიგვიყვანენ მიზანთან, არამედ ყოველი ნაბიჯი იყოს თვითმიზანი და ამავდროულად ნაბიჯი წინ.
❓ რა არის შენთვის სიცოცხლეში შთამბეჭდავი?
როდესაც მოდის მნიშვნელოვანი პასუხი მნიშვნელოვან კითხვაზე
❓ რა აღგაფრთოვანებს ხოლმე? რა გაოცებს?
ასაღფრთოვანებელი, გასაოცარი.
❓ სად ინახავს ადამიანი ენერგიის და სიყვარულის დიდ რეზერვუარს? როგორ უნდა იპოვოს?
შეიძლება იცით ეს ისტორია ერთ დიდ ადამიანზე, რომელიც თავიდან განსაკუთრებული "გამჭრიახობით" არ გამოირჩეოდა და მეორე დიდ ადამიანთან მივიდა სასწავლებლად და დასაჭკვიანებლად. სახელებს შეგნებულად არ დავასახელებ. მასწავლებელი, სხვა ძნელ ამოცანებთან ერთად ყოველ დღე გახვრეტილი სათლით მდინარიდან მთაზე წყლის ამოტანას ავალებდა. ყოველ ჯერზე, მთაზე ამოსვლისას მოსწავლე ხედავდა რომ სათლი ცარიელი იყო, მაგრამ ცდას არ წყვეტდა. ბოლოს კი ერთ-ერთი უდიდესი ბრძენი გახდა.
იმის თქმა მინდა, რომ ყველას განსხვავებული რამ სჭირდება.
❓ მითხარი ამ ცხოვრების შესახებ რაიმე საიდუმლო.
რადგან ყველას არ სჭირდება ერთი და იგივე რამ, ერთი და იგივე რამ არ არსებობს. ორი ერთნაირი ნივთიც კი განსხვავდება.
❓ რას ამბობს ქარი?
ვუიიიიი ..
❓ რა არის ადამიანში ფასდაუდებელი თვისება?
იყო იქ, სადაც საჭიროა, იმ დროს, როდესაც საჭიროა, გასცე ის, რაც საჭიროა, მიიღო ის რაც საჭიროა, იმ ფორმით როგორც საჭიროა და იმდენი რამდენიც საჭიროა :)
❓ რაზე საუბრობენ ხოლმე ყვავილები ერთმანეთში?
მგონია რომ ყვავილები ერთმანეთში არ საუბრობენ, ისინი უსმენენ ერთად ვარსვკვლავებს.
❓ რისთვის ღირს ეს ცხოვრება?
იმის პოვნისთვის, რაც და ვინც მხოლოდ აქ შეიძლება ადამიანმა იპოვნოს.
❓ მშვენიერებაზე...
🍂 მამაჩემის სიტყვებს გავიხსენებ: "მშვენიერების გრძნობა - არის მადლიერება"
ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი
ანტონ ბალანჩივაძე - მხატვარი
Opmerkingen