top of page

Interview: Beka Dvali

  • 5 minutes ago
  • 9 min read

✍️☀️ინტერვიუ / ბექა დვალი


❓გამიზიარე, როგორ ხარ, შენი ცხოვრების რა ეტაპზე ხარ, რა ხდება შენთან, რა ხდება შენში, როგორ გგონია რას გადიხარ?


ახლა ვარ ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეტაპზე. სრული გააზრება მაქვს ჩემი ცხოვრების, რა რის გამო მოხდა და რამ გამოიწვია ის, რომ დღეს ასეთი ვარ, როგორიც ვარ. რა გახდა ჩემი ცუდი და კარგი თვისებების მიზეზი, რომლებსაც დღემდე გარკვეულწილად ვატარებ.


ახლა ის ეტაპია, როდესაც ყველა გადაწყვეტილებას გააზრებულად ვიღებ, კარგსაც და ცუდსაც. გადაწყვეტილებებს აღარ ვიღებ აფექტურ მდგომარეობაში. გარკვეულწილად სიმშვიდემ და თავდაჯერებულობამ  თავი მოიკიდა ჩემს სხეულსა და სულში, რაც საგრძნობლად ცვლის ჩემი ცხოვრების ტრაექტორიას.

ვფიქრობ, დიდი ხანია ცვლილებებს გავდივარ და ეს პროცესი ყოველთვის გაგრძელდება. უბრალოდ, ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა დაგროვდა გარკვეული გამოცდილება და ინფორმაცია, რომელიც ჩემგან სხვადასხვა ფორმით გამოდის გარეთ, იქნება ეს მხატვრობა, საუბარი თუ თუნდაც ინტერვიუ. რა თქმა უნდა, სწავლას სიცოცხლის ბოლომდე ვაგრძელებთ, უბრალოდ არის მომენტები, როდესაც საჭიროა ინფორმაციის გაზიარება ორგანიზმიდან რომ არ გადავიტვირთოთ.


❓რა ასაკიდან დაიწყე საკუთარი თავის ძიება?


დღეს, როცა ჩემს ცხოვრებას ვუყურებ, ვფიქრობ, რომ საკუთარი თავის ძიება პატარაობიდან დავიწყე, რადგან თავისებური ბავშვი ვიყავი. ადამიანებთანაც წესიერად ვერ ვკონტაქტობდი და არ შემეძლო არც ბაღი, არც სკოლა და მსგავსი დაწესებულებები. ფაქტობრივად, თავი ციხეში მეგონა. იმ პერიოდში რა ფიქრები მქონდა, ნაწყვეტებად მახსენდება ხოლმე, მაგრამ ემოციები მკვეთრად მახსოვს.

გარკვეული დროის შემდეგ ცხოვრებაში ისეთი მოვლენები მოხდა, რომლებმაც ჩემში არეულობა გამოიწვია როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ მდგომარეობაში. ამ ყველაფერმა აგრესია გამოიწვია ყველაფრის მიმართ, თუმცა ამას პირდაპირ გარშემომყოფ ადამიანებზე არ ვავლენდი. ამ ნეგატივისგან გათავისუფლების ერთ-ერთ ფორმად ნაწილობრივ მხატვრობა იქცა, მაგრამ იმდენი რამ აკუმულირდა ჩემში, რომ მხოლოდ ეს ვერ მეხმარებოდა, რამაც ძირითადად საკუთარი თავის დაზიანება გამოიწვია სხვადასხვა ფორმით.


ეს ყველაფერი წლები გაგრძელდა და ამ პერიოდში საკმაოდ ცუდ წერტილამდე მივედი, საიდანაც ან ძალიან ცუდ გზას ადგები, ან ძალიან კარგს. გააჩნია, როგორ გაიაზრებ განვლილ გზას. ვფიქრობ, სწორედ იმ მდგომარეობიდან დაიწყო რადიკალური ცვლილებები, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი დასაწყისი იყო ამ ყველაფრის. ამის შემდეგაც დიდხანს გაგრძელდა რყევა ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ უკვე ბევრ რამეზე პერსპექტივა მქონდა შეცვლილი და ეს დამეხმარა ამ ყველაფრის დაძლევაში.


 

❓ყველაზე დიდი გარდატეხები როდის გქონდა ცხოვრებაში და რამ გამოიწვია?


ყველაზე დიდი გარდატეხა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გავიაზრე: მადლიერი ვიყავი ყველაფრისთვის, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა.

ეს მდგომარეობა გამოიწვია იმ გააზრებამ, რომ სიმშვიდე, რომელიც დღეს მაქვს, და ის მონაცემები, რომლითაც ცხოვრებას მივუყვები, იყო განვლილი ცხოვრების პროდუქტი, როგორც კარგის, ისე ცუდის. ამისთვის კი ღმერთის მიმართ მადლიერების მეტი არაფერი მეთქმოდა.

 

❓ სირთულეებთან გამკლავების შენებურ მეთოდებს თუ მიაგენი შენზე მორგებულს?


დროთა განმავლობაში მივედი იმ ხედვამდე, რომ ყველა სირთულე, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, არის გაკვეთილი. ხშირად ზოგი ისეთი რთულია, რომ შეიძლება დაგანგრიოს, მაგრამ ასე არის მოწყობილი ცხოვრება.

ჩემს შემთხვევაში, სირთულეებს, რომლებიც ცხოვრებაში ხდება, რამდენიმე პერსპექტივიდან ვუყურებ. ეს მიდგომა საგრძნობლად ცვლის ყველაფერს. პრობლემა უკვე უბრალოდ გადასალახ ბარიერად იქცევა, რომელიც ცხოვრებას საინტერესოს ხდის.

ხშირად შემიდარებია ეს თამაშისთვის. მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც კომპიუტერულ თამაშს ითამაშებს და ამ თამაშის მარტივ ვერსიას აირჩევს. შეიძლება თავიდან ჩართოს მარტივი რეჟიმი, მაგრამ აუცილებლად მივა იმ მომენტამდე, როცა ეს მოსაწყენი გახდება და საკუთარი ხელით გაართულებს თამაშს. შეგვიძლია ჩვენი ცხოვრებაც იგივე მაგალითზე გადავიტანოთ. ცხოვრება ბევრად საინტერესოა თავისი სირთულეებით. ამ შეხედულებით,

ცხოვრების სირთულეები გადასალახი ეტაპებია, რომლებიც გვზრდის და გვაძლევს საშუალებას, საკუთარი თავი უკეთ შევისწავლოთ და განვავაითაროთ.

 


❓უნივერსალურად რა მოგვერგება ადამიანებს როგორ ფიქრობ, გასამკლავებლად, თუ გაქვს რაიმე ფორმულები.


ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მდგომარეობა არის, რომ ადამიანი მადლიერებაში იყოს. ხშირად ვამბობ, რომ

ამ ცხოვრების გასაღები მადლიერებაა.

მადლიერება ზუსტად იმ პერსპექტივას გაძლევს ცხოვრებაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებულის პოზიციაში გაყენებს. მადლიერების გამოხატვის დროს ადამიანის მდგომარეობა სრულიად იცვლება.

როგორც აღვნიშნე ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედო, ზუსტად ერთნაირად მადლიერი ვარ ცუდისაც და კარგისაც. შემიძლია ვთქვა, რომ ჯამში ყველაზე დიდი გარდატეხა სწორედ ამის გააზრებამ გამოიწვია. და მჯერა რომ უნივერსალურად მოერგება ყველა ადამიანს.

 

 

❓შენთვის რას ნიშნავს იყო ძლიერი ადამიანი, ძლიერი სული?


უფრო სიღრმისეულად რომ შევხედოთ, ვფიქრობ, ძლიერი ადამიანი არის ის, ვისთანაც ფიზიკური მდგომარეობა და სულიერი მდგომარეობა ერთ კომპონენტშია გაერთიანებული. დღევანდელი რეალობით, ჩვენ ვცხოვრობთ აქ, დედამიწაზე, სადაც იმქვეყნიური და ამქვეყნიური გაერთიანებულია. გვჭირდება სულიერებაც და ფიზიკური მდგომარეობაც.

მინახავს ადამიანი, რომელიც ზედმეტად სულიერებაშია გადავარდნილი, მაგრამ რეალურად ოჯახი ენგრევა და იქ, სადაც მოქმედებაა საჭირო, სხვა ხერხებს მიმართავს. ჰგონია, რომ მის გასაკეთებელს ვიღაც ჯადოსნურად მოუგვარებს. ასევე მინახავს ადამიანი, რომელიც ძალიან ხორციელზეა გადართული და კატასტროფულ ქაოსში იმყოფება. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი დალაგებული აქვს ცხოვრებაში, მაგრამ რეალურად, გვერდიდან რომ შეხედავ ასეთ ადამიანს, მასში ქაოსია, რომელსაც ვერ ალაგებს, რადგან მასში უღმერთობა ბატონობს.

მჯერა რომ ადამიანის სიძლიერე ყოველთვის ზომიერებაშია.

ასევე ვფიქრობ, რომ ადამიანის სიძლიერისა და სისუსტის გამოვლინების ყველაზე მკვეთრი მაგალითია ის მომენტი, როდესაც ადამიანი გასაჭირში ვარდება. თუ ადამიანი ბედნიერების დროს კარგია, მაგრამ გასაჭირის დროს რადიკალურად იცვლება, სწორედ იქ ჩანს მისი რეალური სახე.

არიან ადამიანები, რომლებიც პატარა დისკომფორტზეც კი რადიკალურ სახეცვლას განახებენ, რაც საკმაოდ საშიშია. ასეთ ადამიანებშიც, ვფიქრობ, სულიერების ნაკლებობაა და ასევე ეგოიზმი ყვავის.

 

 

❓ როგორ ფიქრობ, რა გვაყალიბებს ადამიანად, ინდივიდუალიზმს რა ქმნის ჩვენში.

 

ადამიანი რომ ჩამოყალიბდეს, ვიცით, რომ ბევრი რამ არის საჭირო. ძირითადად, ადამიანის ჩამოყალიბებას ძალიან ეხმარება სირთულეების გადალახვა. ზოგადად რომ შევხედოთ, ბუნებაშიც ბევრი რამ ასე არის მოწყობილი. მაგალითად, მოსავალი რომ მიიღო, საკმაოდ დიდი შრომაა საჭირო.

ძლიერი ფოლადი რომ მივიღოთ, რკინამ უნდა გაიაროს სხვადასხვა მდგომარეობა, მაღალი წნეხისა და ტემპერატურის ქვეშ უნდა იყოს, რომ გამორჩეული სიმტკიცე და დინამიკა ჰქონდეს.

ვფიქრობ, ადამიანიც ასე არის მოწყობილი. თავისთავად, არის გამონაკლისებიც, მაგრამ ძირითადად, ჩემი დაკვირვებით, ასე ხდება, როგორც აღვნიშნე.

ინდივიდუალიზმს ალბათ ოდნავ გავმიჯნავდი ამ ყველაფრისგან, რადგან მინახავს ადამიანები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ინდივიდუალიზმი მათში არ ყვავის. ისინი უბრალოდ ჩამოყალიბებული ადამიანები არიან, კარგები ყველა კუთხით, მაგრამ მდინარეს მიჰყვებიან იმ დინამიკით, რასაც მდინარე სთავაზობს.

ვფიქრობ, ინდივიდუალიზმი არის თავდაჯერების, მიზანსწრაფვისა და სიჯიუტის ნაზავი, რომელიც შენგან სხვადასხვა ფორმით ასხივებს.

 

 

 

❓შენ როგორ გრძნობ ხოლმე საკუთარ უნიკალურობას? უბრალოდ ასეთი ხარ თუ ცდილობ იყო შენი თავი, როგორც ვიცი მხატვარი ხარ და შენი ნიშა გაქვს, შენი სტილი, როგორ მიაგენი ამას?


ადამიანს უნიკალურს ხდის ის ფაქტი, რამდენად ახლოს არის ის საკუთარ თავთან, იმასთან, ვინც რეალურად არის. როგორც კი ადამიანი კარგავს ამ მდგომარეობას, მისი უნიკალურობაც ვიღაცის ანარეკლად იქცევა, რასაც დაკვირვებული თვალი ყოველთვის დაინახავს.

ჩემს შემთხვევაში, გარკვეულ სიტუაციებში ვგრძნობ ხოლმე, რომ ცხოვრებაზე განსხვავებული ხედვები მაქვს. მიჭირს შეგუება სოციუმის მოცემულ წყობასთან და სხვა მსგავს დეტალებთან. შეიძლება ამას უნიკალურობა არ დავარქვათ და უფრო რეალობის აღქმა, ფართო სურათის დანახვა ვუწოდოთ. ალბათ ორივე კომპონენტის ნაზავია.

შემოქმედებას რაც შეეხება, მე მხატვარი ვარ და არქიტექტორი. სტილი, რომლითაც ვხატავ, თითქოს თავისით ჩამოყალიბდა. ყოველთვის ვამბობ, რომ

ხატვის პროცესში ვცდილობ ვიყო იმ ზონაში, სადაც საკუთარ თავს უშვებ და ინფორმაციის გამტარი ხდები.

ჩემი აზრით, სწორედ მაშინ, როდესაც ავთენტური ხარ და მართალი ხარ საკუთარ თავთან, ხარ უნიკალური. როგორც კი ამ მდგომარეობას გასცდები, იმ წამსვე შენი ხელოვნება სიმართლეს კარგავს.

 

 

❓მომიყევი როგორი იყავი ბავშვობიდან, როგორ იცვლებოდი ეტაპობრივად, რა გემატებოდა და რა გაკლდებოდა ხოლმე დროსთან ერთად?


ბავშვობაში ძალიან მორიდებული ვიყავი. არ მიყვარდა კონტაქტი, ვერ ვეგუებოდი ვერაფერს და საკუთარ თავს ვერ ვგრძნობდი, შეიძლება ასე ითქვას. მახსოვს, კლასში გაკვეთილს წლები ვერ ვყვებოდი, რადგან შიშნარევი მორიდებულობა მქონდა.

ყველაზე დიდი გარდატეხა რაგბზე შესვლამ გამოიწვია. ეს მაშინ მოხდა, როცა 8 წლის ვიყავი. მახსოვს, რომ შემიყვანეს, ვიტირე, რადგან ჩემთვის სიგიჟე იყო ამდენი ბავშვის ერთიანად დანახვა. თუმცა მალევე საკუთარი თავი სწორი მიმართულებით აღვიქვი. ეს იყო ადგილი, სადაც საკუთარი თავის გამოხატვა უსიტყვოდ შემეძლო, რაც გუნდელებში დადებით ემოციას და გვერდში დგომას იწვევდა. სწორედ იქ შემოვიდა პირველად ჩემში თავდაჯერებულობა.

დღემდე რაგბი ჩემთვის ყველაზე ღრმა სპორტია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ვიპოვე ჩემი თავი, არამედ იმიტომაც, რომ თვითონ რაგბი სიღრმისეულად რომ ჩაშალო, ძალიან ბევრი კავშირი აქვს რეალურ ცხოვრებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სპორტი მოვიარე, რაგბს მაინც პირველ ადგილზე ვაყენებ.

ამის შემდეგ, ფაქტობრივად, დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. ვხვდებოდი, რა მიჭირდა იმისთვის, რომ სხვადასხვა გარემოში ჩემი პოზიცია დამეჭირა. შემდეგ წამოვიდა ოდნავ უფრო დიდი ასაკი, რომლის დროსაც თბილისის ქუჩებსა და სკოლებში საკმაოდ დიდი განუკითხაობა იყო. ჩხუბისა და გადარჩენის გარდა თითქმის არაფერი ხდებოდა. მეც ნაწილობრივ ამ ყველაფრის ნაწილი გავხდი. იმ სივრცეშიც გამოვაჩინე კლანჭები და იმ დონეზე მოვახერხე ადაპტაცია, რამდენიც პოზიციის დასაჭერად იყო საჭირო.

რაც დრო გადიოდა, თავდაჯერებულობა ნელ-ნელა ავსებდა ყველაფერს. გამიმართლა, რომ ძალიან კარგი მეგობრები მყავდა გვერდით და ერთად გაგვქონდა თავი იმ დროს, როცა ეს საჭირო იყო.

ბავშვობის სირთულეებმა ჩემში ძალიან კარგი შედეგი მოიტანა. რაც მთავარია, შიშის გადალახვა მასწავლა.

 

 

❓ შენი ცხორვების სტილი/წესი როგორია?


ვცდილობ, რომ დღევანდელი დღით ვიცხოვრო. მარტივი მაგალითი რომ მოვიტანო, არასდროს გამოვტოვებ საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებას იმის გამო, რომ მეორე დილით შეხვედრა მაქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეხვედრას ვერ ჩავატარებ. ვგულისხმობ იმას, რომ შეხვედრები ცხოვრებაში ბევრი იქნება, კარგიც და ცუდიც, და ან მოიტანს შედეგს, ან არ მოიტანს. მაგრამ საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული დრო შეიძლება მეორე დღეს აღარ იყოს.

აქ ხაზს უბრალოდ დროის ტარებას არ ვუსვამ. ხაზს ვუსვამ ხარისხიანად გატარებულ დროს იმ ადამიანებთან, ვინც გიყვარს.

მარტივად რომ აღვწერო, ჩემი ცხოვრების წესი ასეთია.

 

 

❓ რას ითხოვ საკუთარი თავისგან?


მე ასეთი მიდგომა მაქვს: თუ ადამიანი კარგად ხარ, სულიერად იქნება ეს თუ ფიზიკურად, უნდა ეცადო, რომ შენს გვერდით მყოფი ხალხიც კარგად იყოს. თუ შენ წარმატებისკენ წინ დგამ ნაბიჯს, შენ გვერდით მყოფებმაც უნდა გადადგან ნაბიჯი წარმატებისკენ.

საკუთარ თავს ყოველთვის მოვთხოვ, რომ გვერდში ვედგე ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. ამით იმას არ ვამბობ, რომ მე ყველაფერში ძალიან კარგად ვარ. წინ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ მაქვს გასავლელი, ალბათ მხოლოდ 3 პროცენტზე ვარ მისული, მაგრამ ყველაფერი შედარებითია.

 

 

 ❓რას ცდილობ მუდმივად?

 

მთელი ცხოვრება მქონდა ასეთი შეგრძნება, თითქოს ჩემს სხეულში რამდენიმე ადამიანი ვიყავით. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ეგრეა. იდეაში, როგორც ყველა ადამიანს, მეც მაქვს რამდენიმე მხარე.

ჩემს შემთხვევაში, ერთ-ერთი მხარე საკმაოდ მძიმეა და არასწორი მოქმედებებისკენ აქვს მიდრეკილება. მისი გაკონტროლება ბავშვობიდან მიწევდა, რათა ხელი არ შეეშალა იმ მიმართულებისთვის, რომელიც, ჩემი ხედვით, ცხოვრებაში სწორია.

ეს მდგომარეობა მუდმივია. ვფიქრობ, ყველასთვის არსებობს რაღაც დონეზე, მაგრამ ამ კითხვაზე სწორედ ეს გამახსენდა. ეს ბალანსი ყოველთვის დასაცავი იყო ჩემში იმისთვის, რომ მართალი ვყოფილიყავი საკუთარ თავთან.

 


❓რა არ გინდა ყველაზე მეტად შენს ცხოვერბაში?

 

მიწიერი ცხოვრებიდან ნაადრევად წასული ადამიანები.


 

❓ რა არის შენი ოცნება? როგორ ისრულებ სურვილებს, გამიზიარე შენი აზროვნების ტიპი.

 

მე ძალიან ამბიციური ადამიანი ვარ. ჩემთვის სიტყვა „შეუძლებელი“ ფაქტობრივად არ არსებობს. მჯერა, რომ ყველაფერი მიღწევადია, რასაც მიზნად დავისახავთ და ბოლომდე მივუძღვნით თავს.

მაგრამ აქაც უნდა გამოვყოთ ის საკითხი, რომ

ძალიან დიდი შრომა ყოველთვის წარმატებას არ უდრის. ყველაფერს სჭირდება სწორი გეგმა, გააზრება და ფართო სურათის დანახვა. მხოლოდ ნიჭი შედეგამდე ვერ მიგიყვანს.

სიტყვა „ოცნება“ ხოლმე მაწუხებს. მე მაქვს მიზნები, რომლებიც შესრულდება. ასე ვუყურებ ამ ყველაფერს. ეს ჩემზეა დამოკიდებული.

ჩემთვის ხშირად ვამბობ, რომ თუ რამე გამაჩერებს, ეს მხოლოდ სიკვდილი იქნება, სხვა არაფერი.


 

❓ რას მიხვდი მთავარს და მნიშვნელოვანს ცხოვრებაში?


იმას მივხვდი, რომ ყველაფერი,

რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, საჭიროა იმისთვის, რომ ან გამოვსწორდეთ, ან გავიზარდოთ.

ვიცი, რომ გარკვეულ სიტუაციებში ეს ძალიან მძიმედ ჟღერს, მაგრამ ჩემი შეხედულებით ასეა.

უნდა ვიცხოვროთ მადლიერებაში, სიყვარულში და ღმერთთან სიახლოვეში.

 

 

❓ რას მიხვდი ადამიანების შესახებ?


სულ იმას ვამბობ, რომ ადამიანი, როგორც ძალიან ძლიერი არსება შეიძლება იყოს, ასევე ძალიან სუსტი არსებაცაა. რამდენჯერ გაგვიგია საუბარი: „რა კარგი ადამიანი იყო და ეს როგორ გააკეთა?“ საუბარი ხოლმე, პირობითად, 50 წლის კაცზეა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანი ან თავის ცუდ მხარეს არ აჩენდა, ან მართლა უმძიმესი შეცდომა დაუშვა 50 წელი პატიოსნად ცხოვრების შემდეგ.

ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ ადამიანს სულიერი მხარე განვითარებული არ აქვს, ის ბევრად უფრო მოწყვლადია სხვადასხვა ვნების მიმართ.

იდეაში, გამოფენა, რომელიც გავაკეთე, სწორედ ამ საკითხს პასუხობდა: ჩვენს არჩევანს დაბადებიდან სიკვდილამდე და იმას, თუ როგორ გავლენას ახდენს ეს არჩევანი ჩვენზე. ვფიქრობ, რომ სიკვდილამდე სულ გვიწევს ბეწვის ხიდზე სიარული სიკეთესა და ბოროტებას შორის.

ცხოვრებაში, საბედნიეროდ, ძალიან ბევრი რამ ვნახე. მივხვდი, რომ ყველა ადამიანს თავისი ისტორია აქვს. ადამიანები არ იბადებიან მკვლელებად, მოძალადეებად, მოღალატეებად და ასე შემდეგ. მაგრამ დრო გადის და მათ არჩევნის საშუალება ეძლევათ. ეს არჩევანი უკვე მათზეა დამოკიდებული. სწორედ იქ განისაზღვრება მათი სიღრმე და სულიერება.


❓ ყოველდღიურობაში რა გიყვარს?


ყოველდღიურობაზე ავტომატურად მარტივი პასუხი მახსენდება ვარჯიში. თითქმის მთელი ცხოვრებაა ვვარჯიშობ, დაახლოებით 29 წელია. ვარჯიშის გარეშე ცხოვრება არც მახსოვს.

სიტყვა „ყოველდღიურობა“ ჩემთვის სწორედ ამასთან ასოცირდება. თავისთავად, ხანდახან ვაცდენ, მაგრამ ვარჯიში ნამდვილად ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.


 

❓ რას ებრძვი ხოლმე ყველაზე მეტად? თუ არის რამე რასთანაც ჭიდილი გიწევს.


ეს ჭიდილი მაინც ძირითადად საკუთარ თავთან მიწევს. თუ საკუთარ თავს დავალაგებ, მერე უკვე ყველაფერი დალაგებადია.

 

 

❓ ყველაზე დიდი სევდის მიზეზი რა გაქვს?

 

რეალურად, ჩემი სევდის მიზეზი მხოლოდ ადამიანების ცხოვრებაა ხოლმე. თუ ადამიანი ჯანმრთელი ხარ, ყველაფერი, რაც ხდება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინაღობაა, რომლისგანაც რაღაცას სწავლობ.

მაგრამ ყველაზე დიდ სევდას მაინც ადამიანების მიწიერი ცხოვრებიდან ნაადრევად წასვლა მანიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მიღებული მაქვს ისე, როგორც არის.

 

 

❓ რამ გინდა რომ გაიაროს შენი ცხოვრებიდან და არ გადის?

 

რაც არის და როგორც ხდება, ისე უნდა იყოს. თუ რამე არ გადის ჩემი ცხოვრებიდან, ეს ჩემი არჩევანია.

 

 

❓ რა გამოძრავებს? რა არის შენში ის ძალა, რაც მოტივაციას გაძლევს მოძრაობისკენ.


მოტივაციას მაძლევს ის განსხვავებული იდეები, რომელთა განხორციელებაც მინდა. ეს ცხოვრების პროცესს საინტერესოს ხდის. მთელი აზრიც ის არის, რომ პროცესით დატკბე და ზუსტად ამ ეტაპზე ვარ ახლა.

ასევე ვიცი, რომ ჩემი წარმატებით სხვაც კარგად იქნება. ეს ყველაფერი ჯამურად ქმნის ჩემში იმ მდგომარეობას, რომ მუდმივად წინ ვიმოძრაო.

 

 

❓ რას ეტყოდი 19 წლის შენს თავს?


მე რასაც ჩემს 19 წლის თავს ვეტყოდი, შეიძლება ყველა ადამიანს არ მოერგოს, მაგრამ მე ვეტყოდი: დარჩი ისეთივე ჯიუტი, როგორიც ხარ. გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებისკენ გექაჩება.


 

❓ როგორ ფიქრობ, რას გეტყოდა 55 წლის ბექა?


ალბათ ვეტყოდი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. მიჰყევი შენს ინტუიციას.

 


❓ რა არის შენი საყვარელი ფრაზა?


„პრობლემა არ არის“ მგონი ის ფრაზაა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვხმარობ, იმიტომ რომ მართლა მჯერა, 90% შემთხვევაში პრობლემა რეალურად არ არსებობს.

 

 

დაასრულე ფრაზა:

მე ჩემს სიყვარულს ვაფასებ

 

დაასრულე ფრაზა:

მე იებთან, ბუნებასთან და ყვავილებთან მოვნახავ საერთოს

 

დაასრულე ფრაზა:

სამყარო დაიანახე როგორიც არის.

 

 

❓ დაბოლოს, რას მეტყოდი მე?


პირველ რიგში, გეტყოდი, რომ ისეთი კითხვები მომწერე, რომლებმაც თავიდან მამოგზაურა საკუთარ თავში, რაც დიდი ხანია არ გამიკეთებია. ძალიან ბევრი რამ გამახსენა და კიდევ ერთხელ გამააზრებინა ბევრი საკითხი, რისთვისაც მადლობელი ვარ.

ადამიანი თვითონ თუ არ არის სიღრმისეული და არ აქვს ნანახი საკმაოდ ბევრი აღმასვლა და დაღმასვლა, ასეთ კითხვებს ვერ მოგწერს. ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ მაინც ხაზი გავუსვი.

ასევე, ჩვენი შეხვედრიდან, რომელიც ჩვენს მეგობრებთან ერთად იყო, ძალიან კარგი ემოციებით წამოვედი. მახსოვს, რომ ხალხს დაშლა არ გვინდოდა და ეს ძალიან ბევრის მანიშნებელია.

ინტერვიუს ბარათები, რომელიც შენ გააკეთე, მალევე შევიძინე და ძალიან ბევრი ადამიანი ვათამაშე, როგორც ქართველი, ისე უცხოელი. ამ თამაშმა ბევრად საინტერესო გახადა შეხვედრები გარკვეულ ადამიანებთან.

ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებ და დარწმუნებული ვარ, ადამიანების ცნობიერება გზადაგზა შეიცვლება, როგორც თამაშის კუთხით, ისე შენი პლატფორმით, რომლითაც ხალხს აძლევ საშუალებას, საკუთარი თავი უფრო სიღრმისეულად დაინახონ.

თამაში ნაკლებად არის. უფრო ისეთი რამ არის, რაც ადამიანს, ვისაც გარკვეულ საკითხებზე ლაპარაკი უჭირს, დააფიქრებს. შეიძლება იმ მომენტში, მორიდებულობის გამო, პასუხი ვერ თქვას, მაგრამ აუცილებლად დაფიქრდება ამ ყველაფერზე მაშინ, როცა სახლში მარტო იქნება და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება უკეთესისკენ.

 

 

დიდი მადლობა ბექა, იმედი მაქვს ისიამოვნე პროცესით და საინტერესო იყო საკუთარ თავში კიდევ ერთხელ მოგზაურობა.


ბექა დვალი / მხატვარი, არქიტექტორი

 

 

Comments


 

 

Copyright © 2019 Interview

- (2).png
bottom of page