Interview: Levan Jinoridze
- 2 hours ago
- 3 min read
✍️ ინტერვიუ: ლევან ჯინორიძე
❓პირველ რიგში, როგორ ახლა?
არამიშავს, ცოტა გაციებული ვარ და დაღლილი მაგრამ არამიშავს.
❓რა ხდება შენი ცხოვრების ამ ეტაპზე?
ბევრი ბევრი მუშაობა, ბავშვის მოვლა და ისევ ბევრი მუშაობა.
❓მამობამ რამდენად შეგცვალა?
საკმაოდ, ბევრად ორგანიზებული ვარ და უფრო მკაფიოდ ვარჩევ რა მჭირდება და რა არა.
❓რა გაიგე ახალი არსებობის და ცხოვრების შესახებ?
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერაფერი.
❓ზოგადად, რა არის შენთვის ეს ცხოვრება, როგორ აღწერდი?
დრო, რომელიც არის გამოყოფილი შენთვის, უნდა გაუფრთხილდე და ისე გაატარო რომ არ ინანო.
❓შინაგანად როგორი ხარ? ფილოსოფოსი, მეოცნებე, პრაგმატი... როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს.
მშვიდი, შინაგანად ალბათ უფრო მშვიდი.
❓შენი შემოქმედებითი პროცესი რა ასაკიდან დაიწყე? როგორ მიხვედი ამ დასაწყისამდე?
სკოლამდელი ასაკიდან, მიყვარდა ძერწვა, მამაჩემი და ბიძაჩემიც ხელოვანი ხალხია და პატარაობიდან მქონდა ჩამჯდარი გონებაში გამოსახულება, რომ ღამე, მაგიდასთან სხედან და ნათურის შუქზე აკეთებენ საოცარ რაღაცეებს.
❓როდის ან როგორ მიხვდი საიუველირო საქმესთან?
პატარაობაში რომ გეკითხათ, სკულპტურა უფრო მაინტერესებდა, 24/7 სულ თან მქონდა პლასტელინი (დღემდე ეგრეა) ალბათ ერთი 10-15 ჯერ ვარ გამოგდებული ბიოლოგიის გაკვეთილიდან ამის გამო, რატომღაც მაია მასწავლებელს განსაკუთრებით აღიზიანებდა პლასტელინი, მაგრამ 5-6 წლის ბავშვი დიდ მასშტაბებს ვერ დავეჭიდებოდი, ამიტომ მცირე ზომის ნაკეთობების ტექნიკურად დამუშავება დავიწყე, რაც სამომავლოდ საიუველირო საქმეში გადაიზარდა.
❓მომიყევი შენი მუშაობის პროცესის შესახებ, როგორ იქმნი განწყობას, რა გჭირდება რომ პროცესში იყო, თუ ეს ბუნებრივია შენთვის?
მე მივედი იმ დასკვნამდე რომ განწყობის შექმნა არ გამოდის. ყოველდღე უკვე 15 წლის განმავლობაში ვჯდები და 5-6 საათი ვმუშაობ. 1-2 საათი წამუშავება არ გამომდის ხოლმე. სანამ საქმეს შევუდგები მუშაობის განწყობა ძალიან იშვიათად მაქვს, ხანდახან მუშაობის პროცესში მოდის ცელქი მუზა, მაგრამ დიდი უმეტესობა მუშაობის არის გაუთავებელი პრაქტიკა რომ ხელი კარგ ფორმაში გქონდეს. ასე რომ ჩვეულებრივი 9-დან 6-მდე სამსახურივით ვმუშაობ, უბრალოდ შემიძლია სამუშოად ღამის პირველ საათზე დავჯდე ან დილის 6 საათზე.
❓პროცესის დროს ფიქრობ ბევრს თუ პირიქით? რა ხდება ხოლმე ამ დროს შენში
ვფიქრობ, აუცილებლად ვფიქრობ, ნებისმიერ დეტალზე, საჭიროა თუ არა ეს ნაკეცი? აქ ქვა ხომ არ გადატვირთავს მოდელს? ეს მოდელი ჯობს რომ სიმეტრიული იყოს თუ არა? ამ ბეჭედს შუქი როგორ ჯობს რომ დაეცეს? სულ ვფიქრობ.
❓მეოცნებე რამდენად ხარ ან იყავი?
ძალიან მეოცნებე ვარ, ძალიან.
❓თუ აგხდენია რაიმე დიდი ოცნება/სურვილი?
ბევრი სურვილი ამხდენია, მაგალითად: ცოლ-შვილი, საკუთარი საქმე და საუკეთესო მეგობრების წრე.
❓რისი გჯერა ზოგადად ცხოვრებაში?
საკუთარი თავის და ჩემი ნარჩევი სანდო ადამიანების.
❓როგორ ფიქრობ, რა არის ადამიანის დანიშნულება?
ყველა ადამიანს საერთო, ერთი დანიშნულება ჩემი აზრით არ აქვს.
❓შენ თუ გაქვს შენი ცხოვრების მიზანი?
ერთი გლობალური მიზანი არ მაქვს, უფრო მოკლე ვადებით შემოვიფარგლები. ძირითადად ყოველ წლიური მიზნები მაქვს ხოლმე. მაგალითად წლევანდელი არის იუთუბ არხის დაწყება, ხოლო მომავალ წელს ალბათ შოურუმის გახსნა.
❓რაში იპოვე შენი ბედნიერება?
ვიპოვნე რაღაცეები, რაც მაბედნიერებს და ვცდილობ მაქსიმალურად დრო დავუთმო, ოჯახს, საყვარელ საქმეს, სამეგობროს, ფეხბურთს, მუსიკას, კინოს და ახალ-ახალი საინტერესო ისტორიების აღმოჩენას.
❓ყველაზე რთული წლები როდის გქონდა, როგორ შეაფასებდი?
ალბათ სანამ სახელოსნოს გავხსნიდი მანამდე ბოლო 2 წელი, ელექტრო ინჟინრად ვმუშაობდი და მაქსიმალურად ცოტას ვხარჯავდი რომ შემეგროვებინა კაპიტალი, სახელოსნოს გასახსნელად და ფეხზე დასაყენებლად.
❓რა წარმოადგენს შენთვის ცხოვრებაში დიდ სირთულეს?
ვარჯიში და სწორი კვება.
❓შენ თვითონ რა მეთოდები გაქვს გადალახვის, რა გეხმარება ხოლმე?
სირთულის გადალახვის დროს ძალიან ხისთავიანი და სქელკანიანი ვარ, ამიტომ პრობლემების გადაჭრის დროს ძალიან ჯიუტი, პრაგმატული და მიზანდასახული ვარ ხოლმე, მხოლოდ და მხოლოდ ეგ მეხმარება.
❓საკუთარ თავთან როგორ ურთიერთობ, ორი ხართ და ერთმანეთს ელაპარაკებით და თანხმდებით ხოლმე თუ ბუნებრივ ერთიანობას გრძნობ შენში.
ორნი ვართ, ერთმა ზუსტად იცის რა არის ნებისმიერ შემთხვევაში სწორი და ხშირად ყველაზე შრომატევადი გადაწყვეტილება, მეორეს ამ გადაწყვეტილების მიღება არ უნდა იმიტომ რომ ეზარება და პირველი არწმუნებს ხოლმე მეორეს
❓რას უსურვებდი შენს საქმიანობას?
გაფართოვებას, პროდუქციის საზღვარგარეთ გაყიდვას. ხოლო საქართველოში შოურუმის გახსნას და მზა პროდუქციის დაგროვებას, ეხლა შეკვეთით მზადდება ყველა მოდელი, მინდა რომ ყველა მოდელის 5-6 ზომა ბეჭდები მქონდეს მზად.
❓ყველაზე მეტად რა გახარებს ხოლმე ამ საქმიანობაში? რა არის შენი სიხარულის და აღფრთოვანების წყარო.
მართლა ძაან კარგი ახალი მოდელი რომ გამოვა, მაგაზე დიდი ბედნიერება არ არის შემოქმედებაში.
❓მითხარი შენი საყვარელი ფრაზა.
ფილმში "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" მაკმერფის რომ გადაეკეტება და პირსაბანის მოგლეჯვას ცდილობს გასაქცევად, ვერ მოგლეჯს და თავის გარშემო შემოკრებილ პაციენტებს ეუბნება - ვცადე მაინც-ო, აი ეგ ვცადე მაინც მიყვარს.
❓რას ეტყოდი ადამიანებს?
დიდ დიდი მადლობას რომ მისმენდით.
ლევან ჯინორიძე / იუველირი / ოსტატი

.png)



Comments