Interview: Qeto Tsaguria
- 21 minutes ago
- 9 min read
✍️ ინტერვიუ / ქეთო ცაგურია
❓მითხარი ეხლა როგორ ხარ შენი ცხოვრების ამ ეტაპზე?
ცხოვრების ამ ეტაპზე ვარ ძალიან შეშინებული, ამავდროულად ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობ და თითოეულ მოქმედებას აღვიქვამ ნიშნად, რაღაცის დასაწყებად ან გასაკეთებლად. ახლა ყველაფერი რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში ვცდილობ გადავიტანო ქმედებაში და გამოვიყენო ცხოვრებაში.
❓რა მთავარი გაცნობიერებების წინაშე ხარ?
რომ სრული პასუხისმგებლობა ავიღო საკუთარ თავზე, გამოვიდე ბავშვის პოზიციიდან. ქვეცნობიერად არ დაველოდო გამარტივებულ გზებს და ჩემი თავი გამოვიყვანო კომფორტის ზონიდან.
❓რა გინდა რომ სამყაროს გააგებინო?
საკმარისი ვარ. და სამყაროს მინდა გავაგებინო რომ "ლილა" (ტრანსფორმაციული თამაში) არის საოცრება. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც გადამალახინა და მინდა, რომ ლილას თამაში იყოს ძალიან პოპულარული და ძალიან საჭირო ინსტრუმენტი, რომელსაც ადამიანები ხელში დავიჭერთ.
❓შენი არსებობა რომ „ღირდა“ ამას როდის მიხვდი და როდის დააფასე საკუთარი თავი?
დავაფასე მაშინ, როდესაც სისტემიდან წამოვედი. ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დავდექი, როცა მივხვდი, რომ წამოსვლა არ ნიშნავს ყველაფრის მოგვარებას. არ ნიშნავს, რომ რაღაც მარტივად მოხდება შენს ცხოვრებაში. იმის მიუხედავად რომ ბევრი წელი ვფიქრობდი წამოსვლაზე, ამ ნაბიჯს ვერ ვდგამდი. მერე მოხდა ისე, რომ ხელი შემეწყო უფრო ადვილად წამოვსულიყავი, მაგრამ ის ხელშეწყობაც გაჩერდა. გაჩერდა იმიტომ, რომ მე დამენახა რომ ვღირვარ - ჩემი სისტემა შევქმნა. რომ მე ვიყო ჩემი სისტემის არა "ნაწილი", არამედ შემქმნელი. ამ დიდი პასუხისმგებლობის აღების მერე, მომიწია პასუხისმგებლობა ამეღო "ლილაში" რეალიზაცია დამეწყო. დაწყებიდან ორ კვირაში მივხვდი რომ, ღირდა, რადგან მონაწილეებს მალევე ისეთი შედეგები ჰქონდათ თვალნათლივ, რომ ეს იყო დასტური.
❓სამყაროს მიმართ მადლიერება გაქვს? როდიდან? როგორ მიხვედი აქამდე?
სამყაროს მიმართ მადლიერება ბოლო წლებია რაც დამეწყო, მაგრამ ღმერთის მიმართ მანამდეც სულ მქონდა, რაღაცის/ვიღაცის სულ მწამდა. დღეს სამყაროს მადლიერი ვარ ზუსტად იმიტომ, რომ ზუსტად ის ადამიანები არსებობენ ჩემს ცხოვრებაში, ვინც თან მეხმარება, თან ვეხმარები და ერთად დიდ ნაბიჯებს ვდგამთ. მადლიერი ვარ ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც გამზარდა და ჩემში მზაობა გააჩინა იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავი. თუ დილა ისე გათენდა, რომ დამავიწყდა მადლიერი ვიყო, რაღაც ისეთი ხდება, რაც გულში მათქმევინებს მადლობას სამყაროს მიმართ, მადლობა ღმერთს და ეხლა ვსწავლობ, რომ მადლობა საკუთარ თავსაც ვუთხრა.
❓შენი ცხოვრების რომელი ეტაპი იყო ყველაზე რთული და როგორ გადალახე?
ყველაზე რთული ეტაპი იყო, როცა საბოლოოდ დავალაგე დედასთან ურთიერთობა, მაშინ წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, და იყო დიდი გამოწვევეა რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდნილიყავი. ბევრი წელია, რაც ამ სფეროში დავიწყე სწავლა, საკუთარ თავთან და ტრავმებთან მუშაობა, და როცა დავასრულე საბოლოოდ და მოვაგვარე ეს ურთიერთობა, იქიდან ორ თვეში დამტოვა ... და ეს იყო ძალიან რთული...
❓რამ გაგაძლიერა ყველაზე მეტად?
მადლიერების შეგრძნებამ. ყველა გადალახულ ან ძალით გადალახული ეტაპების შემდეგ, ყოველთვის მადლობას ვუხდი ჩემს თავს. მართალია ბოლომდე მაინც არ მჯერა ხოლმე და ცოტა მერყეობა მაქვს, მაგრამ ყველაფერი რაც ხდება ჩემს გარშემო, ის ღერძი მაინც ვარ მე, რის გამოც ვცდილობ რომ ყველა ცუდი თუ კარგი გამოწვევა მადლიერებით შევუფუთო ჩემს თავს და მივაწოდო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჯანსაღად გამომდის.
❓რა თვისებები და უნარები აღმოგაჩნდა ახალი, კრიზისების გადალახვის შემდეგ, რაც მანამდე არ იცოდი შენი თავის შესახებ?
ალბათ ის რაც თავიდან ვახსენე, რომ მინდა სამყაროს გავაგებინო - საკმარისი ვარ და თურმე საკმარისი ვყოფილვარ. რაღაცნაირად მეგონა, რომ ყველა საკითხში მაკლდა გამბედაობა და ეხლა რომ ვიხედები უკან, გუშინდელთან შედარებით, დღეს უფრო გამბედავი ვარ.
❓ახლა, შენი ცხოვრების ამ ეტაპზე, რას მოყავხარ აღფრთოვანებაში?
ჩემს გადალახულ შიშებს. ჩემს გამოწვევებს, რომელიც არ არის დრამატული და ყველა გამოწვევის შემდეგ, ეს შიში ძალიან ახლოს მაქვს ნაგრძნობი და მთავარი, სამყარო თვითონ მელაპარაკება.
❓რა არის ის დიდი შინაგანი დიადი მიზანი და მიზეზი, რაც გასულდგმულებს და ყოველდღე მოტივაციას გმატებს მოქმედებისკენ?
ზუსტად ის, რასაც ახლა ვაკეთებ. რასაც აქამდე ვცდილობდი, ვყოფილიყავი გამბედავი. რაც მე ვისწავლე და რაც მე გამომადგა, ეს ყველაფერი გადავცე სხვას ან დავანახო, რომ მე აქ ვზივარ და მეც მეშინია რაღაც ახლის დაწყების. ის, რაც ჩემს კანზე განვიცადე, რაც ჩემს სულში განვიცადე, ჩემს სხეულში განვიცადე, ეს ყველაფერი სხვებს დავანახო - მე დღეს ბევრი სისუსტე მაქვს, მაგრამ ამ პატარა სისუსტეებთან ერთად პატარ-პატარა მოქმედებებს ვახორციელებ.
❓ახლა ბევრი ადამიანის ცხოვრებაში კრიზისული პერიოდია, ზოგი სრულ გაჩერებას განიცდის, ზოგი დაბნეულია, ზოგი ცხოვრების საზრისს ვეღარ პოულობს, რას ურჩევდი ამ ადამიანებს, რას ეტყოდი?
მხოლოდ ერთადერთს - არ გაჩერდეს. არ გაჩერდეს, რაც არ უნდა მოხდეს. შეიძლება საზოგადოებაში აღიქმებოდეს, რომ გაჩერებულია, მაგრამ თავისი მიზნისთვის უბრალოდ ადგეს და თუნდაც აივანზე გავიდეს, არაფერი გააკეთოს, არაფერი დაწეროს, არაფერს მოუსმინოს, უბრალოდ ადგეს და გავიდეს. მარტივ მოქმედებაში, მაგრამ მუდმივ მოქმედებაში იყოს.
❓როგორ ფიქრობ ახლა, შენი დიდი ქეთო, მაგალითად 55 წლის, რას გეუბნება?
ძალიან ამაყობს. 55 წლის ქეთო ამაყია და ისევ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა, მაგრამ ბევრი არგუმენტი აქვს იმის რომ გამოწვევებს ყოველთვის უმკლავდებოდა და მაგ დროსაც გაუმკლავდება. არგუმენტი ექნება წარსული გადალახული შიშები.
❓5 წლის ქეთოზეც მითხარი რამე... თუნდაც შენ რას ეტყოდი, ან ის რას გეუბნება....
5 წლის ქეთო სავარაუდოდ მაინც შეშინებული იქნება, რადგან ჩემში მაინც პირველ იმპულსად რაც მოდის, ყოველთვის შიშია, არასაკმარისობის და დანაშაულის განცდა. ქეთოს, დღევანდელი გადმოსახედიდან ვეტყოდი რომ - ჩვენ მალე გავიზრდებით.
❓როგორ ფიქრობ, შენს ცხოვრებაში, რა იქნება ის, რის მერეც იტყვი რომ აი ამად ღირდა ყველაფერიო, თუ გაქვს რაიმეზე ეს შეგრძნება.
მაგალითად ახლა, ჩემი ბალიზე დარჩენა, ყველაფრის გარეშე. არც შემოსავალი მაქვს, არც რაიმე გრანდიოზული გეგმები, მინდობილი ვარ რაღაცას, მინდობილი ვარ საკუთარ თავს, მინდობილი ვარ იმ ყველაფერს სადაც ახლა მომიწია მარტო დარჩენა და გამკლავება. მოდის ხოლმე ეს შიში, რას იზამ რას შეჭამ როგორ იქნები, მაგრამ ვიცი რომ როცა ეს ყველაფერი გაივლის ვიტყვი - ეს ყველაფერი ღირდა.
❓ყველაზე მეტად რას უმადლი შენს ცხოვრებაში?
ჩემს ტკივილებს, რაც ჩემს წარსულთან, ჩემს ბავშვობასთან და ჩემს ძვირფას დედასთან მაკავშირებს. იმის მიუხედავად რომ ბევრი მეტკინა, დღევანდელ დღეს მე რომ აქ ვზივარ, ჩემი და დედის არასწორი ურთიერთბის და ტკივილის შედეგია, თუმცა ეს ყველაფერი სიყვარულზე იდგა, მის გადაჭარბებულ სიყვარულზე და მზრუნველობის მიზანზე. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი ნაყოფი გამოიღო ჩემი სახით, რომ დღეს გაზრდილი ვარ და აქ ვარ. დიდ მადლიერებას ვგრძნობ.
❓რაში ფიქრობ რომ გაგიმართლა?
გამიმართლა ალბათ იმ ქვეყანაში, სადაც დავიბადე. ასე ამბობენ რომ საქართველოში ყველაფერი რთულია, და რადგან ეხლა ბალიზე ვზივარ და ვარ ქართველი, გამიმართლა.
❓რა გიყვარს და რას აფასებ საკუთარ თავში, რას სცემ პატივს?
საკუთარი თავის წინაშე ვცდილობ ვიყო გულწრფელი. კი ბევრ რამეს ვატყუებ მაინც, ბევრ რაღაცას ვფუთავ, ბევრ რაღაცას გავურბივარ, მაგრამ ყოველდღიურად ვცდილობ, ვიყო იმაზე გულწრფელი ვიდრე ვიყავი გუშინ და ეს ძალიან დიდ პატივისცემას ბადებს ჩემში და მგონია რომ გამბედაობაც აქედან მომდის.
❓თუ გაქვს რამე ისეთი ცხოვრებაში, რასაც დანებდი, ხელი ჩაიქნიე?
პირადი ურთიერთობაა ის რაშიც ხელი მაქვს ჩაქნეული. ყოველ შემთხვევაში ცხოვრების ამ ეტაპზე, ქმედებების მხრივ. თორემ შინაგანად არაფერზე მაქვს ხელი ჩქნეული. ანუ ერთადერთი სფერო რაშიც ვარ უმოქმედო, არის პირადი ურთიერთობა.
❓ისე როგორი ადამიანი ხარ, როგორ დაახასიათებდი თავს?
ვჩანვარ ძალიან შრომისმოყვარე, მაგრამ რაღაც წერტილზე მაგარი ზარმაცი ვარ და მემგონი ის არასაკმარისობის განცდა, რომ ყველაფერი იდეალურად უნდა გავაკეთო, ბევრ შრომასაც მადებინებს რაღაც ისეთში, რასაც შეიძლება საერთოდ არ სჭირდებოდეს. მემგონი რომ ზარმაცი ვარ, არ ვიცი.
❓კაია დედამიწაზე?
კარგია ძალიან, ოღონდ ამას ძალიან ცოტა ხანია რაც მივხვდი, ალბათ 2-3 წელია. კარგია რომ ცოცხალი ვარ, კარგია რომ აქ ვარ, კარგია რომ ადამიანებთან ვარ. ხანდახან მეფიქრება ნეტა იმ პლანეტაზე რა ხდება, ნეტა იქ რა ხდება, მაგრამ საბოლოოდ, ვფიქრობ რომ დედამიწაზე კარგია.
❓ადამიანების მიმართ ყველაზე მეტად რას გრძNობ ხოლმე? როცა მოგაწვება
ადამიანების მიმართ მადლიერებას ვგრძნობ ხან ნამდვილად, ხან ვფუთავ. მაინც მგონია რომ ყველასთან რაღაცას ვაშავებ. ძალიან ბევრია ჩემში დანაშაულის გრძნობა და თითქოს ხანდახან მადლიერებითაც ვფუთავ ამ დანაშაულის და ტკივილის გრძნობას, რომ რაღაც თუ მეწყინა ან გამიხარდა, პირველი დანაშაულის გრძნობაა. როცა მეწყინება, მემგონი რომ ცოტა თაღლითურად ვფუთავ მადლიერებით, რომ აბა რას მიმანიშნებს ეს, რას მასწავლის ეს სიტუაცია, რას მამუშავებინებს. ვცდილობ ასე მივუდგე, ხან კი პატარა 5 წლის ქეთო უბრალოდ ნაწყენია. მოკლედ, ხან ნამდვილად მადლიერი ვარ, ხან ვცდილობ მადლიერებით მივუდგე სიტუაციებს.
❓გაქვს რამე ცხოვრებაში, რასაც ვერ პატიობ საკუტარ თავს? მინდა რომ ახლა თავიდან დაფიქრდე ამაზე, ხელახლა ჩაიხედო შენს თავში და გადაამოწმო.
ყოველდღიურად არ ვპატიობ ჩემს თავს შეცდომებს, მერე ვპატიობ. ყველაზე მეტად არ ვპატიობ საკუთარ თავს დედასთან ურთიერთობას, მაგრამ ვიცი რომ იმ დაშვებულმა შეცდომებმა, ძალიან გამზარდა. ჩემში შემოდის ხოლმე განცდა რომ იქნებ მეტი პასუხისმგებლობა ამეღო საკუთარ თავზე, მაგრამ ეხლაც რომ ვფიქრობ ამაზე, მაშინ ის ცნობიერება მქონდა და მეტი შანსი არ მქონდა. იმ ასაკში კი მაინც დავადანაშაულებდი დედას და ეს უნდა ვაპატიო ჩემს თავს. დღევანდელი გადმოსახეიდან ყოველთვის ვპატიობ, არაუშავს რომ დავუშვი შეცდომები. ასევე პირად ცხოვრებაში საკუთარ გაუბედავ ვერსიას არ ვპატიობ ჩემს თავს.
❓რას იტყოდი ცხოვრებაზე? როგორ შეაფასებდი?
ძალიან მაგარია! ძალიან საშიშია და ძალიან კეთილია! პარადოქსულად ჟღერს მაგრამ ასეთია.
❓როგორ ფიქრობ, როდის ხდება ადამიანი ბრძენი?
როცა ცხვირს მოიტეხავს ბევრჯერ. შემდეგ ამ მოტეხვებს გარდაქმნის თავისი კომფორტის ზონიდან გამოყვანის ინსტრუმენტად და უფრო ნაკლებად მოიტეხავს ცხვირს.
🌞 ლილას დაფაზე არის ასეთი უჯრედი, რომელსაც მონაწილე აყავს 66 უჯრედზე, ეს ნიშნავს გამოცდილებებზე დაფუძნებულ სიბრძნეს, რომელიც არ ისწავლება. ამას შენ სწავლობ შენი მრავალჯერადი ქმედებებით და აღმოაჩენ შენში სიბრძნეს, რომ შეძლო 66-ში - ნეტარებაში გადასვლა. ნეტარება არის, როდესაც მატერიალურ და სულიერ სამყაროს შორის ხარ დაბალანსებული. იცი რა არის ზებუნებრივი და იცი რა არის საჭირო დღეს. ამის საწვავი არის სიბრძნე, რომელიც ეფუძნება მრავალჯერად გამოცდილებას.
❓როგორ მიაგენი შენი სულის დანიშნულებას? ძიებამ მოგიტანა თუ გარდაუვალი იქნებოდა, როგორ ფიქრობ ამ გადმოსახედიდან?
გარდაუვალმა ნიშნებმა, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევდი. შემდეგ პირად ურთიერთობაში ტკივილმა დამაწყებინა რაღაცების ქექვა, ოღონდ რას ვქექავდი არ ვიცოდი, შემდეგ დედასთან ურთიერთობა დამილაგდა და მალევე ჩემი თავიც ვიპოვნე. ყველგან ყოველთვის თავს ვკარგავდი და ბოლოს ისე დავკარგე სულ თავიდან მომიწია ყველაფრის გაცნობა ჩემს თავში და მანამდეც იყო მაგის ნიშნები, მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას.
❓მინდა ლილას შევეხო, რა არის შენთვის ლილა უკვე ამ ეტაპზე?
რა კარგი კითხვაა, ლილა ამ ეტაპზე ჩემთვის არის ნაბიჯი. ნაბიჯი ყველა მიმართულებით. კარიერული ნაბიჯი, ჩემს ტკივილებთან ნაბიჯი, გამოწვევებთან ნაბიჯი, თითქოს რაღაც ჯადოსნური ჯოხი მიკავია ხელში და იყო კიდევაც (ტურში მქონდა გამოწვევა, რომელიც ზუსტად ლილას თამაშით გადავლახე, ჩემს უძვირფასეს მონაწილეს ვთხოვე - ეხლა შენ დღეს ჩემი მასწავლებელი, ჩემი წამყვანი იქნები და უნდა მათამაშო - თქო, ოღონდ ტურში ლილას სათამაშოდ იყო წამოსული, მაგრამ მოუწია ყოფილიყო გამტარი, იმიტომ რომ მას ჩემთან აქვს ნასწავლი ლილა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ლილა ჩემთვის არის ყოველდღიური იმედი. იმედია რომ რაღაც მაქვს, თუ გავიჭედები დავჯდები და ვითამაშებ. გავიჭედე და მარტო ვარ? ჩემს თავს ვათამაშებ. მყავს უძვირფასესი 11 მონაწილე, ვინც პირველ ნაკადში შეისწავლა ლილას თამაში, დავურეკავ და ონლაინ ვითამაშებ. ეს არის ჩემი ყოველდღიური იმედი.
❓ლილა (ტრანსფორმაციული თამაში) რომ ადამიანი იყოს, კონკრეტულად შენ რას გეტყოდა შენი აზრით?
მეტყოდა: შეგიძლია და შეაძლებინე სხვებსაც.
და, მოდი დამიჯექი, მე დაგეხმარები რომ შეძლო უფრო ბევრი.
❓ძალიან აღარ დაგტვირთავ, გავიდეთ ბოლოში, გამიზიარე შენი ცხოვრებისეული რამდენიმე ფრაზა ან დასკვნა გაანალიზება, რასაც მიხვდი...
ამ კითხვებზე პასუხის გაცემით და იმით რომ მომზადებული არ ვიყავი, მივხვდი ერთ რამეს, რომ ჩვენში ყოველთვის არის რაღაც ძალა, რომელიც ყოველთვის მზად არის რომ დაგვეხმაროს. და მივხვდი რომ თურმე არც ისე ძალიან მეშინია კამერის. ჩვენში არის ის, რაც არ ვიცით რომ არის და ნაბიჯის გადადგმა არის პასუხი რომ შენ ეს შეგიძლია, შენ ამას შეძლებ.
❓რას მეტყოდი მე?
შენ გეტყოდი რომ არ გაჩერდე, საოცარ რაღაცეებს ქმნი. სულ არ გიცნობდი, როცა შენი ინტერვიუს ბარათებით ვიყავი აღფრთოვანებული და ეხლა ამ კითხვებით, რომელიც ჩემთვის ინდივიდუალურად შექმენი, პასუხების გაცემისას, იმხელა გაცნობიერებები მოდის ჩემში, კონცენტრირებული ვარ რომ ეხლა გავცე პასუხები, მაგრამ მე ამ პროცესიდან ძალიან ბევრ რაღაცას წავიღებ და როგორც საკუთარ თავს და როგორც სხვებს, ყოველთვის ვცდილობ რომ ვაგრძნობინო საკუთარ მაგალითზე - არ გაჩერდე, შენ მითუმეტეს არ უნდა გაჩერდე. უნდა იმოქმედო სულ. კიდევ გეტყოდი რომ ძალიან დიდი მადლობა, ზუსტად ის კითხვებია, რომელიც დღეს მჭირდებოდა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გუშინ შეშინებული ვიყავი როცა ჩემი მონაწილეები მიდიოდნენ. და მე ამ კითხვებმა არ გამაჩერა და ღამე სამის ნახევარზე მომივიდა კითხვარი შენგან. კითხვებზე მეტი დევს ამ კითხვარში და რომ დავამთავრებ ამ პროცესს საჩუქარს გავუკეთებ ჩემს იმ ხუთი წლის ბავშვს, რომელსაც ეშინია. მადლობა შენ.
❓შენი აზრით რითი ვგავართ ერთმანეთს?
ხომ არის ერთ-ერთი ძლიერი თეორია, რომ რასაც ხედავ სხვა ადამიანში, ის არის შენში. რამდენადაც ბევრ სინათლეს ვხედავ შენში, იმდენად ვხედავ ხოლმე შიშს და გაჩერების სურვილს და ალბათ ეს არის რაც მე და შენ გვაერთიანებს. მე და შენ ნათამაშები გვაქვს ცალკე ლილას თამაში, კურსის გარეშე, სადაც 67-ზე ხშირად რომ ხვდებოდი, თითქოს შემოდიოდა ჩემში სიბრაზე რომ რა ვერ გაიგო ამ გოგომ რომ მასში არის ძალიან დიდი ძალა და რატომ ეპოტინება წარსულს და იმ ტკივილებს. ჩემი გადმოსახედიდან ალბათ ეს არის რომ ჩვენს შინაგან ბავშვებს დღემდე სტკივათ რაღაცები და ჩვენი დიდი ვერსიები რომლებიც დღეს გაზრდილები არიან, სათანადოდ ვერ აძლევენ ინფორმაციას რომ - შენ გაიზარდე. ყველაზე დიდი ძალა რასაც ითხოვს ჩემი პატარა ქეთო, არის ის რომ მას მე ვყავარ და ეს გვაერთიანებს. ის შეშინებული პატარა კიკინებიანი გოგოები ვართ.
❓რითი არ ვგავართ გამოკვეთილად, მაგალითად რა გაქვს შენ ისეთი რისი ქონაც და შევსება მე ძალიან მომიხდებოდა და პირიქით, რა მაქვს მე ისეთი, რაც შენ არ გაქვს და შეივსებდი.
მე მაქვს ლილას რწმენა და ის რომ ჩემთან მოსული მონაწილე არ არის მხოლოდ მონაწილე, რომელიც თავის ცხოვრებას ალაგებს და აგვარებს ლილას მეშვეობით, მე ამის ძალიან მწამს და მგონია რომ შენ ჯერ არ გჯერა რომ ლილა შეგიძლია ჩაუტარო სხვებს. და შენ რაც გაქვს, არის ბევრი წლის გამოცდილება, ინტერვიუს ბარათების ისტორია ვიცი როგორ დაიწყო. მაშინ მე სულ არ ვიცოდი რა მჭირდებოდა, რა მტკიოდა, საერთოდ რა მინდოდა, და ჩემგან განსხვავებით შენ უფრო მეტი გამოცდილება გაქვს ვიდრე მე. ამიტომ არ გაჩერდე.
❓ამ ბოლო დროს რამე ფრაზა თუ გაქვს აკვიატებული, რომ გამიზიარო?
ლილა არის საოცრებაა, ლილა ქმნის ყველაფერს. და კიდევ, ლილას დაფაზე არის ჩემთვის უსაყვარლესი უჯრედი 31, რომელიც არის სიწმინდე და მოწაფეობა. ეს ნიშნავს წმინდა ადგილს, ეს არის ადამიანის რწმენის შესაბამისი ადგილი. ვიღაცისთვის არის რომ ყოველდღიურად ეცადოს იყოს მოსწავლე და თქვას - უი მე ეს არ ვიცოდი. ეს უჯრედი ყველაზე მეტად მიყვარს და ყველაზე მეტად გამიჭირდა მისი სწავლა და სანსკრიტზე დამახსოვრება. ჩემი მენტორი მაშინ მიმეორებდა, ქეთო შენ ყველაფერს შეძლებ, საოცრებებს დაატრიალებ, არ გაჩერდე და ეს არ მესმოდა. იქამდე სანამ რაჭის ტური არ გავაკეთე, რუსკას დახმარებით. ისე ჩანიშნა ამ ტურის თარიღი რომ დღესაც კი ვერ ვაანალიზებ რანაირად დავიწყე ასე სწრაფად. მე თუ დღეს ჩემი ხაზი მაქვს რითაც ვუყვარვარ ჩემს მონაწილეებს და შენ ვინც შემდეგში მოხვალ, ყოველთვის ვცდილობ რომ მე ვიყო მოსწავლე და არა მასწავლებელი, წამყვანი, რომელიც გეტყვის რომ ასე უნდა გააკეთო. მე სულ ვამბობ რომ მე ეს არ გამომდის მაგრამ შენ ეცადე გააკეთო. ეს არის ყველაზე ძლიერი მდგომარეობა, რომლითაც ვიზიდავ იმ ადამიანებს, ვინც ლილას სათამაშოდ მოდის ჩემთან.
❓რა არის შენთვის მეგობრობა, რას ნიშნავს და ამაზე ვისურვებდი ვრცლად გამცე პასუხი.
მეგობრობა არის, როდესაც შეცდომას დაუშვებ და იტყვი რომ მე არასწორად მოვიქცეი და სანამ ბოდიშს მოიხდი მანამდე გააანალიზებ ჯერ რა გეტკინა შენ. ჩემ შემთხვევაში მარტივია ხოლმე ჯერ მე გავიგო რა მტკივა და მერე გავიგო მას რა ვატკინე ან რითი გავახარე. ამ ყველაფრისთვის კომუნიკაციის საშუალება რომ მაქვს და შემიძლია კარგიც და ცუდიც გავიარო, გავიაზრო, მივიღო, იგივე ზრუნვა (და მე მიჭირს ზრუნვის მიღება და თურმე ეს ამპარტავნება ყოფილა და არ მესიამოვნა) ეს არის ალბათ მეგობრობა. კარგიც და ცუდიც გაანალიზდეს, თუ ბოდიშია მოსახდელი მოიხადო, თუ ზრუნვაა მისაღები მიიღო, და ეს ყველაფერი იყოს კომუნიკაციაზე დაყრდნობილი, რომ გამოიტანო, თქვა. არც ის მადლიერება შეინახო მარტო შენთან, არც ის მარტო ტკივილი, ოღონდ პირველ ეტაპზე საკუთარ თავთან მარტო დარჩე და დაინახო. (და შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი მეგობარი ხარ და მადლობა ამ კითხვებისთვის)
ქეთო ცაგურია

.png)



Comments