top of page

Interview: Erekle Deisadze

"ღმერთი ვარ და ვერაფერს ვშვები"

✍️ ინტერვიუ / Erekle Deisadze


❓ რა არის ის, რასაც სულმოუთქმელად ელი?


კავშირი სამყაროსთან, რომელიც მუდმივად გელაპარაკება, მინიშნებებს გაძლევს, თუ ამის დანახვა გინდა აუცილებლად დაინახავ.


❓ გჯერა სიკვდილის მერე სიცოცხლის?


მე მჯერა რომ არაფერი არ სრულდება, სიკვდილი სიცოცხლის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც სახეცვლილია და ჩვენ მუდმივად გვაშინებენ ამით, მერე ამ შიშით მანიპულირებენ და გვაჯერებენ უამრავ სისულელეს. ჩვენც გვიწევს დაჯერება რადგან არასაკმარის ცოდნას ვფლობთ, პირველ რიგში საკუთარი თავის შესახებ, რაც გასაღებია სამყაროს შესაცნობად.


❓ რა არის ყველაზე მთავარი რაც ადამიანმა უნდა აკეთოს?


გააზიაროს ის რაც უყვარს, გაზიარების გარეშე ყველაფერი ამოწურვადია, ჩერდება და ხავსი ეკიდება.


❓ რისთვის ღირს ცხოვრება?


ალბათ იმისთვის რომ მერე ადგე და საინტერესოდ მოყვე.


❓ რა გგვრის ადამიანის არსებობაში ყველაზე დიდ სევდას?


ადამიანი არ არსებობს სევდის გარეშე, სევდა სრულყოფილი ადამიანების თვისებაა. სიხარული კი ამ თვისების მეორე მხარეა.


❓ რას იზამდი ღმერთი რომ იყო?


ღმერთი ვარ და ვერაფერს ვშვები.


❓ რა არის ის რაც გასწავლა ცხოვრებამ?


საბოლოოდ ყველა ადამიანი მარტოობისთვისაა განწირული, სხვა დანარჩენი კი რეპეტიციაა, რათა ამისთვის მზად იყო.


❓ რას აკვირდები ადამიანებში ყველაზე მეტად?


ცოდნას და ნიჭს.


❓ რას ნიშნავს შენთვის განშორება?


განშორება ნიშნავს, რაღაც ახლის დასაწყისს. სხვათა შორის წიგნს რომელსაც ახლა ვკითხულობ ჰქვია ,,ჩვენი განშორებები’’ ავტორი: დავიდ ფონკინოსი.


❓ როგორ უყურებ ტრავმებს ადამიანის ცხოვრებაში?


ეს მნიშვნელოვანია, რათა სრულყოფილ პიროვნებად იქცე, ტრავმები განსაზღვრავენ ადამიანს, ზოგი სუსტია და მარცხდება მასთან, ზოგი პირიქით მასზე იმარჯვებს და ძლიერდება.


❓ რა არის სიყვარული?


სიყვარული ბევრნაირი არსებობს, მაგრამ შეგრძნების დონეზე ალბათ მაინც ერთია, ის რაც გიყვარს, უფრთხილდები, ხოლო რასაც უფრთხილდები ის დიდხანს ძლებს. შესაბამისად სიყვარული ადამიანს სიცოცხლის ხანგრძლივობის სურვილს უჩენს.


❓ საყვარელი ფრაზა?


✨ "შეიცან თავი შენი"




57 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page