top of page

Interview: Herman Zsabo

"ამაზე არავინ გელაპარაკება მეორე მხრიდან, ყრუ კედელია"

✍️ ინტერვიუ / Hermann Szabó


❓ რა თვისებები და უნარები უნდა გააჩნდეს პოლიტიკოსს რომ მოგწონდეს?


გულწრფელობა. არც შეცდომის დაშვებაა ტრაგედია და არც უშეცდომობა - სიქველე. მთავარია ორივე დროს გულწრფელი იყო, არცერთის შეგეშინდეს და ამ შიშის გამო ბუნებრივობა არ დაკარგო. ამას დავაფასებდი ნებისმიერ საჯარო პირში.


❓ როგორ გრძნობ თავს?


ცვლილებების მოლოდინით ვარ, ამას აქციებიც ემატება - სამოქალაქო საზოგადოება უფრო სუფთა და სწორ პოლიტიკას აკეთებს, ვიდრე პარტიები. განსხვავებაა ხოლმე პოლიტიკოს გამომსვლელებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის. პოლიტიკოსების ყალბი პათოსი და არაგულწრფელობა მაშინვე ნათელი ხდება როგორც კი არაპოლიტიკოსი დგება მიკროფონთან.


❓ რა განცდაა შენში, როცა საქმე ოკუპაციას ეხება?


ყველაზე მეტად, ალბათ, უსუსურობის. იმის განცდა, რომ შენს სიმართლეს მნიშვნელობა არ აქვს და ვერავისთან ვერ დაამტკიცებ რომ შენ ხარ სწორი. შეიძლება არც ხარ, მაგრამ ამაზე არავინ გელაპარაკება მეორე მხრიდან, ყრუ კედელია.


❓ რა გენატრება?


ძალიან მენატრება ჩემი წინაპრების სოფელიც, სადაც ბავშვობა გავატარე. 2008-ში ჩაიკეტა ჩემთვის და ჩემი ნათესავებისთვის - ეს ალბათ უფრო პასიური მელანქოლიაა.


❓ რა გრძნობას მიყავს ადამიანი პოლიტიკაში?


როცა იპოვნე მორალური და პირადი საყრდენი და ის კომპასი, რომლითაც შეგიძლია თითქმის ყველა სიტუაციაში ლოგიკურად და ნათლად განსაჯო, რა არის სწორი, რა არასწორი, და მერე ამაზე ლაპარაკის სურვილი. როდესაც ხედავ, პოლიტიკოსები ამ კომპასის გარეშე მოძრაობენ, გიკვირს და ბრაზი გიპყრობს. როცა ხედავ, ისე ჭრიან და კერავენ, აზრს არ აყოლებენ, ლოგიკას არ ატანენ და რეალურ კამათს გაურბიან თემებზე. ფორმალურ წესებს და მორალს იფარებენ ფარად.


❓ რა ცვლილებებს ხედავ დღევანდელ საზოგადოებაში?


ახალგაზრდებისთვის ავტორიტეტებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ამიტომ შეუძლიათ მათი კრიტიკაც, შეურაცხყოფაც და საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ცხვრებად-არ-ქცევის პროცესში. მათ ისე მარტივად ვერ წამოიკიდებ ტყუილზე, როგორც ჩვენი დედ-მამის თაობას, რომელსაც ძვლებში ქონდა გამჯდარი ის, რომ საბჭოთა კავშირში საჯარო პირები უტიფრად იტყუებოდნენ და ტაში უნდა დაგეკრა, უნდა დათანხმებოდი, მათ სპექტაკლში მონაწილეობა უნდა მიგეღო.


❓ რას ინატრებდი საქართველოს მოქალაქეებისთვის?


ზუსტად ისე ეცხოვრათ, როგორც სწორი გონიათ და არავის მათთვის ხელი არ შეეშალა, თუ ისინი გარშემომყოფებზე არ ძალადობენ. სხვა ყველა სურვილი თუ ნატვრა მეორეხარისხოვანია, რადგან მე რომ რამე ვინატრო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის - თუნდაც ისეთი რამ, რაც მათ ზუსტად ვიცი რომ წაადგებათ - ჩემი ეს ნატვრა თუ ახდა, მათზე ძალადობა იქნება.


❓ რისთვის ღირს ბრძოლა?


საკუთარი უფლებებისთვის და სიმართლისთვის. ასეთი ბრძოლის გარეშე ადამიანი არ ხარ, მოსიარულე ბიომასა ხარ.


❓ რას გააკეთებდი ღმერთი რომ იყო?


კარგადაა ყველაფერი მოწყობილი და კარგად მიდის უმეტესობა კაცობრიობის საქმე. რაც კარგად არ მიდის - იმის აღმოსაფხვრელად ერთ upgrade-ს დავუმატებდი ადამიანებს - ინდივიდს რომ შეეძლოს მეორე ინდივიდის გრნობებისა და განცდების ისეთვე შეგრძნობა, როგორც საკუთარი გრძნობების და განცდების.


❓ რა არის ადამიანში უნიკალური?


მარტო ერთი რამ გვაქვს ყველა ადამიანს საერთო - ის ელემენტარული ნაწილაკები, რისგანაც ჩვენი ატომები შედგება. ყველა ელექტრონი იდენტურია სამყაროში, ასე რომ საერთო მხოლოდ ეს გვაქვს. დანარჩენი აბსოლუტურად ყველაფერი ადამიანში, უნიკალური, ერთადერთი და განუმეორებელია.


❓ როგორ ქვეყანაში გინდა რომ შენმა შვილმა იცხოვროს?


ისეთში, რომელიც ხელს არ შეუშლის მას, იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, როგორშიც უნდა რომ იცხოვროს.




19 views0 comments

Recent Posts

See All

Comentários


bottom of page