top of page

Interview: Irakli Jakhua

✍️ ინტერვიუ / ირაკლი ჯახუა


როგორ ხარ ახლა შინაგანად, რას გრძნობ, რას გადიხარ? გამიზიარე


ახლა მე ყველაზე მეტად მე ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. იქ ვარ, სადაც მინდა რომ ვიყო, მათთან - ვისთანაც მინდა და ისე, როგორც მინდა. გავდივარ ისეთ პერიოდს, რომლისთვისაც მზადება თითქოს დიდი ხნის წინ მქონდა დაწყებული. არ ვიცი როგორ, მაგრამ, ჩემს ცხოვრებაში ელვის სისწრაფით განვითარდა ბოლო 3 წლის მანძილზე ყველა მოვლენა.


ცხოვრება გეჩქარება?


მეჩქარება ისეთი მარტივი მექანიკური რაღაცების კეთება, რაშიც ვთვლი რომ ბევრი დრო არ უნდა დავხარჯო. მაგალითად ჭამა (მამაჩემი სულ მეუბნებოდა „ნელა ჭამე, კარგად დაღეჭე“) ვფიქრობ, რომ ჭამაში ბევრი დრო არ უნდა დახარჯო, მაღაზიაში გასვლაში, ბანაობაში, დასვენებაში - ეს ყველაფერი მინდა ჩქარ-ჩაქარა ვაკეთო, რომ მეტი დრო დამრჩეს იმისთვის, რაც იმსახურებს მეტი დროის დათმობას. არასდროს ვჩქარობ მაგალითად სასარგებლო ინფორმაციის მოძიებას და მიღებას, რუდუნებით და ნელა ვაკეთებ ამას, მნიშვნელოვანი საქმეების მოთავება, მეუღლესთან ერთად ფილმის ყურება, მეგობრებთან ერთად სამაგიდო თამაშის დროს ლუდის მირთმევა და ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი აზრების გაზიარება. არამგონია ცხოვრება მეჩქარებოდეს, უბრალოდ ჭამა, ღეჭვა, მაღაზიაში გასვლა, ბანაობა, დასვენება - ყველაფერი ყოველდღიურია და ხშირია, ადმიანები მხედავენ რომ ამ ყველაფერს ჩქარ-ჩქარა ვაკეთბ და ჰგონიათ რომ სწრაფი ვარ, არადა უბრალოდ მარტივი რაღაცების კეთებაში დროის დახარჯვა არ მიყვარს.


რისი მოსწრება გინდა?


მინდა მოვასწრო ყველაფერი, რისი სურვილიც გამიჩნდება. ამ ბოლო დროს არ მრჩება დრო რაიმე სურვილები გამიჩნდეს, პარადოქსია მაგრამ ახლა ამის მოგვარებაზე ვზრუნავ. ბევრ დროს ვუთმობ გარშემომყოფებს, ეს ჩემი ბუნებაა. ბავშვობაში მინდოდა ვყოფილიყავი ავტობუსის, მატარებლის მძღოლი ან თვითმფრინავის პილოტი, მინდოდა სხვებისთვის მეკეთებინა რაღაც, რაც მათ სჭირდებოდათ. ასეა, ეს თან მომწონს, თან არა. იცი, რამდენი ხანია არ დავმჯდარვარ და არ მიკითხავს ჩემი თავისთვის, რა მენატრება, რა მშია, რისი ყურება მინდა? მინდა საქმესთნ ერთად ამაზე ფიქრსაც ვასწრებდე.


რას გინდა რომ შენი არსებობა ემსახურებოდეს?


მინდა ჩემი არსებობა ჩემს ქვეყანას, ოჯახს და სამეგობროს ემსახურებოდეს. მათთვის კეთილდღეობის შექმნას.


რას აფასებ ადამიანებში?


უნარს, გაიზიარონ სხვისი ბედნიერება. ცოტა ხნის წინ მივხვდი, თურმე როგორ გვიჭირს ადამიანებს ერთმანეთის ბედნიერების გაზიარება. აი ზოგიერთისთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება დაიმუხტოს სხვისი ბედნიერების ცქერით. ყველაზე მეტად ვაფასებ ადამიანს, რომელსაც შეუძლია შენი ბედნიერება ისევე გაიზიაროს, როგორც უბედურება.


რას ნიშნავს შენთვის მეგობარი? გაქვს ამასთან დაკავშირებული მაღალი იდეალები რასაც მეგობარი უნდა აკმაყოფილებდეს?


მეგობარია ადამიანი, რომელსაც უყვარხარ, იგივე სიმძაფრით, როგორითაც შენ ის. შეიძლება, ჩემი მეგობარი ჩემთან იმდენ ემოციას ვერ გასცემდეს, ან პირიქით, მე ვერ გავცემდე მასთან ბევრ ემოციას, მაგრამ როცა ხედავ რომ უყვარხარ შენს მეგობარს და შენც გიყვარს შენი მეგობარი, ესეიგი თქვენ „მაღალ იდეალებს აკმაყოფილებთ“.


კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით? ის გაქვს რაც გინდოდა?


ამაზე მიფიქრია. კმაყოფილი ვარ? კი. ის მაქვს რაც მინდოდა? არა. ზოგჯერ მინდა ხელში ერთდროულად ცეცხლიც მეჭიროს და წყალიც, მაგრამ ეს შეუძლებელია. ამიტომაც ვარჩევ იმის დატოვებას, რაც ახლა უფრო მინდა რომ მეჭიროს ხელში და ეს „უფრო“ წონის ხოლმე ყოველთვის. მე კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით, კმაყოფილი ვარ ჩემი ყველა გადაწყვეტილებით, შეიძლება ცეცხლთან ერთად წყლის ჭერაც მინდოდა, მაგრამ ახლა ვარჩიე ერთ-ერთი, რადგან ასეა საჭირო.


რა არის ამქვეყნად ყველაზე საშიში შენთვის?


კომფორტის ზონაში დარჩენა. ვერ გააზრება იმის, რომ თუ კომფორტის ზონიდან არ გამოხვედი, არასდროს გექნება უკეთესი კომფორტის ზონა, რომელიც ნამდვიალდ გინდა რომ გქოდნეს. ყველაზე საშიშია უძრაობა, ერთ ადგილზე დგომა და შეგუება. ვირუსივით ედება მთელს სხეულს და გონს. არ უნდა შეწყვიტო მოძრაობა, უნდა გამოხვიდე ერთი კომფორტის ზონიდან, შეიქმნა მეორე კომფორტის ზონა და შემდეგ კიდევ ახალი, კიდევ გამოიცვალო, უნდა მოძრაობდე, თორემ მოკვდები.


რასთან გამკლავებაა რთული, როგორ ფიქრობ?


მე ძალიან გამიჭირდა გავმკლავებოდი კომფორმიზმს. შეიძლება ზოგისთვის მარტივი იყო, მაგრამ მგონია ერთხელ თუ დაძლიე, მერე მთელს მის სიბოროტეს შეიგრძნობ.


არსებობს შენს წარმოდგენაში იდეალური სამყარო თუ ისე იღებ რეალობას როგორც არის?


კი, ჩემს წარმოდგენაში არსებობს იდეალური სამყარო, სადაც ყველა ადმაიანს გვაქვს ფილტრი, რომელშიც ყველა ინფორმაციას ვატარებთ აუცილებლად და დასკვნები მხოლოდ ასე გამოგვაქვს.


სიხარულს ხშირად განიცდი? რა გახარებს ცხოვრებაში? იგრძენი შენი გული და ისე მიპასუხე, სიხარულით რა გივსებს ხოლმე გულს?


სიხარულს ხშირად არ განვიცდი, მგონი იმიტომ, რომ არ ვარ მიდრეკილი სიხარულისკენ, ანუ მზაობა არ მაქვს რომ აი ახლა ეს გამახარებს. მიხარია როცა ვხედავ მოძრაობებს ჩემში, სხვებში, ქალაქში ან ცაში. როცა სიყვარულს გასცემენ, ეს სიხარულით მავსებს. არ ვიცინი ხშირად. არ ვარ ჯმუხი ადამიანი, უბრალოდ ბევრი რამ არ მეჩვენება სასაცილოდ. სიხარულით გული მევსება, როცა ვხედავ ბედნიერ ოჯახს, ბედნიერ ჩემხელებს, ბედნიერ ცხოველებს.


დაასრულე ფრაზა: აუცილებელია რომ ადამიანმა....

გადადგას ნაბიჯი წინ.


დაასრულე ფრაზა: ჩემს სამყაროში ვისურვებდი რომ...

ყველა სახლში იყოს ერთი შინაური ცხოველი, სასურველია ძაღლი, კატებს არაფერს ვერჩი, უბრალოდ ძაღლები უფრო მიყვარს.


დაასრულე ფრაზა: მინდა გითხრათ ასეთი რამ...

თვითმფრინავის შავი ყუთი, სულაც არ არის შავი, ის ნარინჯისფერია, ადვილად რომ იყოს შესამჩნევი.


როგორ დაახასიათებდი ერთი სიტყვით ან ფრაზით ცხოვრებას/სიყვარულს/თავისუფლებას.


ცხოვრება - სანაპიროს ცხელი ქვიშა.

სიყვარული - სავარცხელი რომელსაც ქალის სურნელი ასდის.

თავისუფლება - წყურვილის მოკვლის ჟინი.


მითხარი შენი საყვარელი ფრაზა.


ჩემი საყვარელი ფრაზაა - ადექი.



გაქვს რაიმე შენთვის დამახასიათებელი დამამშვიდებელი სიტყვები? მანუგეშებელი.. გამიზიარე


☀️ არაუშავს. რაც არ უნდა მოხდეს, არაუშავს. ყოველთვის გაქვს დრო და სივრცე სცადო მეორედ, მესამედ, მეოთხედ, რამდენჯერაც გინდა.



ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:



Interview: Irakli Jakhua

51 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page