✍️ ინტერვიუ / ლექსო სუარიძე
„მხოლოდ შენ შეგიძლია შენი თავის და ცხოვრების შეცვლა. სხვა ამას, შენს ნაცვლად, ვერავინ შეძლებს“
❓ რა გაძლევდა მოტივაციას საბრძოლველად?
რა თქმა უნდა ჩემი ის მდგომარეობა, რომელშიც არ მინდა ყოფნა.! ვცდილობ შევცვალო და მაქვს კონკრეტული მიზნები და მოთხოვნები ჩემს თავთან.
❓ რისკენ მიმართავ ხოლმე შენს ენერგიას?
თითქოს ჩემი ენერგია კონკრეტული გზით და მიმართულებით არ მიდის, ხანდახან მგონია, რომ ჩემს სურვილს და სწრაფვასაც კი ეწინააღდეგება, ხანდახან პირიქით.
❓ რა გინდა რომ შენი არსბეობით თქვა?
ვფიქრობ, უსაზღვრო შესაძლებლობების და მათი გამოყენების შესაძლებლობა აქვს ყველა ადამიანს, მეც ვცდილობ და მინდა ჩემი ყოველი ნაბიჯი ამის რეალურად მთქმელი იყოს.
❓ რა არის შენში აუხსნელი?
აუხსნელი არ ვიცი, მაგრამ გასაკვირი შეიძლება იყოს ჩემთვის, ის შინაგანი სიმშვიდე რომელიც მაქვს და მაძლევს მიმართულებას თუ ძალას. მიკვირს როგორ შეიძლება არ ვცხოვრობდე რეალობით, არსებული დღით, ვაფასებდე სირთულეს შესაბამისი დონით.
ხანდახან ვფიქრობ რომ რამდენიმე წლით წინ ვარ და დღევანდელი ეს მდგომარეობა რაღაც წაკითხულ ამბავს ჰგავს, წინასწარ ვსაზღვრავ ყველა შესაძლო თუ ნაკლებად შესაძლო ფაქტებს, მოვლენებს და საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ შემდგომ თავს, რადგან საკმაოდ დროული და ადეკვატური რეაგირება მაქვს თუ რაიმე გამართლდა.
❓ რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული, რისი გადალახვა?
სირთულის შკალა არ მაქვს, ყველა გამოწვევას და სირთულეს საკმაოდ მნიშვნელოვნად და საყურადღებოდ აღვიქვამ. ის გვეჩვენება უფრო რთულად რაშიც ნაკლები ნებისყოფა, ფიქრი თუ იმედი გამოგვიჩნდება ხოლმე. ეს სირთულეები და მათი ზომა ჩვენი დამოკიდებულებით იქმნება, საჭიროა მშვიდად, იმედითა და გონიერებით შევხვდეთ ნებისმიერ მოვლენას, მაშინვე თავად სირთულე გვეტყვის როგორ უნდა დავაღწიოთ თავი მას.
როგორც გავიგე არც სირთულეეებს არ ვუყვარვართ როგორც ჩვენ ისინი ..
❓ რას აფასებ ადამიანებში?
ყველა ადამიანში, სულ სხვადასხვა, სულ განსხვავებული დოზით და ფორმით მხვდება ყველაფერი. მემგონი არ არსებობს ცუდი ადამიანი, უბრალოდ ჩვენ ვაქცევთ ჩვენი დამოკიდებულებებით ხან ცუდად, ხან კარგად..
❓ რა გიზიდავს ცხოვრებაში?
გამოცდილება! ვაი რომ სწორედ ყველაფრის გამოცდა მიწევს და არ ჯერდება ჩემი ცხოვრება იმას, რომ თეორიულადაც მშვენივრად ვხვდები, რა, როგორ არის ან იქნება.. ძალიან მეჯიუტება და უნდა რომ ყველაფერი პრაქტიკულ გამოცდილებად მიქციოს. თან მიმეორებს: „ჯერ მოძლიერდი რთული დღეები და პრობლემები გადალახე“ იმედია წაიკითხავს ამ ტექსტს და მიხვდება, რომ უკვე კარგის დროც დადგა!
❓ როდიდან ხდება ცხოვრება ყველაზე საინტერესო?
როდესაც ყველაზე მეტადაა საჭირო შესაძლებლობები და მოთმინება სწორედ მაშინ რომ ქრება, გეწურება ყველაფერი. არაბუნებრივად როცა ქრება ჩვენი გონებით გათვლილი ის გზები და მიმართულებები რის იმედადაც ვიყავი. მერე ხვდები რეალური იმედი „ვისი“ უნდა გქონდეს, სწორედ მერეა ცხოვრება ყველაზე მნშვნელოვანი და საინტერესო.
❓ რას უმეორებ ხოლმე საკუთარ თავს?
შენ შეგიძლია.
❓ რა არის შენთვის ნამდვილი ბედნიერება?
ბედნიერებაა ის წამები და ის განცდები რაც ჩვენს ირგვლივ ხშირად ჩნდება და ხან ისე გარბის ვერც კი ვამჩნევთ, ხანდახან კი, ისეთი ამბიციებით ვუყურებთ ამ ბედნიერებას, რეალობას ვცდებით და ამ მოლოდინებით ყველაფერს მნიშვნელობას ვუკარგავთ.
ყოველი ადამიანი თავისებურად შეიცნობს სამყაროს და ქმნის მასთან თავის ურთიერთობებს. ვფიქრობ, ყოველ წამს უამრავი მიზეზი გვაქვს ვიყოთ ბედნიერები და შევიგრძნოთ ეს წამი.
❓ ვინ არის ადამიანისთვის საუკეთესო მეგობარი?
ვფიქრობ საკუთარი თავი. საჭიროა დროებით უარვყოთ “ჭკვინური აზრები”, ლოგიკა და ვიმოქმედოთ მხოლოდ გულის კარნახით. ჩემი აზრით, საკმარისია სწორად დავიწყოთ ჩვენს "მე"-სთან ურთიერთობა და უბადლო მრჩეველი, მოტივაციისა და იმედის მომცემი საუკეთესო მეგობარი გაგვიჩნდება.
❓ სიტყვები, რამაც შთაგაგონა...
✨ „თუ დაიბადე ღარიბი, ეს არ არის შენი ბრალი, მაგრამ, თუ გარდაიცვლები ღარიბი, ეს შენი ბრალია“.
Comentarios