Interview: Mari Bichinashvili
- interview
- 44 minutes ago
- 3 min read
✍️ ინტერვიუ / მარი ბიჩინაშვილი
❓ როგორ ხარ?
მშვიდად, საკუთარ თავთან ჰარმონიაში.
❓ რა ეტაპი გაქვს ცხოვრების? რას დაარქმევდი?
საკუთარ თავთან დაბრუნების, ახლა ვარ ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ბოლომდე მივიღე საკუთარი თავი, როცა სამყაროსთან ერთიანობის განცდა მაქვს.
❓ გაქვს რაიმე ისეთი პრობლემა, რის მოგვარებასაც სამუდამოდ ისურვებდი?
არა, მგონია რომ ყველა პრობლემა რეალურად გამოწვევაა, არ არსებობს არაფერი რისი მოგვარებაც სურვილის შემთხვევაში შეუძლებელია.
❓ შენი ცხოვრება ერთი მთლიანია თუ დიდ ეტაპებად დაყოფდი?
რამდენიმე ეტაპი გავიარე, ბავშვობა რომელიც ყველაზე რთული იყო ემოციურად მაგრამ რომ არა ეს სირთულეები, მგონია, რომ ვერ ვიქნებოდი ის პიროვნება ვინც დღეს ვარ. შემდეგ იყო ძიების ეტაპი, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ვეძებდი კითხვებზე პასუხს, კითხვები კი ძალიან ბევრი იყო, ამას მოჰყა გაცნობიერების და საკუთარ თავთან დაბრუნების ეტაპი, როცა თითქოს ყველა კითხვაზე პასუხი მოვიდა ჩემთან რასაც ვეძებდი, როცა ყველაფერი რაც იქამდე ძალიან რთული მეჩვენებოდა თავის ადგილას დალაგდა.
❓ როგორ ფიქრობ, როგორი ადამიანი ხარ?
რთულია საკუთარი თავის შეფასება, მაგრამ მგონია, რომ მრავალმხრივი ადამიანი ვარ.
❓ რითი ხარ უნიკალური და თუ მოგწონს შენი უნიკალურობა?
ყველანაირი ადამიანის გაგება შემიძლია, შემიძლია ყველას მდგომარეობაში შევიდე, ვიგრძნო სხვა ადამიანის ემოციები, დარდი, ტკივილი, სიხარულიც. რამდენადაც სასიამოვნოა იმდენადვე რთულია ეს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ კი მომწონს, სხვანაირი საკუთარი თავი არც წარმომიდგენია.
❓ ყველაზე ხშირად რას ეუბნები ხოლმე საკუთარ თავს?
შენ ყველაფერი შეგიძლია, შენ მარტო არ ხარ
❓ რთული პერიოდი შენთვის რას ნიშნავს, არის უფრო ეს შინაგანი კრიზისები თუ გარეთ იწყება ქაოსი რაც დალაგებას თხოულობს შენს ცხოვრებაში?
კრიზისი ყოველთვის შინაგანი მდგომარეობიდან იწყება, დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ დავრწმუნდი, რომ მაშინაც კი როცა გარეთ ქაოსია, თუ შინაგანად არ ავყვები ამ ქაოსს და ვინარჩუნებ სიმშვიდეს, გარე სიტუაციებიც ლაგდება.
❓ რას აფასებ ადამიანებში?
ურთიერთობაში გულწრფელობას, ზოგადად კი საკუთარ თავზე მუშაობის უნარს. ყველაზე მეტად ვაფასებ, როცა ვხედავ, რომ ადამიანი მიუხედავად სირთულეებისა აგრძელებს სწავლას, განვითარებას.
❓ როგორი ადამიანები მიგაჩნია საშენოდ?
ზედაპირულ ადამიანებთან ურთიერთობა მიჭირს, საჩემოა ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია თვითგანვითარებით, ის ვინც ხედავს ზედაპირს მიღმა.
❓ მარტოსულობას ხშირად გრძნობ? ამასთან დაკავშირებით გაწუხებს რამე?
ხშირად ვგრძნობდი თავს მარტოსულად, განსაკუთრებით ბავშვობაში, მქონდა განცდა თითქოს მთელს პლანეტაზე სრულიად მარტო ვიყავი, მაგრამ ახლა ეს მარტოობის განცდა გაქრა და მოვიდა სამყაროსთან ერთიანობის განცდა.
❓ რისი დეფიციტი გაქვს ცხოვრებაში, რა გაკლია და ისურვებდი რომ გქონოდა?
მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე, ჩემთვის ყველაზე რთული, საკუთარი თავის წარმოჩენაა, ღიად საუბარი, ეს არის რის გაუმჯობესებასაც ვისურვებდი.
❓ ადამიანებისგან იმედგაცრუება ხშირად გქონია? თუ იქმნი ხოლმე წინასწარ მოლოდინებს?
თითქმის ყოველთვის ვიცი ვისგან რას უნდა ველოდე, ამიტომ იმედგაცრუებაც ნაკლებად მაქვს.
❓ რისი გეშინია ცხოვრებაში ყველაზე მეტად?
მეშინია იმის, რომ შეიძლება ვერ შევძლო საკუთარი თავის სრულად რეალიზაცია, იმ “მისიის” შესრულება რისთვისაც აქ ვარ.
❓ შენი ცხოვრებით კმაყოფილიხარ? გაქვს შეგრძნება რომ შენს გზაზე ხარ და სწორად მიდიხარ?
ცხოვრების ამ ეტაპს, რომელსაც ახლა გავდივარ მაქვს განცდა და ცოდნა იმის რა მინდა, საით მივდივარ, თითქოს ყველაფერი ნათელი გახდა, ყველა ეჭვი გაქრა.
❓ რა გაბედნიერებს ცხოვრებაში?
ხშირად ერთი შეხედვით წვრილმანი რაღაცეები მაბედნიერებს, მაგალითად ბუნებაში ყოფნა, სანაპიროზე სეირნობა, საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მსიამოვნებს სხვების დახმარებაა, ადამიანების დახმარება.
❓ რა საკითხში ხარ ძალიან ჩვეულებრივი?
რთულია ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მქონდა შეგრძნება დანარჩენი ადამიანებისგან განცალკევების, გარიყულობის. ვცდილობდი, საკუთარი თავი ყველამხრივ წარმომეჩინა, როგორც რაც შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანი. მას შემდეგ, რაც გავიაზრე, რომ ეს აღარ მჭირდება და უბრალოდ საკუთარი თავი ვარ, ზღვარიც წაიშალა ჩემთვის ჩვეულებრივსა და არაჩვეულებრივს შორის.
❓ რას ფიქრობ ადამიანებზე?
რთულია ადამიანების ცხოვრება, მაგრამ ამასთან ერთად საინტერესო, ერთი შეხედვით ყველაზე ჩვეულებრივი ადამიანიც კი საკუთარ ისტორიას ატარებს, რეალურად ყველას უნდა რომ უყვარდეთ, გაუგონ და დაინახონ.
❓ საქართველოში რა გიყვარს ყველაზე მეტად?
ადამიანების ურთიერთდახმარების უნარი, ის რომ ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანებიც კი ხშირად ერთმანეთს ეხმარებიან.
❓ როგორ ფიქრობ, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანებში?
მუდმივად სადღაც ჩქარობენ, ეძებენ პასუხებს,ეძებენ რაღაც სასწაულებრივს, ამოუხსნელს. ხშირად ვერ ამჩნევენ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი რაც ჰგონიათ რომ სადღაც შორსაა, რეალურად შეიძლება აქვე იყოს ჩვენს ცხვირწინ, უბრალოდ საჭიროა ცოტა ხნით გაჩერება და დანახვა, შემჩნევა.
❓ სრულად ენდობი სამყაროს? თუ გაქვს ხოლმე შფოთვები?
სამყაროს უპირობო ნდობა მაქვს, რაცარუნდა ხდებოდეს ვიცი რომ რეალურად ყველაფერი ისე ხდება როგორც საჭიროა.
❓ რა არის შენი საყვარელი ფრაზა, რაც ამ ბოლოს თავში გიტრიალებს, ან ზოგადად?
🌞 "გამოიხედე ჩემი თვალებიდან და აღმიქვი ისე, როგორც მე აღვიქვამ საკუთარ თავს, და მიხვდები, თუ რატომ ავირჩიე იმ ადგილზე ყოფნა, რომლის გარედან დანახვასაც ვერ მოახერხებ."
INTERVIEW: MARI BICHINASHVILI

.png)

