✍️ ინტერვიუ / მაია-მაშო გოგოლაძე
❓ მინდა გამეცნო, როგორ ხედავ საკუთარ თავს და როგორ გინდა რომ გხედავდნენ ადამიანები?
მე ვარ ადამიანი, რომელიც იზიარებს და აზიარებს ცოდნას, სიყვარულს, გამოცდილებას. მინდა რომ მხედავდნენ როგორც ადამიანს, რომელმაც შეძლო რეალური ტრანსფორმაცია და რომელიც ეხმარება სხვებს ამ პროცესში. სადღაც, გულის კუნჭულში კიდევ მინდა, რომ აღმიქვამდნენ როგორც სიმშვიდის და სიყვარულის მასწავლებელს.
❓ ახლა როგორ გრძნობ თავს?
მშვიდად.
❓ როცა გეკითხებიან როგორ ხარ, რას აკვირდები: ემოციებს, ფიქრებს, განწყობებს თუ შეგრძნებებს, რის მიხედვით არის შენი პასუხი?
ამ კითხვაზე ავტომატურად ვპასუხობ, რომ ვარ კარგად, მშვენივრად, ხალისიანად. უფრო ფიქრია, განწყობაა, მდგომარეობაა რომელშიც ვარ.
❓ რა გენატრება ყველაზე მეტად შენი ცხოვრებიდან?
წლების მანძილზე ჩემი დიდი ბებიის სოფლის ორღობის სურნელი მენატრებოდა. სიზმრებში, ტრანსებში, მედიტაციის დროს ხშირად ვგრძნობდი ამ სურნელს. წელს, 35 წლის მერე, ამ ადგილას დავბრუნდი, მოვიარე ყველა კუთხე-კუნჭული. სურნელი ისევ იდგა ჰაერში, ოღონდ ისეთი აღარ, რაც ჩემს ბავშვობაში იყო. ამიტომ ახლაც მენატრება. მიწის, კამკამა წყლის, სუფთა ჰაერის, ცეცხლზე შემოდგმული არყის ქვაბიდან ამოსული ოხშივარის სურნელია ეს. და იცით რატომ აღარ იყო ძველებურად მძაფრი? მხოლოდ რამდენიმე ოჯახია შემორჩენილი იმ სოფელში და ერთობის არომატი დააკლდა.
❓ არის რამე, რაზეც ძალიან გწყდება გული?
გული მწყდება ყველაფერზე, რაც ვერ გავბედე. სკოლის დასრულების შემდეგ ჩემი ოცნება სახლიდან წასვლა და თავგადასავლების ძიება იყო უცხო ხალხთან, უცნობ გარემოში, სხვა ქვეყანაში. საკუთარი ოცნების შემეშინდა მაშინ.
❓ რა იწვევს ხოლმე შენში გარდატეხებს?
ტკივილი, სევდა და სიხარული.
❓ სტრესს და შეგრძნებას, თითქოს სამყარო არაა შენს მხარეს, როგორ უმკლავდები?
ყოველდდღიური სტრესის გამკლავებისთვის ჩემი მეთოდები მაქვს, ემოციური ჰიგიენის სხვადასხვა ინსტრუმენტები: სიცილი, მედიტაცია, ცეკვა, სუნთქვა, გაზიარება. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, არასდროს, არასდროს მქონია განცდა, რომ სამყარო ჩემს მხარეს არაა. პირიქით, მუდმივად ვგრძნობ სამყაროს სიუხვეს ჩემში.
❓ ზოგადად, რა მეთოდები გაქვს სირთულეებთან ან მძიმე ემოციებთან გამკლავების?
ამ დროს პირველი რეაქცია არის გაშეშება. მერე ვიწყებ ღრმა სუნთქვას, ვიყენებ ჰავაურ ლოცვას ჰო’ოპონოპონო. ძალიან მეხმარება რომელიმე აქტიური, დინამიური მედიტაცია და გემრიელი გამოძინება.
❓ ყველაზე მნიშვნელოვანი რა ყოფილა შენს ცხოვრებაში რასაც მიხვდი, რამაც ძალიან გაანათა?
მომენტები, როცა ტრავმები დავამუშავე და გავაცნობიერე. როცა საკუთარ შიშებს თვალი გავუსწორე და მივხვდი ვინ ვარ. როცა აღმოვაჩინე და რეალურად ვიგრძენი, რომ ადამიანების უპირობოდ სიყვარული შემიძლია.
❓ რისი გჯერა?
დაბადების, ტრანსფორმაციის, გარდაცვალების.
❓ რა შეუძლია ადამიანს?
ადამიანს შეუძლია იყოს ის, ვინც უნდა რომ იყოს.
❓ რას გადაურჩენიხარ ძალიან რთულ მომენტში?
მოთმინებას, ამტანობას, გამბედაობას.
❓ ყველაზე ხშირად რა სიტყვები ჩაგესმის შენში?
„მშვიდობა იწყება ჩემგან“.
❓ რა არის შენში ის, რაც არასდროს შეიცვლება, როგორ ფიქრობ?
ჩემი ფემინურობა.
❓ დაასრულე ფრაზა: „ მე ყოველთვის ენერგიით მავსებს.....
გემრიელად გამოძინება.
❓ დაასრულე ფრაზა: „ ეს ცხოვრება არის...
ერთი დიდი თავგადასავალი.
❓ რას ეტყოდი იმ ადამიანებს ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას?
გაბედეთ და წადით „სახლიდან“, გამოიცხოვრეთ საკუთარი ცხოვრება და იარეთ მხიარულად, სიყვარულით, სიხარულით.
❓ დაბოლოს, მითხარი ფრაზა რომელიც შენს ახლანდელ ფიქრს, მდგომარეობას ან მსოფლმხედველობას გამოხატავს.
„ვინც დაიპყრო ვნებებმა, იხილა დაო ყოფიერისა. ვინც დაიპყრო ვნებები, იხილა დაო დაფარულისა“ /ლაო ძი/დაო დე ძინი
#Maia-mashogogoladze
-------------------------------------------------------
ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:
თანთან - სიმყუდროვის კუთხე
Khelad - პატრიოტული შთაგონებით აღზრდილი ბრენდი
2Mcars - ავტოიმპორტი ამერიკიდან და იაპონიიდან
Maia-Masho Gogoladze
コメント