"ყველაფერი გაერთიანების მცდელობაა"
✍️ ინტერვიუ / Mamuka Guruli 37 წლის
❓ ყველა ადამიანს აქვს თავისი დანიშნულება? როგორ უყურებთ ამ საკითხს, როცა
ამბობენ „ეს ჩემი ვალია“ „ეს ჩემი მისიაა“
ყველა ადამიანს აქვს თავისი ბუნებრივი ფუნქცია: მაგალითად, იყოს მწერალი ან მეომარი, მაგრამ რას დაწერს, ან რისთვის იბრძოლებს, ეს უკვე მისი ასარჩევია და ხშირად ადამიანს გარედან თავსმოხვეული ფასეულობები თავისი არჩევანი ჰგონია. ვალია - როცა არ გინდა, მაგრამ რაღაცეები უნდა აკეთო სხვებისთვის; მისიაა - როცა ბედნიერი ხარ იმით, რასაც სხვებისთვის აკეთებ.
❓ თქვენი აზრით, რისთვის იბადება ადამიანი?
იმისთვის, რომ გაფართოვდეს... და ეს გაფართოება ყველასთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს: ერთისთვის გაფართოება ძალაუფლებაა, მეორესთვის აბსოლუტური კონტროლი, მესამესთვის აბსოლუტური მინდობა, მეოთხესთვის სიყვარული, როგორც მდგომარეობა, მეხუთესთვის აბსოლუტთან ყველა დონეზე შერწყმა და ა.შ. სექსიც გაფართოების საწყისი დონეა - პარტნიორთან შერწყმა ფიზიკურ და ენერგეტიკულ დონეზე. მაგრამ არსებობს სექსის გაცილებით მაღალი დონეები: ემოციურ, მენტალურ დონეზე და ა.შ. ამ თვალსაზრისით ყველაფერი სექსია, ყველაფერი გაერთიანების მცდელობაა. ამას აღმოსავლეთში იოგას უწოდებენ.
❓ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა თავისი გზა, როგორ უნდა მიხვდეს საით წავიდეს?
აქაც ეტაპებია. ჯერ ადამიანმა თავისი ბუნებრივი სურვილები უნდა გააცნობიეროს და მათი ასრულების გზით უნდა წავიდეს. როცა სურვილთა იერარქიაში საწყისი სურვილებს დაიკმაყოფილებს, შემდეგ უკვე შეუძლია იპოვოს თავისი ცხოვრებისეული მისია. ყველაზე მარტივი მეთოდია - გულწრფელი კითხვები საკუთარ თავთან, და გულწრფელი პასუხები. გულის სიღრმეში ყოველთვის იცი, როდის იტყუებ თავს, და რაც უფრო
ნაკლებად იტყუებ, მით უფრო სწორად ხედავ შენ გზას.
❓ თუ გრძნობს ადამიანი რომ რასაც ხელს მოკიდებს ყველაფერი გამოუვა მაგრამ არ იცის რას მოკიდოს, როგორ უნდა მოიქცეს?
ამაზე ცნობილი გამოთქმა გამახსენდა: „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო“. თუ გრძნობს, რომ ყველაფერი გამოუვა, რაღაცით დაიწყოს, ნებისმიერი რამით, რაც იმ მომენტში უნდა, მთავარია დაიწყოს და გააკეთოს. ერთ ცხოვრებაში ყველაფერს ვერ მოასწრებ, რაღაცეები უნდა აირჩიო, თორემ დარჩები „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი“
❓ ღმერთი რომ იყოთ რას იზამდით?
რამეს ვითამაშებდი.
❓ რა არის თქვენი აზრით ბედნიერება? როგორი გრძნობაა..
წკაპ, და რაღაც გააცნობიერე. ამ დროს ცოტათი უფრო გაფართოვდი. თვითონ „წკაპ“-ის მომენტია ბედნიერება. ძალიან წამიერია და ვერ ვიხელთებ.
❓ მე რომ მოწყენილი ვიყო, რას მეტყოდით?
დააკვირდი...
❓ რა ასაკის გინდათ რომ იყოთ და რას გააკეთებდით?
დაახლოებით 18 წლის. ვისწავლიდი იოგას, ფსიქოლოგიას და დრამატურგიას.
❓ რას „მიხვდით“ ცხოვრებაში? გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება
დაწერილი პროგრამები ვართ, ჩვენი ფუნქციით და პროგრამული უზრუნველყოფით. თუ ვასრულებთ ჩვენ ფუნქციას - ბედნიერები ვართ, თუ არადა ვიტანჯებით. თავისუფლების მცირე წილი გვაქვს და ხშირად იმასაც არ ვიყენებთ.
🔴 მითხარით თქვენი საყვარელი ფრაზა
✨ რა უნდა გაუგოთ ოკეანეს, როცა ერთმანეთისა ვერ გაგიგიათ? („სოლარისი“)
댓글