top of page

Interview: Mari Bekauri

✍️ ინტერვიუ / მარი ბექაური


ძლიერი და ჭკვიანი ქალი ხარ, შენ როგორ ფიქრობ შენს თავზე, როგორი ხარ?


გულწრფელი ვარ, ჯიუტი, და ცოტა არასერიოზული, თუმცა, ჩემი ორი წამყვანი

თვისება არის - ძლიერი ნება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.


ყველაზე ხშირად როგორ განწყობაზე ხარ ხოლმე?


მშვიდი, სტაბილური.


რა განაპირობებს შენი ხასიათის ცვალებადობებს?


სიმართლე რომ ვთქვა, კაი ხანია, ხასიათის ცვალებადობები აღარ მაქვს. ზუსტად ესაა ჩემთვის მთავარი მონაპოვარი, რომ ემოციების მართვა ვისწავლე და ჩემი განწყობები გაცილებით ნაკლები დოზითაა გარე ფაქტორებზე დამოკიდებული.


რა გაძლევს ცხოვრებაში დიდ სიმშვიდეს და რას შეუძლია შენი არევა?


დიდ სიმშვიდეს მაძლევს ის, რომ ვენდობი საკუთარ თავს - მჯერა, რომ ყოველთვის სინდისს ვუერთგულებ. რაც შეეხება არევას, ადრე მაგას იწვევდა ხოლმე გულის ტკენა ადამიანებისგან, ვინც ძვირფასია და ვისგანაც ამას არ ელი. მერე კი მანდაც მოვიპოვე სიმშვიდე, რადგან გავიაზრე, რომ პასუხისმგებელი მხოლოდ საკუთარ ქმედებებზე ვარ და თუ სხვა მტკენს, ან დარტყმას მაყენებს, ეს მისი ნება და არჩევანია. მე მხოლოდ ამ ფაქტის მიღება და მერე, ჩემი გზის გაგრძელება შემიძლია.


რისკენ მიისწრაფვი ცხოვრებაში?


მინდა, მაქსიმალურად ვემსახურო ადამიანებს, ჩემი ნიჭის და შესაძლებლობების ფარგლებში, იქნება ეს ლიტერატურა, კინო თუ ფსიქოლოგია.


გაქვს სანუკვარი ოცნებები? მეოცნებე უფრო ხარ თუ პრაგმატული?


ოცნებები არ მაქვს. უფრო  პრაგმატული ვარ. უფრო სწორად, თუ რაღაც სურვილი ჩნდება, ჯერ ვიაზრებ, რამდენად არის ეს სურვილი რეალურად ჩემი და რამდენად მაქვს მის განსახორციელებლად საჭირო უნარები, და თუ მაქვს, შემდეგ გეგმას ვადგენ და შესრულებაზე გადავდივარ.


ცხოვრებაში რა გაძლევს სტიმულს?


სიყვარული, ადამიანები.


რა გიბიძგებს რომ განვითარდე და წინ იარო?


ალბათ, საკუთარი თავი. ვერც წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება მუდმივი განვითარების გარეშე.


როგორ ფირქობ, რა არის ადამიანისთვის უდიდესი დახმარება?


რეალობისთვის თვალის გასწორება. შეიძლება, კონკრეტულ მომენტში ეს რეალობა საშინელიც კი ეჩვენოს ადამიანს, მაგრამ რეალობაზე დიდი დამხმარე და მასწავლებელი არავინაა...


გარდამტეხ მომენტებში რას გადაურჩენიხარ?


რწმენას და დაფარულ სიმართლეს, რომელიც ყველაზე დიდ განსაცდელებში ცხადდება, იმ შემთხვევაში, თუ გეყოფა ძალა, ბოლომდე შეხედო რეალობას და საკუთარ თავს.


ცხოვრება როგორია შენთვის?


ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავიაზრე: ცხოვრება ჰგავს მდინარეს - თან მუდმივად ერთია და თან მუდმივად ცვალებადი... ცხოვრების გზაზე, რაღაც მომენტებში მე დამიკარგავს ყველაფერი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და მაგან მიმახვედრა, რომ რისიც გჯერა და რასაც აშენებ, ერთ დღეს შეიძლება დაინგრეს, გაქრეს. ამიტომ, არაფერს არ უნდა ჩამოეკიდო. ცხოვრება ცვალებადია - ერთმანეთს ცვლის კარგი და რთული ეტაპები. რაც დღეს გაქვს, შეიძლება ხვალ დაკარგო  და თუ არ გექნება ცხოვრების არსი გაცნობიერებული, ეს ყველაფერი დაგანგრევს. ამიტომ, უნდა აღმოაჩინო და მოიპოვო ის სიმშვიდე, რაც თავად შენშია, და შეგეძლოს რეალობის მიღება. როცა ნებით მოქმედებაა საჭირო, იმოქმედო. როცა დანებებაა საჭირო, დანებდე.


რამდენი წლის გინდა რომ იყო და რატომ?


რამდენისაც ვარ. წარსულის არცერთ მომენტში არ დავბრუნდებოდი, რადგან ეს უკვე განვლილი ეტაპებია, საიდანაც, რაც საჭირო იყო, ვისწავლე.


რის გათვალისწინებას ურჩევდი იმ ადამიანს ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას?


რჩევები არ მიყვარს. მჯერა, რომ ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს.

როგორ ფიქრობ, როდის იწყებს ადამიანი ცხოვრებას?


როცა დაშენებულ პროგრამებს, სურვილებს, იდენტობებს ჩამოშლის და გამოარკვევს, ვინ არის სინამდვილეში.


რა გიყვარს ყველაზე ძალიან?


უფრო - ვინ.  ადამიანი.


კიდევ დაიბადებოდი? რატომ?


არ მიფიქრია მაგაზე.


რა არის შენი საყვარელი ფრაზა?


☀️ „გახსოვდეს სიკვდილი“.


გინდა რამე მითხრა ბოლოს?


☀️ სიკეთე გქონდეს ^_^

 


-------------------------------------------------------

ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:

თანთან - სიმყუდროვის კუთხე

Khelad - პატრიოტული შთაგონებით აღზრდილი ბრენდი

2Mcars - ავტოიმპორტი ამერიკიდან და იაპონიიდან



Mari Bekauri 

85 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page