top of page

Interview: Mariam Talakhadze


✍️ ინტერვიუ / მარიამ ტალახაძე


☀️ ინტერესი მიმანიშნებს, რომ ენერგიის გაცვლა უნდა მოხდეს. ორივეს რაღაც სასწავლი გვაქვს ამ კონტაქტით.


რა ხდება შენს სამყაროში ახლა? რა დოზით შეგიძლია შემიშვა?


ახლა ვემზადები რამდენიმე თვიანი თვითჩაღრმავებისა და სულიერი პრაქტიკისთვის. ვიპასანა მედიტაციის კურსებს უნდა ვემსახურო ბაკურიანში თვენახევრის განმავლობაში, რის მერეც შვედეთში მივდივარ, რომ იქაც ვიმსახურო და მერე თავადაც დავჯდე 10 დღე მდუმარებაში. ტყავის გამოცვლის მეტაფორა მომდის თავში. შეგრძნება მაქვს, რომ ბევრს ვმოძრაობ იმისთვის, რომ ძველი ტყავიდან გამოვძვრე. თუმცა პირველად ხდება, რომ ამ ყველაფერს შფოთვის და დაძაბულობის ნაცვლად, პოზიტიური მოლოდინის და თავდაჯერების შეგრძნებები ახლავს.


რას გრძნობ როცა შენით ინტერესდებიან?


ცნობისმოყვარეობას.


შენი აზრით რა აჩენს ინტერესს, საიდან მოდის? რასთან გვაქვს საქმე


ინტერესი - ცნობიერების ვიბრაციული თანხვედრაა. ინტერესი მიმანიშნებს, რომ ენერგიის გაცვლა უნდა მოხდეს. ორივეს რაღაც სასწავლი გვაქვს ამ კონტაქტით.


რამდენჯერ ხარ ცხოვრებაში რადიკალურად შეცვლილი?


ბევრჯერ. მგონი მთელი ცხოვრება ცვლილების პროცესია.

ჩემი ცხოვრების ყველაზე გარდამტეხი რადიკალური ცვლილება 7 წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება.


როგორ გადიხარ ცვლილებებს?


ვაკვირდები შეგრძნებებს. ვცდილობ, აღმოვაჩინო, ჯერ კიდევ სად ვებღაუჭები ძველს. მერე ვცდილობ, მოვადუნო ეს ჩაჭიდება და სიმშვიდე გამოვიმუშავო. ერთ წინადადებაში ადვილად ითქმის, მაგრამ მთელი სულიერი პრაქტიკაა.


რა გიყვარს და რას აფასებ საკუთარ ხასიათში/ბუნებაში?


ეკლექტურობას, მრავალშრიანობას, მრავალწახნაგოვნებას. ბევრი პროფესია, ინტერესი და ჰობი მაქვს. ვცდილობ, არ ვიყო მხოლოდ ერთ ინტერესზე ფოკუსირებული და ჩემი თავი ყველა მხრივ მაქსიმალურად გამოვავლინო. ამის გამო შინაგანი კონფლიქტები მაქვს და ხანდახან თავს ქაოტურად, გაფანტულად ვგრძნობ უამრავ ინტერესს შორის, მაგრამ სხვანაირად ცხოვრება არც კი შემიძლია. ქაოსსა და წესრიგს შორის წონასწორობის შენარჩუნება ჩემი მუდმივი ამოცანაა.


რა არის ის რისი გაზიარებაც არასდროს გინდა და შენი თავისთვის იტოვებ ხოლმე? არის ასეთი რამე?


ჩემი ფილოსოფიური მიგნებების და აღმოჩენების გაზიარება ისეთ აღტაცებას აღარ მანიჭებს, როგორც ადრე. რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ ადამიანებს არ სჭირდებათ სხვისგან ჭკუის სწავლება, სხვისი აზროვნების თავს მოხვევა. თუ არავინ მეკითხება, ჩემს “ბრძნულ აზრებს” ჩემთვის ვიტოვებ.


რა გაინტერესებს ადამიანებში/სხვებში?


თვითფლობა, თვითრეფლექსიის უნარი, სისუფთავე.


ბედნიერი ადამიანი ხარ? კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით?


თავს ძალიან ბედნიერად და იღბლიანად ვგრძნობ. ზუსტად ისე ვცხოვრობ, როგორც მომეხასიათება. ბევრი წელია აღარ მაქვს სტანდარტული სამსახური და ჩემს დროს ისე ვიყენებ, როგორც მსურს. ვცხოვრობ 28 დღიან მთვარის ციკლში და არა 7 დღიან სამუშაო კვირაში. ჩემთვის არ არსებობს “ორშაბათი”. არ ვარ ვინმეზე ფინანსურად ან ემოციურად დამოკიდებული. სრულად მიძღვნილი ვარ ჩემს გატაცებებზე, შემოქმედებაზე, სულიერ პრაქტიკებზე, მსახურებაზე, სწავლაზე, თვითგანვითარებაზე. ვმუშაობ მხოლოდ ისეთ პროექტებზე, რომლებიც სიხარულს მანიჭებს ან ემოციურად მზრდის. მაგალითად, 10 წლის წინ ვერ ვიფიქრებდი, თუ ამ ასაკში ასეთი ცხოვრება მექნებოდა.


რას უსურვებ საკუთარ თავს მომავალში?


სიბრძნეს და უმანკოებას.


რას ეტყოდი საკუთარ თავს წარსულში?


გულის ხმას მიენდე!


ამ სამყაროში ყოფნა გინდა?


ჯერ-ჯერობით ვერ ვგრძნობ, რომ რამე სხვა არჩევანი არსებობს. უფრო ვცდილობ “აქ და ახლა” ყოფნაში ვივარჯიშო.


არის რამე რაც გიპროტესტდება?


ხანდახან უმეცრებას ვერ ვეგუები.


რას ებრძვი ყველაზე მეტად ცხოვრებაში?


ჩამჭრელი კითხვაა, ალბათ, ყველაზე მეტად ბრძოლას ვებრძვი.


რა გიყვარს ძალიან?


თამაში

სადილობის წინ შიმშილის შეგრძნება

ემოციების, ფიქრების და მიგნებების წარმოდგენა ცხრილების, გრაფიკების და გეომეტრიული ფიგურების სახით

ადამიანებში გაცნობიერების მომენტებზე დაკვირვება

სიჩუმეში მარტო ჯდომა

აზროვნება


რას ეტყოდი ადამიანებს?


ყველა ჩვენგანში საოცარი სუპერძალები იმალება, უბრალოდ მათი აღმოჩენისკენ მიმავალ გზაზე სიარულს უნდა შევუდგეთ.


მითხარი შენი საყვარელი ფრაზა...


☀️ უჭვრიტე და გამოჩნდება... ;)

 



-------------------------------------------------------

ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:

თანთან - სიმყუდროვის კუთხე

Khelad - პატრიოტული შთაგონებით აღზრდილი ბრენდი

2Mcars - ავტოიმპორტი ამერიკიდან და იაპონიიდან



Mariam Talakhadze

51 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page