top of page

Interview: Mate Makashvili


✍️ ინტერვიუ / მათე მაყაშვილი


❓ თავს როგორ გრძნობ, ზოგადად და ამ პერიოდშიც


თუ კარგად ვიქცევი კარგად ვარ, თუ ცუდად ვიქცევი ცუდად. ხანდახან თავის მოკვლა მინდა, ხანდახან ისეთი ძლიერი ვარ, მთელი ქვეყნის ცოდვები შემიძლია ჩემზე ავიღო. რასაც ვთესავ იმას ვიმკი, გააჩნია რას ვთესავ. ვბორძიკობ, მაგრამ ვბორძიკობ სწორი მიმართულებით.


❓ რა გაწუხებს შენში?


ამპარტავნება, შური, მრისხანება, ნაყროვანება, სიძულვილი, სასოწარკვეთილება, ანგარება, გადადებული საქმეები, სიზარმაცე, კუჭი, ნაღვლის ბუშტი, overthinking, გადაუწყვეტელობა, შინაგანი პროტესტი სამყაროს მიმართ და ა.შ.


❓ რას ელოდები?


ღვთისშვილების მოსვლას, ყველა დაფარულის გაცხადებას. დედამიწაზე სიყვარულის სხივის დაცემას, მასობრივ გასხივოსნებას და მასობრივ განადგურებას.


❓ აღმიწერე შენი საუკეთესო, ბედნიერი დღე


ძალიან ბევრი ყოფილა, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი ალბათ ის იყო როცა დავინახე, ამას გალაკტიონის ენაზე თუ ვიტყვით ჰქვია, „უეცარი გახელა,“ ერთი სიმღერა მიყვარს, სადაც არის ეგეთი ფრაზა Sudden sense of liberty აი ეგ ორი შევაჯამოთ.


❓ სად პოულობ სიხარულს?


თუ შიგნით სიხარულის ტალღაზე ვარ, ყველგან ვპოულობ, მაგრამ თუ შიგნით რაღაცა ჩამქრალია გარეთ რაც არ უნდა მოხდეს აზრი არა აქვს. ისე მუსიკის მოსმენა მიყვარს, სეირნობა, მედიტაციაც მიყვარს, წამოწოლა და არაფრის კეთება ხო საერთოდ მაგარია, ვგიჟდები წამოწოლილ წმინდანებზე, მინდა ეგეთი გამოვიდე.

სიყვარული მიყვარს, წარმოვიდგენ ხოლმე რომელიმე ადამიანს, ვგრძნობ როგორ მიყვარს და ცრემლები მომდის. ხანდახან ღმერთზე ვფიქრობ, ან ანგელოზებზე, ან ნახევარღმერთებზე, ან ადამიანებზე, ემპათიაში ვპოულობ კიდე სიხარულს, ფიფას თამაშში მისწორდებოდა ადრე, მაგრამ ბოლო დროს აღარ ვთამაშობ. ფეხბურთის თამაშიც კაია, მაგრამ რაღაც მუხლებმა შემაწუხა ასაკში : ) მოგზაურობა ხო საერთოდ სავსეა სიხარულებით. ზამთარში როცა კატა მომიცუცქდება მაგაშიც ვპოულობ ხოლმე, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც მაცივარში და ხილ-ბოსტნეულის დახლებზე.


❓ რა კითხვა არ გასვენებს არასდროს?


რა ვჭამო?


❓ რა საკითხი არ გასვენებს?


მომავალი, მეორედ მოსვლა, აპოკალიფსი იქნება? კატაკლიზმები? როდის უწევს? გადავრჩები? რამე ბუნკერი ხო არ ავაშენო? მწნილები ჩავიტანო? მარცვლეული? სადამდე მოვა წყალი? მოვასწრებ?


❓ რომელ დროში ხარ ხოლმე ძირითადად?


წინ და უკან, ან პარალელურ განზომილებებში, იშვიათად აწმყოში.


❓ სადმე წასვლა გინდა?


კი, ყველგან! მე წასვლა ზოგადად მიყვრას.

ინდოეთში მინდა, ყველა წმინდა ტაძარს მოვივლიდი სიამოვნებით, ბაზრებს, ფესტივალებს, მაგათ მაგარი დღესასწაულები იციან, სასწაულები ხდება ხოლმე. აი იქაც მინდა 12 წელიწადში ერთხელ განგაში რომ ჩადის მთელი ქვეყანა ოო... რა მაგარი იქნება. ბოლო დროს ერთი მთა ამეკვიატა, არუნაჩალა ქვია, ასე ამბობენ ეგ მთა თავად შივააო, აირბენდა კაცი და დასჭექდა ზემოდან ოოომ ნამაჰ შივააია! ტიბეტშიც მინდა უმიზნოდ ყიალი, ვიღაც რენდომ ბერებთან ღამეების გათენება და რაღაც გაუგებარი ნახარშების დალევა. სამხრეთ ამერიკა, ცენტრალური ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია. დიდი ქალაქებიც მიყვარს, ევროპაც ძალიან. პორტუგალია და ესპანეთი განსაკუთრებით, ოღონდ ბარსელონა არა, რატომ არ ვიცი, ფეხბურთი არაფერ შუაშია. ახლა ძალიან მინდა საშობაო ბაზრობებზე ნებისმიერ ევროპულ ქალაქში, არა ნებისმიერში არა, სადმე კარგში. აი ალბანეთში მეზარება. მაგრამ ეგ ისლამურია და საშობაო ბაზრობაც ალბათ არ ექნებათ. საფრანგეთშიც მინდა, იტალიაშიც, სკანდინავიაშიც, ინდონეზიაში, ჰონგ-კონგში, ოღონდ ცოტა ხნით, აფხაზეთშიც მინდა რაღა დაგიმალო, მგონია რაღაც წმინდა ადგილი უნდა იყოს და ღმერთმა იმიტომ წაგვართვა, რომ ჩვენი მავნე ზეგავლენისგან დაიცვას, რას ვუზამდით ხო წარმოგიდგენია? ახალ ბათუმს დაემსგავსებოდა, ინვესტორების გასართობი პარკი. როცა ჭკუას და მოვლას ვისწავლით მერე დაგვიბრუნებს, მანამდე არა.


❓ რა არის შენი არსებობის მთავარი აზრი?


ჩემი არსებობა ძირითადად ძალიან უაზროა.


❓ რას ფიქრობ სიკვდილზე? გთრგუნავს?


დათრგუნვით არ მთგრუნავს, მაგრამ როცა მოვა ვისურვებდი თავაწეული დავხვდე და ვუთხრა, ძმაო სიკვდილო, მავრმა გააკეთა თავისი საქმე, მავრს შეუძლია წავიდეს.


❓ ერთ მშვენიერ დღეს...


მოყვება მეორე არამშვენიერი დღე


და ეს მშვენიერია.


❓ დაასრულე ფრაზა: ეს ცხოვრება არის....


ეგ ფრაზა უკვე დასრულებულია.


❓ სად ვართ ადამიანები?


გონების ტყვეობაში.


❓ რა იყო შენი ოცნება ბავშვობაში?


სიღარიბე და გაჭირვება რომ არ ყოფილიყო. თოვლის პაპას ვთხოვდი ხოლმე, მაგრამ არ მისრულებდა.


❓ რისთვის გიბრძოლია ცხოვრებაში?


საქართველოს ჩემპიონობისთვის ცურვაში 14 წლამდელებს შორის, 2002 წელს. რა?სად?როდის?-შიც მიბრძოლია კითხვების გამოსაცნობად. ისე სიყვარულისთვის და სინათლისთვისაც - შიგადაშიგ, ჩემი ჭკუით სიმართლისთვის, სავარაუდოდ დემონებისთვისაც და ანგელოზებისთვისაც მექნება ერთი-ორჯერ „ხმალი“ მოქნეული. მარა ახლა მაგრად დავიღალე და დასვენება მინდა.


❓ სიცოცხლე გიყვარს?


ვცდილობ მიყვარდეს, სხვა არჩევანი უბრალოდ არა მაქვს, სხვა არჩევანი სიკვდილია.


❓ ვინ ხარ შენ?


ხან ყველაფერი, ხან არაფერი, ხან ღმერთი, ხან სატანა, ხან ყოვლისმცოდნე, გასხივოსნებული ოსტატი, რომელსაც ფიქრის მატერიალიზაცია წამში შეუძლია, ხან სასოწარკვეთილი და დავრდომილი მათხოვარი, რომელიც მოწყალებას და თავშესაფარს ითხოვს. ყველაზე ხშირად მაინც დაცემული ანგელოზი. ეს პოეტური ვერსიებია, მათემატიკური სიზუსტით რომ გითხრა, მე ვარ შენ, ოღონდ სხვა კარმით.


❓ რა არის ყველაზე რთული?


იყო საკუთარი თავი


❓ რისი გეშინია?


რომ ვერ შევძლო ის რისთვისაც მოვედი


❓ რა არის შენი გულის ნატვრა?


რომ შევძლო ის რისთვისაც მოვედი.


❓ ბედნიერი ხარ? გინდა ბედნიერება?


ხანდახან ვარ, უფრო ხშირად გაასწორებდა. ზოგადად მელანქოლიისკენ მიმაქანებს ხოლმე.


❓ შენი საყვარელი ფრაზა....


so it goes.

კიდევ არის ერთი ფრაზა მე მოვიგონე: „დედა თუ არ მოგე**ნა, ვერ დაიბადები“. თუმცა ახლა ამ გადმოსახედიდან ფრაზის სისწორეში ეჭვი შემაქვს, მაგრამ პოეტურად ლამაზია.

აა კიდე ერთ ფრაზაც მოვიგონე, უფრო სწორად ზურა ჯიშკარიანის ვერსია გადავაკეთე „ტალღა“ იყო ეგეთ ჰიპ-ჰოპ პროექტი და იქ ამბობს „ომზე ომით პასუხობენ მეომრები“ მე ასე შევცვალე „ომზე Om-ით პასუხობენ მეომრები“ ჰო, აი ეს უფრო მომწონს. ძალას მმატებს.


❓ რას მიხვდი?


✨ ყველაფერი კარგად არის.


ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი


მათე მაყაშვილი - ბზრიალა ფოთოლი


326 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page