top of page

Interview: Nina Londaridze

Updated: Nov 5, 2019

"ყველამ ვინც მთა გადადგა, ოდესღაც კენჭების ზიდვით დაიწყო"

✍️ ინტერვიუ / ნინა


❓ საყვარელი ფრაზა..


✨ წარმოგიდგენია რამდენი კარგი იდეა შეიძლება გაატანო წყალს, თუ შხაპის მიღებისას მხოლოდ სისუფთავეზე იფიქრებ?!


❓ როდის არის მნიშვნელოვანი ეტაპი ცხოვრებაში?


როცა იმ ადგილას აღმოჩნდები, სადაც შენ ნამდვილად შენ ხარ, იწყება რაღაც მაგიური. თავისით მოდის ენთუზიაზმი, თავდაჯერებულობა, სიჯიუტე და დაბრკოლებების გადალახვის დაუძლეველი სურვილი


❓ რა არის მთავარი, რასაც უნდა მიაღწიოს ადამიანმა?


ყველა მიღწევა მთავარია. ის რომ ჩვენი დრო ოდესმე მოვა არ მწამს.სულ ჩვენი დრო არ არის? დაბადებიდან გარდაცვალებამდე.


❓ რას ფიქრობ ოცნებებზე?


არ მჯერა რომ ოცნებები შესაძლოა თავისით ახდეს. თუ ადამიანი საკუთარ ოცნებას დაამუშავებს და გადააქცევს მიზნად, მერე უკვე ოო, გაეცალეთ


❓ რა გიყვარს სიცოცხლეში?


ახალშობილი ბავშვების სუნი, კისრიდან რომ ამოსდით


❓ რისი გეშინია?


როცა ძალიან პატარა ვიყავი და შავ თეთრ სურათებს ვათვალიერებდი, გულწრფელად მჯეროდა რომ სამყარო ადრე უფერული იყო. მას შემდეგ ჩემი ქვეცნობიერი გამუდმებით იბრძვის ყველაფრის გაფერადებისკენ და იმდროინდელი უღიმღამო სამყაროს შიში დღესაც მაქვს


❓ სიტყვები, რასაც ხშირად უმეორებ საკუთარ თავს


✨ ყველამ ვინც მთა გადადგა, ოდესღაც კენჭების ზიდვით დაიწყო





სრული ინტერვიუ:


1. როგორ გრძნობ ახლა თავს? რას გულისხმობს შენთვის კარგად ყოფნა, რას ეძახი


ძალიან კარგად ვარ ახლა, ასე ვიყავი გუშინაც და ვიქნები მანამ, სანამ მე თვითონ არ გადავწყვეტ რომ მოვიწყინო. ისე კარგად ყოფნა ძალიან მარტივია თუ მოინდომებს კაცი. ხშირად მისალმებისას, კითხვაზე როგორ ხარ ? მპასუხობენ ისე რა / ან ვარ რა. საერთოდ არ მესმის რას ნიშნავს იყო ისე რა. ანუ ამ დროს ალბათ არც კარგად ხარ და არც ცუდად. უმოძრაოდ ხარ სადღაც შუაში გაჩხერილი და სულაც არ გინდა შენი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალო. დინებას რომ გაყვე და ყველა უბედურება მეზობლის ავ თვალს დააბრალო ამაზე მარტივი რა არის? არადა სინამდვილეში ცხოვრების მთავარი მუღამი ტალღების საწინააღმდეგოდ ცურვაშია.


2. როდისაა წერისთვის საუკეთესო დრო? ან როდისაა საუკეთესო დრო იმის კეთებისთვის რაც გვჭირდება, ან რაც საჭიროა?


საღამო საუკეთესო დროა დროთა შორის. პირადად მე ყველაზე პროდუქტიული საღამოს ვარ. მთელი დღის ქაოსს გამორიდებული საკუთარ ემოციებს რომ გააშიშვლებ მაშინ არის ყველაზე დიდი შანსი მიხვდე სინამდვილეში რა გაბედნიერებს და მერე თუ გინდა წერე, გინდა ხატე და გინდა ყირაზე გადადი.


2. რა არის მთავარი რისთვისაც უნდა ილტვოდეს ადამიანი და როგორ უნდა მოახერხოს ეს?


ჩემი აზრით ადამიანმა სამყაროს თავისი კვალი უნდა დაამჩნიოს. სიტყვა იქნება ეს თუ საქმე, მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად არ მჯერა იმის რომ ადამიანები ისე უბრალოდ იბადებიან იმისთვის რომ მთელი ცხოვრება ოხვრაში გაატარონ და მერე ისევ უბრალოდვე მოკვდნენ.


3. თუ გახსოვს რაზე ოცნებობდი ბავშვობაში და თუ აგიხდა რამე მათგანი? რა შეგრძნებები მოაქვს ოცნებების ახდენას?


არ მჯერა რომ ოცნებები შესაძლოა თავისით ახდეს. სიტყვა ოცნებაც დიდად არ მომწონს. არარეალურად ჟღერს და არც განხორციელების პერსპექტივაზე აქვს პრეტენზია თითქოს. მაგრამ თუ ადამიანი საკუთარ ოცნებას დაამუშავებს და გადააქცევს მიზნად, მერე უკვე ოო გაეცალეთ. მეც ბავშვობაში ნაოცნებარის განხორციელების გზას ვადგავარ ამ წუთას და რა შეგრძნებაა იცი? დღის ბოლოს იმ ფეხსაცმელს რომ გაიხდი, მთელი დღე რომ გიჭერდა.


4. რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შენი აზრით?


ჩემი აზრით, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი იდენტობის განსაზღვრაა. რეალურად მგონია რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია.მაგრამ ამავდროულად საინტერესო. როგორც კი იმ ადგილას აღმოჩნდები, სადაც შენ ნამდვილად შენ ხარ , იწყება რაღაც მაგიური. თავისით მოდის ენთუზიაზმი, თავდაჯერებულობა, სიჯიუტე და დაბრკოლებების გადალახვის დაუძლეველი სურვილი.


5. ცხოვრების გამოცდილებამ რას მიგახვედრა?


ცხოვრების გამოცდილებამ მიმახვედრა რომ შემიძლია შეცდომა გავიმეორო, ოღონდ ამჯერად მქონდეს იმის სრული გარანტია რომ სიტუაციიდან უეჭველი გამოვძვრები.


6. რა ფერია სიყვარული? რო ახსნა რატომ


ჩემთვის სიყვარული აუცილებლად ფერადია ოღონდ რამოდენიმე ფერი ერთდროულად კი არა, ცალკ ცალკე, მონაცვლეობით. იმისთვის რომ ვიფიქრო, დავინტერესდე, დავინტრიგდე და ვივარაუდო მაგალითად რა შეიძლება მოყვეს იასამნისფერს .


7. რისი გწამს გულის სიღრმეში?


მწამს ღმერთის არსებობის და იმის, რომ ნამდვილ ღმერთს სულ არ აინტერესებს მეჩეთში ვილოცებ თუ ეკლესიაში.


8. ყველაზე მეტად რისი გეშინია?


როცა ძალიან პატარა ვიყავი და შავ თეთრ სურათებს ვათვალიერებდი, გულწრფელად მჯეროდა რომ სამყარო ადრე უფერული იყო. მას შემდეგ ჩემი ქვეცნობიერი გამუდმებით იბრძვის ყველაფრის გაფერადებისკენ და იმდროინდელი უღიმღამო სამყაროს შიში დღესაც მაქვს.


9. რას აფასებ ადამიანებში?


გულწრფელობას


10. როგორია მშვენიერი ლამაზი ადამიანი შენთვის?


ჩემთვის მშვენიერია ყველა ის ადამიანი, ვინც უბრალოდ გულწრფელად მიღიმის. და თუ ღიმილთან ერთად თვალებიც უციმციმებს ხომ მთლად გადასარევი.


11. წელიწადის რომელი დრო გიყვარს და რატომ?


გაზაფხული მიყვარს. გამოღვიძებას გავს და ალბათ იმიტომ.


12. შენი აზრით რა არის ამ ცხოვრებაში საინტერესო?


ამ ცხოვრებაში არის რამე უინტერესო ?


13. მითხარი საყვარელი ფრაზა, ლექსი, გამოთქმა.


წარმოგიდგენია რამდენი კარგი იდეა შეიძლება გაატანო წყალს, თუ შხაპის მიღებისას მხოლოდ სისუფთავეზე იფიქრებ?!.


14. შეკითხვა ინტერვიუს წევრებისგან ‘ვინ ხარ შენ’


მე ვარ ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის ვინ არის, რა უნდა და როგორ უნდა მიიღოს სამყაროსგან ის, რაც სურს.


15. რა არის ბედნიერება? შენ რა გაბედნიერებს ხოლმე?


მე ბედნიერებას იმ წვრილმანებში დავეძებ, სადაც თითქმის აღარავინ იქექება.

მეგონა რომ ჩაი აღარ მქონდა და დილით ერთი პაკეტი შემთხვევით აღმოვაჩინე? მორჩა ბედნიერი ვარ!

ან უბრალოდ მზე ამოვიდა? ვახ, კარგია - აი ბედნიერი ვარ ისევ.


16. რა არის ადამიანის დანიშნულება შენი აზრით?


ადამიანის დანიშნულება სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაა, ოღონდ არ მგონია რომ ამისთვის აუცილებლად გმირად უნდა დაიბადო. შეგიძლია პატარ პატარა მოქმედებებით უბრალოდ შენი და შენს გარშემო მყოფთა ცხოვრება გაავსო პოზიტივით. ეგაც ხომ საქმეა?


17. რას ნიშნავს განშორება? განშორებით გამოწვეული ტკივილი როგორია და რისთვის ხდება ცხოვრებაში ცუდი რაღაცეები?


ზოგადად მგონია რომ გარე სამყარო ჩვენი შინაგანი სამყაროდან წამოსულ ფიქრებს ეხმიანება. ჩვენივე ფიქრებით ვიზიდავთ ხალხს, შესაძლებლობებს, გარემოებებს, კარგსა და ცუდ ამბებს. მარტო ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ საკუთარი ფიქრების ჟანრი და შესაბამისად საკუთარი ცხოვრების სცენარზეც თავად ვართ პასუხისმგებელნი.

განშორების ტკივილი არასოდეს განმიცდია. სევდა კი, თან ბევრჯერ.


18. რა გიყვარს ამ სიცოცხლეში ყველაზე მეტად?


გაზაფხული მიყვარს და ახალშობილი ბავშვების სუნი კისრიდან რომ ამოსდით.


19. შემდეგ ცხოვრებაში როგორი გინდა რომ დაიბადო ან სად?


შემდეგ ცხოვრებაში აუცილებლად ისევ თბილისში დავიბადებოდი ისევ ნინა ლონდარიძედ. განა იმიტომ რომ საკუთარი თავი უზომოდ მიყვარს ან ძალიან პატრიოტი ვარ, არა უბრალოდ სხვა ქვეყანაში დაბადების გამოცდილება არ მაქვს და თავს ვიზღვევ რა იცი რა ხდება.


20. რას მეტყოდი ცუდად რომ ვიყო და დეპრესიაში? დამამშვიდებ?


გეტყოდი რომ ზუსტად მასეთი დეპრესია ქონდა ჩემი მამიდაშვილის ბიძაშვილის ცოლს. ხოდა გამოძვრა და ახლა მაგრად არის თან ის თუ მოერია შენ უპრობლემოდ შეძლებ. საერთოდ რატომ მალაპარაკებ ამდენს, დღეს ისედაც უკეთესად გამოიყურები.


21. რა დამოკიდებულება გაქვს სიკვდილთან? რა გრძნობას იწვევს შენში მაგაზე ფიქრი?


სიკვდილზე არც ისე ხშირად ვფიქრობ და თუ ვფიქრობ ისიც აუცილებლად ზამთარში თან ღამით. რავიცი, ვიმედოვნებ რომ საინტერესო იქნება და ასე რომ არ იყოს გადავირევი აუცილებლად.


22. რა არის ადამიანისთვის წარმატება? რას ნიშნავს წარმატება, წარმატებული ადამიანი


წარმატება? ვისთვის როგორ. ვიღაცამ შესაძლოა გემრიელი კერძი მოამზადოს და ეს მიიჩნიოს წარმატებად, ვიღაცისთვის კი კარიერული წინსვლებია საამაყო. ჩემს წარმატებას მაშინ ვგრძნობ როცა ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანები ღიმილით მესალმებიან.


23. რა არის მთავარი რასაც უნდა მიაღწიოს ადამიანმა?


მგონია რომ ყველა მიღწევა მთავარია რომელსაც დღის დასაწყისში დავსახავთ მიზნად და დღის ბოლოს უკვე განხორციელებული გვაქვს. შორეული პერსპექტივების და იმის რომ ჩვენი დრო ოდესმე მოვა არ მწამს.

სულ ჩვენი დრო არ არის? დაბადებიდან გარდაცვალებამდე.


40 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page