top of page

Interview: Nutsa Aivazashvili

✍️ ინტერვიუ / ნუცა აივაზაშვილი


☀️ ვიცი ვის, რაზე ან რატომ ვეუბნები უარს. ვისზე, რაზე და რატომ უნდა გავბრაზდე... ვიცი რას, რატომ და როგორ ვჭამ...


❓ პირველ რიგში, მინდა გამეცნო, მიამბე ცოტა რამ პატარ ნუცას შესახებ, შენი ბავშვობის შესახებ, როგორი იყავი? რაზე ოცნებობდი?


ჩემი აზრით, ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი: ლაღი, შემოქმედებითი, ინდივიდუალური. ისეთი, როგორიც უნდა იყოს ყველა ბავშვი, თუ ნორმალურ ოჯახში და სოციუმში იზრდება. ძალიან მეოცნებე ბავშვი ვიყავი და რაღაც ასაკის მერე, რეალობასთან შეჯახება მწარე იყო, თუმცა, დღეს ვთვლი, რომ თითქმის ყველა ჩემი მაშინდელი ოცნება ავიხდინე.


ბავშვობიდან მიყვარდა ბუნებასთან კონტაქტი. ზაფხულობით, სოფელში ჩამოსვლა და ჩემს კატებთან, ლოკოკინებთან, ძაღლებთან, ბაყაყებთან და პატარა გველებთან ერთად ძილი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ერთმა კატამ, ფასკომ, რომელსაც თვალი ჩირქიანი ქონდა, რის გამოც მეცოდებოდა და გვერდიდან ვერ მწყვეტდნენ, ქეციც კი გადმომდო და უკან, თბილისში გამაქანეს სამკურნალოდ. იქ თმა დამცვივდა და იყო ერთი ვაი-ვიში, საბედნიეროდ, ისევ ამომივიდა. მიყვარდა ტალახში თამაში და ხეებზე ძრომიალიც. მოკლედ, ცოტა ხათაბალა, მაგრამ კარგიმუნიტეტიანი ბავშვი ვიყავი.


რა არის ის ძირითადი შტრიხები შენს პიროვნებაში, რაც ბავშვობიდან მოგყვება და არ იცვლება?


სიმართლე მიყვარს. თუნდაც, ძალიან მწარე. ბავშვობიდან პირდაპირი ვარ და იგივეს მოვითხოვ სხვებისგანაც. თუ რამე გაქვს ჩემთან სათქმელი, მე უნდა მითხრა, რომ ჩემი პოზიციაც მოისმინო. თუ არადა გაჩუმდე. ცოტა ამაყიც ვარ და თუ საჭიროა, -კაპასიც.


მადლიერი ხარ საკუთარი თავის?


მადლიერება ნიჭია, რომელიც უნდა განავითარო, თავისით არ მოდის. რამდენიმე წლის მანძილზე ვებრძოდი დეპრესიას საკუთარი ძალებით (თუმცა, არავის მოვუწოდებ მკურნალობის ამ გზას მიმართონ მხოლოდ) და ამ ბრძოლის პერიოდში, აქტიურად დავნერგე განსაკურნი პრაქტიკები, რომლებიც ახლა უკვე ჩვევაში მაქვს. ერთ-ერთი მათგანია შემჩნევა, დაფასება და მადლიერების განცდა იმისა, რაც უკვე მაქვს და ერთი შეხედვით, ვეღარ ვამჩნევ. კი, მადლიერი ვარ საკუთარი თავის, როგორც ადამიანის, რომელიც სულ ცდილობს რაღაც ახალი მოჩხრიკოს და ისწავლოს. ეს ადვილი არაა და ამას ყოველ დღე ვახსენებ საკუთარ თავს.


❓ რა აკლია მას და რას მისცემდი?


აკლია ალბათ მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება. რაც არ უნდა ვიკითხოთ თეორიულად წიგნებიდან, პრაქტიკა სხვაა.


❓ რას ფიქრობ ცხოვრებაზე?


ცხოვრება ტანჯვაა, მაგრამ თუ სწორად დაიტანჯები, რაღაც აზრს მაინც შეიძენს.


რას გააუმჯობესებდი საზოგადოებაში?


ინტროსპექციას დავნერგავდი. როცა ინდივიდს შეუძლია საკუთარ თავში ჩახედვა, ის ქმნის ჯანსაღ გარემოს თავის ირგვლივ და ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი საზოგადოებაა.


❓ რას გაურბიხარ ცხოვრებაში?


იყო დრო, საკუთარ თავს გავურბოდი. ახლა ტკივილსაც კი აღარ გავურბივარ. ადრე ვხუმრობდი, ბიზონი ვარ, ბიზონები ნამქერში შედიან პირდაპირ და ასე მტკიცედ, მძიმედ, გადიან სამშვიდობოს -მეთქი. მეც ასე, თავით შევდივარ ცხოვრებისეულ ტკივილსა თუ სიხარულებში.


❓ რისი გეშინია და რისი საერთოდ არ გეშინია?


მეშინია ისეთი მოვლენების, რომელთაც მე ვერ გამოვასწორებ, რაც, ჩემზე არაა დამოკიდებული.

არ მაქვს ბიბლიური შიში გველების.


❓ გიყვარს საკუთარი თავი? რას გულისხმობს ეს?


კი, მიყვარს. ოღონდ არაეგოისტურად. უფრო სწორად, გაცნობიერებული ეგოიზმით. ვიცი ვის, რაზე ან რატომ ვეუბნები უარს. ვისზე, რაზე და რატომ უნდა გავბრაზდე... ვიცი რას, რატომ და როგორ ვჭამ...


❓ მითხარი შენი საყვარელი ფრაზა


მე ვარ ბიზონი.


❓ რას ეტყოდი მომავალში დიდ ნუცას?


Keep goin’


რაზე ოცნებობ? რა გინდა ძალიან?


საქართველოში გერმანული სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა მინდა შუაგულ ბუნებაში.


❓ დაასრულე ფრაზა: მე ძალიან მიხარია რომ....


☀️ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ.



ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:

თანთან - სიმყუდროვის კუთხე

Khelad - პატრიოტული შთაგონებით აღზრდილი ბრენდი

2Mcars - ავტოიმპორტი ამერიკიდან


-------------------------------------------------------

Nutsa Aivazashvili

194 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page