top of page

Interview: Sopho Okhanashvili

✍️ ინტერვიუ / სოფო ოხანაშვილი


❓ როგორ ხარ, რა შეგრძნებებით დაასრულე კოვიდის პერიოდი?


ფიზიკურად კარგად ვარ, ცოტა გაზარმაცებული, თუმცა კარგად. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოს, კოვიდმა ღირებულებების და პრიორიტეტების ნაწილი გადამაფასებინა. რა იყო ამის მიზეზი? კონკრეტული ერთი პასუხი არ მაქვს. ბევრი რამე შეიძლება იყოს მიზეზი: შეიძლება მართლა ურტყამს ნერვულ სისტემას და გემოსი და ყნოსვის არ იყოს, ამ სისტემასაც გიცვლის, შესაძლოა ფიქრისთვის, ანალიზისთვის, საკუთარ ჩაკეტილ უჯრებში და გამოკეტილ ოთახებში ბოდიალისთვის, ჩაღრმავებისთვის ბევრი დრო მქონდა, ან შეიძლება ეს პერიოდი რაღაცებისთვის, მათ შორის ურთიერთობებისთვისაც ლუსტრაცია იყო. თუმცა, უდაოდ, საინტერესო იყო. ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვი: კოვიდმა აღმომაჩენინა რამდენად უაზროა კითხვა: ‘’რამე ხომ არ გჭირდება ?’’


❓ თანდათან როგორი ხდება ცხოვრება შენთვის?


ღრმა, ტკბილი, უსაზღვრო შესაძლებლობების მოგზაურობას ჰგავს, დაგროვებულ გამოცდილებას და უნარებს აანალიზებს, ანალიტიკოსია ახლა ჩემთვის ცხოვრება, მდგრადი გემო აქვს, უფრო მყარად დგას მიწაზე, მყარი და თავდაჯერებულ ნაბიჯებიანი ხდება. დროს უფრთხილდება და დროს მართავს, თაიმ მენეჯმენტის ექსპერტია, უფრო მეტი ფერი ჩნდება, თითქმის აღარ არის სივრცე, რომელსაც ორ ფერში ხედავ, მრავალპოლუსიანი ხდება და რწმუნდები, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვმეგობრობთ და ერთმანეთს ისეთებს ვიღებთ როგორებიც ვართ ამ კონრეტულ მომენტში. თუმცა, ორივემ კარგად ვიცით, რომ მეორე წუთს ყველაფერი შესაძლოა შეიცვალოს, ჩვენ შევიცვალოთ. სურვილების დღის წესრიგი პოზიტიური ხდება. თუ აქამდე ძირითადად ვიცოდი რა არ მინდოდა, რას არ გავაკეთებდი, ახლა წინა პლანზე წამოიწია რა მინდა, რას გავაკეთებ, რა მჭირდება - ეს პოზიტიური ფრაზები მართავს დღის წესრიგს, ღერძია, შედეგად ვიღებ იმას რაც მინდა, რაც მჭირდება, უკმაყოფილება მცირდება, გაღიზიანება მცირდება და წყვეტ წამს, აწმყოს ეწევი, არ გეკარგება, თითქოს მოსავალს იღებ.


❓ როგორ ფიქრობ, რას მიაგენი?


ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეს. სიბნელე რომ არ არსებობს თავისთავად, არამედ სიბნელე სინათლის დეფიციტის შედეგი რომაა. დროებითობას, ნათელი გონების ძალას, სულიერი ჰარმონიის მაგიას, ბედნიერებას ერთი კი არა ბევრი ფორმულა რომ აქვს, სხვადასხვა ზომის, ფორმულები რომ ცვალებადია და მუდმივად განახლება უნდა. ფაქტებს ვერ ვცვლით, მაგრამ რაკურსის შეცვლა შეგვიძლია თან მუდმივად ;) სხვას მხოლოდ მაშინ აბედნიერებ, როცა შენ ხარ ბედნიერი.


❓ რა იყო შენი ბავშვობის ოცნება? აგიხდა ოცნებები?


ნატვრის თვალი მინდოდა მქონოდა და ჯადოქრობა. რისთვისაც მინდოდა, იმ ოცნებების ნაწილი ამიხდა. თუმცა, წინ ჯერ კიდევ ბევრია.


❓ ბედნიერება რაში იპოვე? (თუ იპოვე)


შენშია ბედნიერება, მისი განცდა და აღქმა და რადგან შენშია, მისი პოვნაც ბევრ რამეში შეგიძლია, თუ გინდა რომ იპოვნო და თუ იცი რა გიყვარს. შენც იცვლები და ისიც, რაშიც ბედნიერებას პოულობ. ფორმულა სულ ცვალებადია, ყველა ეტაპზე. მთავარია, კარგად დააკვირდე და ბედნიერების განცდა ხვალისთვის არ გადადო. ხშირად გაიღიმე და ხშირად უყურე ცას, იცეკვე, იმღერე, ირბინე, დახატე და შოკოლადიც არ დაგავიწყდეს.


❓ რას ეტყოდი ადამიანებს?


შენ ხარ ერთადერთი და განუმეორებელი. შენ ყველაფერი შეგიძლია. გიყვარდეს, უფლება მიეცი უყვარდე და ბედნიერი იყავი.


❓ რის დეფიციტს განიცდი ადამიანებში?


ადამიანებს სიყვარული, ნათელი გონება (ემოციებისგან და მიკერძოებისგან თავისუფალი) საკუთარი სურვილების ცოდნა და თავდაჯერება აკლიათ ყველაზე მეტად (ჩემი შეფასებით). მიხვედრილობის, სხვის ტყავში საკუთარი თავის წარმოდგენის უნარის თუ სურვილის დეფიციტიცაა, სხვა ადამიანების მოსმენის, გაგების, თანაგრძნობის ნაკლებობა.


❓ რას ისურვებდი რომ გქონოდა?


მინდა სულ მქონდეს: ნათელი გონება და სიყვარულით სავსე გული. უნარი იმის გარკვევის რას შევცლი და მქონდეს ძალა რომ შევცვალო და რასაც ვერ შევცლი, მქოდეს ძალა, რომ შევეგუო. მინდა მქონდეს ბედნიერების აღქმის უნარი, მინდა მქონდეს ხალისი, მინდა სულ მქონდეს სხვების გახარების სურვილი, მინდა სულ მქონდეს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის უნარიც და სურვილიც.


❓ რაზე გტკივა გული?


ნოდარი თუ გამებუტება და არ მაკოცებს. ნოდარი ჩემი დის შვილია - 4 წლის.


❓ რისი გეშინია ყველაზე მეტად?


შიშის და ადამიანობის დაკარგვის.


❓ რისი გჯერა სინამდვილეში?


სიყვარულის, ნათელი გონების და მე მჯერა ადამიანების.


❓ რა არის ამქვეყნად მარადიული?


სიცოცხლე.


❓ რაზე ფიქრობ ხოლმე ბევრს?


დროზე.


❓ ყველაზე ხშირად რას ეკონტაქტები?


რას? მზეს, ქარს, სიტყვებს, კლავიშებს და ფერებს. ხო შოკოლადსაც.


❓ დაასრულე ფრაზა: მერე რა რომ...


ზამთარია, ჩვენ ერთად ვართ მთავარია.


❓ დაასრულე ფრაზა: ერთ მშვენიერ დღეს


ერთ მშვენიერ დღეს მე გადმოვხტები პარაშუტით.


❓ მელაპარაკე სიყვარულზე....


სიყვარული ... ვერტიკალურია, ჰორიზონტალურია, მრგვალია, ბრტყელია, სამკუთხედია, ოთხკუთხედია, ყველანაირია და ბრუნავს, მართლა ბრუნავს, შემოგივლის გარშემო, დაგათვალიერებს, შეგისწავლის, და შენც შემოგატრიალებს, თავდაყირა დაგაყენებს, ყველა ნათურას აანთებს შენში: იმათაც, რომელიც გადამწვარი გგონია და იმათაც, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც კი არ გაქვს. ისეთ სხივებს აღმოგაჩენინებს საკუთარ თავში, საკუთარი თავის ისეთ კარგ ვერსიას დაგანახებს, ვისაც არც კი იცობდი ან ვისი არსებობაც უბრალოდ აღარ გახსოვდა. იმდენ ოთახს გააჩახჩახებს შენში, ვიღაცეებს თვალსაც კი მოჭრი, ისე იზრდები, ფუვდები, რომ კანი გეპატარავება, ხო წონაში გაკლებინებს, უფრო სწორად უწონო ხდები და გალამაზებს. შენი საუკეთესო ვერსია ხდები. მზე ხდები კაშკაშა.


❓ რისთვის ხარჯავ შენს ენერგიას?


უფრო მეტი ენერგია რომ მქონდეს.


❓ რა ყოფილა ცხოვრებაში მთავარი?


ადამიანების და მოგონებების შეგროვება, საკუთარი ყველა ფერის მოძებნა და გამოფენა, სიყვარულის გაზიარება.


❓ რას ეტყოდი პატარა სოფის?


მიდი და აიღე რაც გინდა. უბრალოდ იყავი ბედნიერი.


❓ რა იყო ყველაზე რთული შენს ცხოვრებაში?


სიკვდილი და მასთან უსუსურობის განცდა.


❓ როდისმე ხდება ცხოვრება მარტივი?


როცა ვიძინებთ.


❓ რაშია ძალა?


სულიერ წონასწორობაში, ნათელ გონებაში და სიყვარულში.


❓ მითხარი შენი საყვარელი ფრაზა...


✨ არასოდეს თქვა არასოდეს

✨ მიყვარხარ

✨ ყველაფერი იქნება უკეთესად.


ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი


ინტერვიუ: სოფო ოხანაშვილი / ჟურნალისტი


87 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page